თუ კობახიძე თავის დაწერილ კონსტიტუციას მაინც სცემს პატივს, ვურჩევთ გადადგეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ჭანტურიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში, რადგან „გუშინ ივანიშვილმა კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოახდინა“.
„გუშინ, ივანიშვილმა სახელმწიფო მართვის სისტემა სრულად დააკნინა და კობახიძის მთავრობის დელეგიტიმაცია მოახდინა. იმ ფონზე, როდესაც “ოცნება” სუვერენიტეტის თითქოსდა დაცვის ყალბი მოტივით, საკანონმდებლო დონეზე კრიმინალად აცხადებს კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიერ “ოცნების” ხელისუფლების ვერბალურად თუ სხვა ნებისმიერი ფორმით “არაღიარებას” და ამისთვის ადამიანებს იჭერს, ივანიშვილი პრემიერ კობახიძეს ხან გაყიდვების მენეჯერის ფუნქციას უთავსებს არაბულ საინვესტიციო პროექტში, ხან ისეთ დამამცირებელ როლში ამყოფებს, რაც გუშინ ვიხილეთ.
ეს იყო კონსტიტუციური წესრიგის მოშლის ყველაზე თვალსაჩინო დადასტურება, როდესაც პრემიერი ქვეყნის არაფორმალური მმართველის თანაშემწის როლით იყო წარმოდგენილი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრაზე. თუ კობახიძე თავის დაწერილ კონსტიტუციას მაინც სცემს პატივს, ვურჩევთ, გადადგეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან! ეს იქნება ერთადერთი სწორი და მისასალმებელი გადაწყვეტილება მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში“, - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ირაკლი კობახიძესთან და მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრის შემდეგ, “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. ალიევი ივანიშვილს თბილისის ბიზნესცენტრში შეხვდა. გავრცელებული ვიდეო-ჩანაწერიდან ჩანს, რომ ალიევის ბიზნესცენტრში სტუმრობისას იმყოფებოდა პრემიერი ირაკლი კობახიძე. ამასთან, ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარიძე წარუდგინა.