ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ამ ფონზე კობახიძის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იქნება , თანამდებობა დატოვოს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის შეხვედრა შეაფასა და როგორც აღნიშნა, ივანიშვილმა აჩვენა, რომ „კონსტიტუციურ წესრიგს პატივს არ სცემს“.
„თვალნათლივ გამოჩნდა, რომ ვიზიტის ფარგლებში მთავარი შეხვედრა იყო ის შეხვედრა, რომელიც „ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან გაიმართა. ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ, რომ ივანიშვილმა ზოგადად, სახელმწიფო მართვის სისტემა დააკნინა. მან ამ შეხვედრით და იქ განვითარებული მოვლენებით, რაც კადრებში ვნახეთ, ფაქტობრივად, კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოაწყო. ეს იყო იმის ნათელი მაგალითი, როგორ არ სცემს პატივს კონსტიტუციურ წესრიგს. მაშინ,როდესაც „ოცნება“ სუვერენიტეტის დაცვის ტყუილი მოტივით ახდენს იმ ადამიანების კრიმინალებად გამოცხადებას, რომლებსაც კრიტიკული აზრი აქვთ, ასევე, არ აღიარებენ კობახიძის მთავრობას და იჭერენ მათ, ვხედავთ იმ კადრებს, რაც ამ ვიზიტის ფარგლებში ვნახეთ. ვხედავთ იმას, რომ ივანიშვილი ხან საკუთარი თანაშემწის ფუნქციას აკისრებს კობახიძეს, ხან არაბული კომპანიის სარეკლამო მენეჯერად აქცევს მას. ჩემი აზრით, ამ ფონზე ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება კობახიძის მხრიდან, თუ ის ოდნავ მაინც სცემს პატივს თავის დაწერილ კონსტიტუციას, არის ის, რომ მან საკუთარი თანამდებობა დატოვოს და გადადგეს. თუ ის პატივს სცემს თავისი დაწერილ კონსტიტუციას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში დადებითად შეფასდება“, - განაცხადა ხვედელიანმა.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე უმოქმედოა და ბიძინა ივანიშვილმა მას მხოლოდ თანაშემწის ფუნქცია მიანიჭა.
„ვხედავთ, რა უფლებებიც მიანიჭა ივანიშვილმა კობახიძეს - მისი თანაშემწის უფლებების. შესაბამისად, ის, რაც ჩვენ ქვეყანაში ხორციელდება, არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის „კლანური“ გადანაწილება, „კლანური“ ბრძოლები იმიტომ, რომ იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ ამ ბოლო თვეების განმავლობაში, არაფერი საერთო არ აქვს კორუფციასთან ბრძოლასთან. ღარიბაშვილი-ლილუაშვილის „კლანის“ ჩანაცვლება ხდება კობახიძე-კალაძის „კლანით“, მიმდინარე მოვლენები ამ ყველაფერს ადასტურებს“, - განაცხადა ხვედელიანმა.
ამასთან, მან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის საქმეზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რასაც გვიან ღამით გამართული სასამართლო პროცესიც ადასტურებს.
„ვხედავთ არა უცხოელების, არამედ ქართველების მიმართ რა დონის რეპრესიებს და შერჩევით პოლიტიკას ახორციელებს შსს და „ოცნება“. მაშინ, როდესაც ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს ციხეში უშვებენ და სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებენ ამ ადამიანების წინააღმდეგ, რა გასაკვირია, რომ უცხოელების მიმართა ასეთი ქმედებები განხორციელდეს. აქ მთავარი და პრეცედენტული არის ის ღამის სასამართლო პროცესი, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით გაიმართა. მინდა გავიხსენო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დრო და სწორედ ასეთი მეთოდებით ადამიანებთან ბრძოლა, როდესაც სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა ღამე, ნაჩქარევად იმისთვის, რომ დამატებითი რეპრესიები განეხორციელებინათ და შეეზღუდათ ადამიანებისთვის თავისუფლება. ამაშიც უკვე მსგავსება „ნაციონალურ მოძრაობასა და ამ რეჟიმს შორის აშკარაა. ვნახეთ ღამე გახსნილი სასამართლო დარბაზი, რომელშიც განხორციელდა პოლიტიკური მოტივით არსებული მართლმსაჯულება, შემდეგ კი სასწრაფოდ გაამგზავრეს ეს ადამიანი აზერბაიჯანში. ამ ქვეყანაში გასაკვირი არაფერია, იმდენად ქაოსში და განუკითხაობის გარემოში გვიწევს ცხოვრება. კრიმინალად ასაღებენ იმ ადამიანებს, რომლებიც განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს გამოხატავენ „ოცნების“ მიმართ ან არ აღიარებენ კობახიძის მთავრობას“, - განაცხადა ხვედელიანმა.