გრიგოლ გეგელია - ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს ამერიკული და არა რუსულ-ჩინური ბუნდოვანი კაპიტალით, ალიევთან ივანიშვილის შეხვედრაზე კი გამოჩნდა, რომ სახელმწიფო ატროფირებულია და ბიძინას ბინასა და მინისტრთა კაბინეტს შორის განსხვავება არ არსებობს

გამოჩნდა, რომ საქართველოს არა ჰყავს პრემიერი-მინისტრი, პრეზიდენტი - საქართველოს ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პაჟები სხვადასხვა ვიზუალითა და სახელებით და როცა საქმე რაიმე მნიშვნელოვან საკითხზე მიდგება, ვხედავთ თუ ვინ არის რეალური ბოსი - გადამწყვეტ მომენტში ყველა ბოსთან მიდის და აზრს მას ეკითხებიან, - ამის შესახებ პარტია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გეგელიამ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განმარტა, ახლა როდესაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური მოცემულობების დალაგება მიდის და ახალი ენერგეტიკული ხაზების ბედი წყდება, აღნიშნულ საკითხებზე სასაუბროდ ბიძინა ივანიშვილთან მიდიან, რადგან იციან, რომ საქართველოში ყველა მთავარი პროცესის რეალური ხელმძღვანელი ივანიშვილია.

გეგელიას თქმით, მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლები თამაშობენ, რომ ვითომ მმართველები არიან, მაგრამ დგება მომენტი, როცა თამაში აღარ გამოსდით, რადგან ვითარება რეალური ხელმძღვანელის გამოჩენას ითხოვს.

“არც პრეზიდენტი არსებობს, არც მინისტრთა კაბინეტი არსებობს - ივანიშვილის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, “რაც გინდა, ის უწოდე“ ხალხია. ასე ივანიშვილმა იმ პრემიერს უწოდა, რომელიც ახლა ციხეში ზის. მერე ამას [ირაკლი კობახიძეს] მიუსვამს ციხეში და ახალი პაჟი ეყოლება. ივანიშვილი ამ ადამიანებს ნივთად უყურებს. კობახიძეც არის ნივთი. დღეს გავლენიანი ნივთია, ხვალ - აღარ იქნება. ირაკლი ღარიბაშვილიც ძალიან გავლენიანი იყო და დღეს სად არის ის?! გავლენიანი გრიგოლ ლილუაშვილი იყო თუ იყო, მაგრამ სად არის დღეს ის?! რატომ თვლის კობახიძე, რომ რაიმეში გამონაკლისია? - ლილუაშვილზე უფრო ჭკვიანია? ღარიბაშვილზე უფრო შავბნელი აზრები აქვს? - ყველანი თანაბარი პაიკები არიან!

სადმე გაგიგიათ, რომ მინისტრები კერძო პირის სახლში ჩამომწკრივდნენ და მათ სხვა ქვეყნის სახელმწიფო მეთაურს კერძო პირი აცნობდა - აბსოლუტურად ფანტასტიკაში ვართ! ეს არის ანომალია, სახელმწიფო ატროფირებულია და ბიძინას ბინასა და მინისტრთა კაბინეტს შორის განსხვავება არ არსებობს. თამაშობენ სცენარს, რომ ვითომ მმართველები არიან, მაგრამ არის მომენტები, როცა თამაში აღარ გამოსდით, რადგან ვითარება ითხოვს, რომ რეალური ხელმძღვანელი გამოჩნდეს და ჩნდება ხოლმე“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

გეგელიას აზრით, ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტი პირდაპირ კავშირშია რეგიონში მიმდინარე პროცესებთან - კონკრეტულად კი, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოპოლიტიკის საკითხებთან.

“ვითარება მკაფიოა - ერთის მხრივ, ეს არის ტრამპის უშუალო ჩართულობით შექმნილი ახალი დერეფანი, რომელიც ტრამპის სახელს ატარებს. ჩვენ გუშინ ამასთან დაკავშირებით ინიციატივა წარმოვთქვით. დასავლეთით ამ გზის ლოგიკური გაგრძელება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი უნდა იყოს. ვთქვით, რომ მას ასევე ტრამპის სახელი ეწოდოს. ვიღაცებს აქცენტი ამაზე ჰქონდათ. ადამიანები ვეღარ ხედავენ იმას, რომ უკვე არის გზა და თუ საკუთარ წვენში ხარშვას გასცდებიან, დაინახავენ, რომ ამ გზამ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისა და ტრანზიტის მთელი დინამიკა გადაწერა. თუ ანაკლიის პორტი აშენდება, ის თავისთავად ამ გზის ფუნქციური ტოლფარდი ერთეული იქნება - ამ ჯაჭვის ნაწილი იქნება. არ ვიცი, რა ნახეს გასაოცარი იმაში, რომ ამასაც იგივე სახელი ერქვას. ტრამპის სახელობის გზა უკვე არსებობს და ანაკლიის პორტის ამ გზის და ამ ჯაჭვის ლოგიკური გაგრძელება უნდა იყოს“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე საუბრისას გეგელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ “ლელოსთვის“ პრიორიტეტია არა ის, რომ ანაკლიის პორტი მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ააშენოს, არამედ ის, რომ პორტი აშენდეს, რადგან ის საქართველოს სჭირდება.

“ასევე უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია სწორი, გამჭვირვალე კონტრაქტით აშენდეს და არა არაბულ-ყალთაბანდური პროექტივით, არა დასანქცირებული კორუმპირებული ჩინური კომპანიების და არა რუსულ-ჩინური ბუნდოვანი კაპიტალის გამტარი კომპანიების მიერ, რაც “ქოცებს“ უყვარს.

ანაკლია უნდა აშენდეს ამერიკული კაპიტალით, ევრო-ატლანტიკური გამჭვირვალე ხარისხიანი ფინანსური ინსტიტუტების მიერ და ჩვენ ვიქნებით ძალიან ბედნიერი - ჩვენთვის მთავარია, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს და საქართველომ შანსი არ დაკარგოს. ასეთი შანსი საუკუნეში ერთხელ არის“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს