აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დეპორტაციის საქმე ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო, გარკვეული წინაპირობები იქნა დაყენებული ალიევის ვიზიტის განსახორციელებლად, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, საქართველო დღეს რეგიონში ყველაზე სუსტი რგოლია და, შესაბამისად, გარკვეული პირობების მიღება და სხვების ინტერესების გათვალისწინება უწევს.
„სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში პირველად ხდება ის, რომ გარკვეული წინაპირობები იქნა დაყენებული ალიევის ვიზიტის განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მაქვს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დეპორტაციის საქმე ჩვეულებრივი დამთხვევა არ იყო დროში და ეს საყურადღებო არის იმ კონტექსტში, რომ ამ ძალიან პატარა ეპიზოდშიც კი ჩანს, თუ როგორ გაანადგურა ივანიშვილმა სახელმწიფო, როგორც ცნება იმიტომ, რომ შენ როდესაც გიწევს საერთაშორისო კონვენციებით აღებული ვალდებულების დარღვევა იმისთვის, რომ გჭირდება თანამშრომლობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან და ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები იყო, თუ რამდენად მყარი იყო ეს ურთიერთობები.
ეს აჩვენებს ერთადერთ რამეს, რომ შენ დღეს იმდენად დასუსტებულ მდგომარეობაში ხარ, როგორც სახელმწიფო, შენ უკვე აღარ შეგწევს ძალა, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვა იმის გამო, რომ ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუციები იმიტომ, რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოექეცი.
რეგიონს რომ შევხედოთ, დღეს საქართველო არის ყველაზე სუსტი რგოლი და, შესაბამისად, უწევს პირობების მიღება ყველასგან იმიტომ, რომ როდესაც ხარ მიგდებული, დაობლებული და პატრონი აღარ დაგრჩა ივანიშვილის მიერ წარმოებული პოლიტიკის შედეგად, ცხადია, რომ შენ სხვების ინტერესების გათვალისწინება მოგიწევს და შენი ინტერესები მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მეორე რიგში“, - განაცხადა სამადაშვილმა.