რაც დრო გადის და ანაკლიის პორტი არ მუშაობს, ჩვენ ვკარგავთ გავლენებს, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანაკლიის პორტის თემაზე საუბრისას განაცხადა.
თუმცა, დავითაიას თქმით, ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვა პორტის საკითხის მოგვარებით ვერ მოხდება.
„ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო, დღეს ჩვენ გეოპოლიტიკურად უფრო სხვა ძალები გვექნებოდა. რატომ შეჩერდა ამერიკული პროექტი და სად არიან ჩინელები? ერთი დოლარი არ ჩაუდიათ და საქართველოს მხარე ხარჯავს მარტო ფულს. ახლა რომ ვლაპარაკობთ, რომ ვიღაც მოვიდა და გადახედა, მე არ ვიცი, რას გადახედეს, საერთოდ რაზეა ლაპარაკი. ჩვენ არ გვქონია გაცხადება, რომ კონსორციუმი ან რომელიმე დიდი ამერიკული კომპანია ან ევროპული კომპანია ჩაანაცვლებს იმ საკითხებს, რომელიც ახლა იქ არის. ჩინელებზე კი არ ვსაუბრობ, ვსაუბრობ ფულის ხარჯვაზე, მე მინდა, რომ პორტი მუშაობდეს, მოქმედებაში იყოს. რაც დრო გადის და პორტი არ მუშაობს, ჩვენ ვკარგავთ გავლენებს.
[ამერიკასთან ურთიერთობის] პორტით გადატვირთვა არ მოხდება, ამაში ვარ დარწმუნებული. რატომ გაჩერდა სტრატეგიული ურთიერთობა? პორტის გაჩერება იყო ერთ-ერთი ნაწილი, მაგრამ მთავარი მომენტი დემოკრატიის განვითარება, საარჩევნო სისტემა, სასამართლო სისტემა იყო. ეს ერთბაშად თუ არ დალაგდა, ასე ამოღებულად პორტის თემა არ დაალაგებს“, - განაცხადა დავითაიამ.
კითხვაზე, ილჰამ ალიევის ვიზიტი ანაკლიის პორტის საკითხს ხომ არ უკავშირდება და ხომ არ არის დაინტერესებული აზერბაიჯანი, რომ პორტის მშენებლობაში ინვესტიცია ჩადოს, დავითაიამ უპასუხა, რომ შესაძლოა ინტერესი ჰქონდეს, თუმცა, მისივე თქმით, თუ საზღვაო და ენერგეტიკის მთელი ინფრასტრუქტურა ამ ერთ ქვეყანას ექნება საქართველოში, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი იქნება.
„აზერბაიჯანს მხოლოდ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში აწყობს ანაკლიის პორტი. „ბიპი“ გადის, ბაქო-ჯეიჰანი გადაიბარა „სოკარმა“, ბაქო-სუფსას იბარებს „სოკარი“ - საქართველოს კუთვნილება რჩება, მაგრამ იბარებს აზერბაიჯანი. პორტები და ტერმინალები არის, გადინება ხდება და რა თქმა უნდა, თუ ანაკლიის პორტი იქნება, აზერბაიჯანს აწყობს ინვესტირება მასში, მაგრამ საზღვაო და ენერგეტიკის მთელი ინფრასტრუქტურა თუ ერთ ქვეყანას ექნება, რაოდენ მაგარი მეზობელი და მაგარი ძმაც არ უნდა იყოს ჩვენი, ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება. შესაძლოა, ორი ქვეყნის ინტერესთა თანხვედრა მოხდეს, მაგრამ ამ ინტერესთა თანხვედრას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, ეს მნიშვნელოვანია. ეს იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისა და ილჰამ ალიევის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი.
მეორე საკითხი იქნებოდა ირანის თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს სამშვიდობო თემა გამოცხადდა, მაგრამ უკვე თეირანი იბომბება. ესე იგი, ეს შეთანხმება ჩაიშალა, ამიტომ რეგიონი შესაძლოა საფრთხეების ქვეშ აღმოჩნდეს. ამ კონტექსტში ალიევის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი იყო, შეხვედრაც სწორია, სხვანაირად არ გამოვა. რატომ შეხვდა ივანიშვილსო - დე-ფაქტო ხელისუფლება მას აქვს და ალიევი არ არის ის ტიპი, რომ სხვა ვიღაცებს ელაპარაკოს. რეალური მმართველი შეხვდა რეალურ მმართველს, ის არ დაელაპარაკებოდა სხვას. ალიევი რეგიონში ყველაზე ძლიერი მოთამაშეა, ის აქ დროის სატარებლად არ ჩამოვიდოდა“, - განაცხადა დავითაიამ.