ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია - განსაკუთრებით თუ ის სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას იწვევს. თუმცა, ეს წამიერი შვება ვერ დაგვავიწყებს ქაოსს, ნგრევას და დაკარგული სიცოცხლეების რაოდენობას, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„ესპანეთის მთავრობა ტაშს ვერ დაუკრავს მათ, ვინც მსოფლიოს ცეცხლი წაუკიდა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლა სათლით ხელში გამოჩნდნენ. ახლა საჭიროა დიპლომატია, საერთაშორისო კანონიერება და მშვიდობა“, - წერს სანჩესი.
შეგახსენებთ, აშშ-მა და ირანმა ცეცხლის ორი კვირის განმავლობაში შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შეჰბაზ შარიფმა, რომელიც მოლაპარაკებებს შუამავლობს, განაცხადა, რომ ირანისა და აშშ-ს დელეგაციები მოლაპარაკებებისთვის პარასკევს ისლამაბადში მიიწვია.