ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ხარების დიდებულ დღესასწაულს. მივეჩვიე, რომ ვამბობდი ხოლმე, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ. გილოცავთ ხარებას,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სიონის ტაძარში ხარების დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე შიოს თქმით, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული არის გზა სულის გადარჩენისა.
„როგორ არის ნათქვამი ამ დღესასწაულის ტროპარში: „დღეს ცხორებისა ჩვენისა თავი არს და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოსა გამოცხადება, ძე ღვთისა ძედ ქალწულის იწოდების“.
ყველაფერს, რაც სამყაროში ხდება, ესმით ეს ადამიანებს თუ არ ესმით, საბოლოო მიზნად აქვს, საღვთო სიყვარულის ძალით ღმერთთან შეერთება. ეს არის ადამიანის ცხოვრების აზრი, ამ ღვთის სიყვარულის ძალით მადლმოსილება. შეგახსენებთ, წმინდა მამები ერთხმად ამბობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრების მთავარი მიზანი არის სულიწმინდის მოხვეჭა, ამის შედეგად ადამიანი მადლით ხდება ღმერთი და აღწევს განღმრთობას. სწორედ ამისთვის მოხდა ძე ღმერთის განკაცება, ეს იყო მისი მიზანი.
მაგრამ ისმის კითხვა: იმჟამად, იმ საუკუნეებში ნუთუ შესაძლებელი იყო ასეთი მადლმოსილება, სრული მადლმოსილება ადამიანისა?
ათასობით წლის განმავლობაში კაცობრიობა ცხოვრობდა ცოდვებში, უწმინდურობაში, წარმართობაში. მართალია, იყვნენ გამორჩეული ადამიანები, მათ შორის, წინასწარმეტყველები, რომლებიც წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლის შესახებ, ელოდნენ იმ დედაკაცის გამოჩენას, როგორც ნათქვამია ბიბლიაში, რომლის თესლიც დათრგუნავდა გველის თავს, ე. ი. ეშმაკს (დაბ. 3, 15), მაგრამ, ის არ ჩანდა და კაცობრიობა განაგრძობდა ცხოვრებას ბოროტების და ცოდვის ტყვეობაში.
და აი, დადგა დრო, როდესაც ღმერთმა ზეციდან მოავლინა ანგელოზი, რომელმაც აუწყა კაცობრიობას ძე ღმერთის დედამიწაზე მოვლინების და ქალწულისგან შობის შესახებ. იმ ქალწულისგან, რომელმაც თვით ღმერთს უნდა მისცეს ადამიანის სხეული. ე. ი. ამიერიდან შესაძლებელი გახდა ეს სრული მადლმოსილება, რაც პირველად განხორციელდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პიროვნებაში სწორედ ხარების დროს.
ამიტომაც ეს დღესასწაული აღინიშნება, როგორც ჩვენი გამოხსნის დასაბამი, როგორც ტროპარშია ნათქვამი, – დასაწყისი ჩვენი გამოხსნისა, რომელიც შესაძლოა არც მომხდარიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს თავისუფალი ნებით რომ არ მიეღო ეს ხარება და თანხმობა არ განეცხადებინა. ასეთ მადლმოსილ ადამიანს, რომელიც სულიწმინდის ჭურჭელი გახდა, შეუძლებელია არ სცოდნოდა, რა მძიმე წლები და დღეები ელოდა მას მომავალში, თუნდაც მისი საღვთო ძის ჯვარცმისა და საშინელი სიკვდილის სახით. შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა.
ასევე, ყოველგვარ ადამიანურ გონებას აღემატება მამაკაცის გარეშე ჩასახვისა და შობის საიდუმლო, რომელიც მას ეუწყა. ღვთისმშობელს რომ ოდნავ მაინც გაევლო გულში ეს ფიქრები და დაბრკოლებულიყო, ხარება არ მოხდებოდა, არ შედგებოდა. ის კი როგორი ღვთისადმი მინდობით და სიმდაბლით მიუგებს მთავარანგელოზს: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა“ (ლკ. 1, 38). აი, ეს არის მისი საოცარი სულიერება და სიმდაბლე – უპირველესი თვისება. მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება გაიხსნას ადამიანის სული სულიწმინდის მადლის მიღებისთვის. ამ სიმდაბლემ გაუხსნა გული ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს სულიწმინდის მისაღებად და ამ სიმდაბლის წყალობით ღირსი გახდა კაცობრიობა საოცარი ხარების.
ამიტომაც წმინდა ეკლესია გვეუბნება, რომ დღეს ღვთისმშობლის გამო ხარობს ყოველი ქმნილება. როგორ არის ნათქვამი ჩვენს საეკლესიო ლოცვებში: „ანგელოზთა კრებული და კაცთა ნათესავი" დღეს ხარობს. და კიდევ რატომ ვხარობთ, ძვირფასო ძმებო და დებო? – არა მხოლოდ ღვთისმშობლის გული შეიძლება გაიხსნას სიმდაბლის ძალით სულიწმინდის მადლისთვის, არამედ ყოველი ჩვენგანის გულიც შეიძლება გაიხსნას. ეს მოიტანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ, ეს მოიტანა ამ ხარებამ, მხოლოდ ამ სიმდაბლეში შეიძლება იშვას ნამდვილი ღვთის სიყვარული. ამ სიყვარულში კი იღებს დასაბამს ნამდვილი სწრაფვა სიკეთისკენ, ჭეშმარიტებისკენ, მშვენიერებისკენ.
ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღეს განსაკუთრებული მოწიწებით, სიყვარულით ვუმზერთ ჩვენი მოდგმის დიდებას და სიქადულს – ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. მუდამ ვადიდოთ იგი, ვმადლობდეთ მას და ვევედროთ, იყოს ჩვენი მეოხი და შუამდგომელი; მოგვმადლოს ისეთივე სიმდაბლე, რწმენა, მინდობა უფალზე და სიყვარული, რაც არის მხოლოდ და მხოლოდ გზა ჩვენი სულის გადარჩენისა.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების დიდებულ დღესასწაულს!
ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ!
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს აწ განსვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით ღმერთმა გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო. ამინ!
მრავალი სიხარული მოგმადლოთ უფალმა თქვენ და სრულიად საქართველოს!
ჩვენთან არს ღმერთი!“ - განაცხადა მეუფე შიომ.