2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა - რა პოზიციაში არიან აშშ-ირანი და არის თუ არა ვაშინგტონისთვის ეს “სტრატეგიული მარცხი”
რა აბრკოლებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენას - “მზად ვართ გავიაროთ ყველა საკითხი, რაც ხელს უშლის”
ევროპა ჰორმუზის “გამხსნელ” კოალიციას ქმნის - “საფრანგეთის ლიდერობით” 15 ქვეყანაა მობილიზებული"
* * *
2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა - რა პოზიციაში არიან აშშ-ირანი და არის თუ არა ვაშინგტონისთვის ეს “სტრატეგიული მარცხი”
“თეთრი სახლი ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას აშშ-ს გამარჯვებად აფასებს, მაგრამ, ისრაელში ოპოზიციურ ძალებს და ანალიტიკოსთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეს არის “დიპლომატიური კატასტროფა და სტრატეგიული მარცხი”. თუმცა, იმაზეც საუბრობენ, რომ სიტუაციის ესკალაცია მსოფლიოს კარგს არაფერს მოუტანდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ულტიმატუმის ვადის ამოწურვისას, პაკისტანმა მეომარ მხარეებს 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ტრამპი კი წინადადებას ჰორმუზის სრუტის განხსნის პირობით დათანხმდა. მისი თქმით, ეს იქნება “ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა”, ამასთან დაადასტურა, რომ ირანისგან 10-პუნქტიანი გეგმა მიიღო და რომ ეს შეიძლება იყოს “მოლაპარაკებების დაწყების საფუძველი”. თავის მხრივ გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის გახსნას, ირანის აღსადგენად ხარჯების ანაზღაურებას, რეგიონში ყველა კონფლიქტის დასრულებას. ასევე, ირანი ბირთვული იარაღის ფლობას არ ეცდება.”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა - რა პოზიციაში არიან აშშ-ირანი და არის თუ არა ვაშინგტონისთვის ეს “სტრატეგიული მარცხი”.
“პუნქტები შემდეგია: ომის სრული შეწყვეტა ერაყში, ლიბანსა და იემენში; ირანის წინააღმდეგ ომის სრული და მუდმივი შეწყვეტა, ყოველგვარი დროის შეზღუდვის გარეშე; რეგიონში ყველა კონფლიქტის სრულად დასრულება; ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნა; ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად პროტოკოლისა და პირობების დადგენა; ირანისთვის რეკონსტრუქციის ხარჯების სრულად ანაზღაურება; ირანის წინააღმდეგ სანქციების მოხსნის სრული ვალდებულება; შეერთებული შტატების მიერ დაკავებული ირანის სახსრებისა და გაყინული აქტივების გათავისუფლება; ირანი სრულად იღებს ვალდებულებას, რომ არ შეეცდება ბირთვული იარაღის ფლობას; საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა კარგი გამოსავალი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ესკალაცია გარდაუვალი იქნებოდა. ევროპული ვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი კი ამბობს აცხადებს, რომ ტრამპმა თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენა და გამოსავალი ორკვირიანი ზავია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერჯერობით, ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, ისიც პაკისტანის მედიაციით, რაც რა თქმა უნდა, კარგი შედეგი იყო. ვპროგნოზირებდი, რომ ტრამპი დიდი ალბათობით ირანს მწვავედ არ შეუტევდა, მათ რამოდენიმე ქარხანას დაარტყეს და მწყობრიდან გამოიყვანეს. მხარეები უკვე გამოფიტვაზე არიან და ორივე მხარეს ტაიმ-აუტის აღება სურს. ალბათ ორი კვირის განმავლობაში სიწყნარე იქნება, ეს ცეცხლის შეწყვეტის ზავია და ეს არაა სამშვიდობო ხელშეკრულება, მაგრამ ამის მერე სიტუაცია როგორ განვითარდემა, მთავარი ეგაა. შესაძლოა ამის შემდეგ რეალური მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. მე ამ ცეცხლის შეწყვეტას დიპლომატიურ კატასტროფას ნამდვილად ვერ მივაწერდი, მემგონი მსოფლიო უფრო საშინელ კატასტროფას გადაურჩა. ეს შეთანხმება ბევრად სჯობდა, ვიდრე ესკალაციისკენ წასვლა. ამერიკამ და ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამის შეფერხება შეძლეს, ასევე, რეჟიმის შეცვლა მოახერხეს, მართალია უფრო რადიკალები მოვიდნენ, მაგრამ ძველი პოლიტიკური გავლენის ძალები ნაკლებად არიან. მეორეს მხრივ ირანი დათანხმდა, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნას. ჯერჯერობით ნორმალური სიტუაციაა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“ამ დროის ამოწურვის შემდეგ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, მხარეები სულს როგორ მოითქვამენ და ამ პერიოდში მოლაპარაკებები როგორ დასრულდება. როგორც ჩანს, ამ დროის განმავლობაში მხარეები შეეცდებიან ერთმანეთში მოლაპარაკებების როცესი დაიწყონ. მთავარი ამოსავალი წერტილი ის იქნება, თუ ეს პროცესი როგორ ჩაივლის. არ ვიცი ირანი რამდენად საბოლოოდ იტყვის ბირთვულ პროგრამაზე უარს, ამაზე პასუხისგაცემა რთულია, ესეც მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული და ამ ცეცხლის შეწყვეტას თუ მოჰყვება სამშვიდობო ხელშეკრულება და პირობებს ერთმანეთთან როგორ შეაჯერებენ”, - დაასკვნის მაისაია.
“აშშ-მა და განსაკუთრებით დონალდ ტრამპმა თავი გამოუვალ მდგომარეობაში ჩაიყენა, ის ყველა გზას ეძებდა, რომ ამ სიტუაციიდან გამოსულიყო. დასახული მიზნები ნაწილობრივაა შესრულებული, მაგრამ უფრო ის მიზნებია შესრულებული, რომელიც ისრაელს უფრო აინტერესებდა და არა აშშ-ს - ამერიკას რეჟიმის შეცვლა უნდოდა, ისრაელს კი ირანის დასუსტება, რადგან მათ ილუზია არ ჰქონდა, რომ რეჟიმი შეიძლება ფუნდამენტურად შეიცვალოს. დასუსტება მოხდა, მაგრამ ის, რაც ამერიკელებს უნდოდათ, რომ შეეცვალა რეჟიმი და მერე ამერიკის ინტერესები გაეტარებინა ახალ ხელმძღვანელობას, ეს არ გამოვიდა და ამ კონტექსტში ტრამპი დამარცხებული გამოდის, თავისი სავარაუდო მიზნები ვერ შეასრულა. ტრამპის განცხადება უცნაური იყო, მაშინ, როცა ირანმა აშშ-ს დამამცირებელი ათი პუნქტი შესთავაზა, ტრამპმა განაცხადა, რომ ჩვენ შეიძლება ეს პირობები მოლაპარაკებების ბაზისად ავიღოთო. ანუ არც კი უარყო იქიდან მნიშვნელოვანი პუნქტები, რაც ირანს ჰქონდა წარმოდგენილი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.
“ამიტომ მგონია, რომ აშშ-ს უბრალოდ ომის გაგრძელება არ უნდა, რადგან იცის ყველაზე მნიშვნელოვანია ოქტომბრის არჩევნებს შეხვდეს ნაკლებადსარისკო სიტუაციაში. ომი როგორც არ უნდა გაგრძელდეს, აშშ-დან ძალიან დიდ დანაკარგს მოითხოვს - გაიზრდება მსხვერპლი, ფინანსური დანაკარგები, მთელი სპარსეთის ყურე ჩაიკეტება და ეს ყველაფერი კიდევ უფრო დიდ ზიანს მიაყენებს რესპუბლიკური პარტიის პოზიციას. ორი კვირის მერე ესკალაცია არ უნდა მოჰყვეს, უბრალოდ აშშ შეეცდება ირანი რაღაცეებზე დაითანხმოს და წარმოაჩინოს, როგორც გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ ირანი ასე უბრალოდ დასამარცხებელი არაა, მის უკან ჩინეთ-რუსეთი დგანან და ამ ორ კვირას რა თქმა უნდა გამოიყენებს იმისთვის, რომ ჩინეთიდან დამატებითი დახმარება მიიღოს, სამხედრო ძალები გადააწყოს, პარტნიორებისგან მეტი გარანტიები მიიღოს და პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს. აშშ პოზიციებს ვეღარ გააძლიერებს, რადგან მას არ შეუძლია ამასობაში დიდძალი ცოცხალი ძალა სპარსეთის ყურეში გადაისროლოს. აშშ ძალიან რთულ პოზიციაში ჩავარდა, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთში მისი სტრატეგიული მარცხი სახეზეა”,- დასძენს კახა გოგოლაშვილი.
რა აბრკოლებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენას - “მზად ვართ გავიაროთ ყველა საკითხი, რაც ხელს უშლის”
“მზად ვართ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის აღდგენას... ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ქართული მხარის სურვილი აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის ახალი ფურცლიდან დაწყებაა. “როდის ჩამოვლენ, არ ვიცი. არც ის ვიცი, რა შემადგენლობაა. მიზანი არის, რაც რუბიომ თავის დროზე თქვა, რომ ძალიან ბევრი საქმე გაფუჭდა და ჩვენ ხელმეორედ უნდა შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ხელს უშლის ჩვენს ურთიერთობებს - ესაა მთავარი ამოცანა მათი მხრიდან და ჩვენ მზად ვართ... ჩვენ გვინდა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული ურთიერთობა, უფრო სერიოზულ სიღრმეებში წავიდეთ, გაწერილი იყოს ისე, რომ ყველა მხარის პასუხისმგებლობა და სურვილები იყოს გათვალისწინებული”, - ამბობს დეპუტატი, რომლის განმარტებით “ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებისთვისაც ვართ მზად”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა აბრკოლებს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის აღდგენას - “მზად ვართ გავიაროთ ყველა საკითხი, რაც ხელს უშლის”.
“ორმხრივი ურთიერთობის განმტკიცებისთვის ვართ მზად, მაგრამ არც ერთი მხარე წინასწარ არ დაგიანონსებთ, რა ნაბიჯებს გადადგამს, რა დათმობაზე წავა და არ წავა. მთავარი ერთია, რაც იქნება ურყევი - ვინც არ უნდა მოგვთხოვოს, რასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს ინტერესების ხარჯზე, არავის არაფერს დავუთმობთ”, - თქვა შარმანაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, აპრილში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში ჩამოვა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. როგორც მახაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკულ მხარესთან თითოეული შეხვედრით საქართველოს ხელისუფლება ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაუმჯობესებაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა უშლის ხელს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით კი, ურთიერთობაში ხელს უშლის საქართველოში არსებული ვითარება”, - აღნიშნავს გამოცემა.
„ჩემი აზრით, ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას უპირველეს ყოვლისა, ხელს უშლის ის საშინელი მემკვიდრეობა, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დატოვა, საქართველოში მეხუთე კოლონის სახით. ის ფინანსდებოდა ამერიკის დეპარტამენტიდან, სოროსის ფონდიდან და ა.შ. ჩერგოლეიშვილის, ბოკერიების სახით მიდიან ამერიკაში და იძახიან, ჩვენ ძალით შევცვლით ხელისუფლებასო. უდაოა, რომ ამერიკის მაღალი წრის წარმომადგენლები პატრონობენ. გავიდა ერთი წელი, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ ჯერ ვერაფერი შეცვალა. სწორედ ეს არის ხელის შემშლელი ფაქტორი. თუმცა, ძალიან დიდი იმედია, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ საქართველო და ამერიკა ამ წინააღმდეგობას გადალახავენ და ურთიერთობას დაამყარებენ”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“თავიდან “ქართული ოცნება” აცხადებდა, რომ ამერიკასთან ურთიერთობის დაწყება ახალი ფურცლიდან გვინდაო. იმ პასუხისმგებლობის აღება არ უნდოდათ, რამაც ურთიერთობა დაძაბა არამ ხოლოდ აშშ-სთან, არამედ მთლიანად დასავლეთთან. როგორც ჩანს, ახლა აცნობიერებენ, რომ გარკვეულ დათმობებზე წასვლა მოიწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება საერთაშორისო იზოლაციაში ექცევა. მით უმეტეს, ოპოზიციური პარტიების ამერიკაში ჩასვლა იგეგმება. თან მისი მხადამჭერი ლობი საკმაოდ ძლიერია. ახლა შარმანაშვილის პირით ამბობენ, რომ ყველა საკითხი განიხილება, მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. საერთო ჯამში, ამ ურთიერთობაში ხელს უშლის პოლიტპატიმრების არსებობა, აქციების დროს დასახიჩრებული ადამიანების საკითხი და ის ანტიდასავლური პროპაგანდა, რასაც “ქართული ოცნება" ეწევა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
ევროპა ჰორმუზის “გამხსნელ” კოალიციას ქმნის - “საფრანგეთის ლიდერობით” 15 ქვეყანაა მობილიზებული"
“ევროპელების მორიგი მცდელობა თუ უკვე ნანახი სცენარი - აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და, როგორც გავლენიანი გამოცემები წერენ, ფაქტობრივად “კოორდინირებული ევროპული კოალიცია ჩამოაყალიბეს” - ისინი მხარეებს ზავის შესრულებისა და პროცესის გრძელვადიან მშვიდობამდე მიყვანისკენ მოუწოდებენ. ევროპელი ლიდერები აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დადებითად აფასებენ, პარალელურად კი მხარეებს ჰორმუზის სრუტის გახსნისა და კონფლიქტის სრულად დასრულებისკენ მოუწოდებენ. ვაშინგტონი და თეირანი ორკვირიან, პირობებზე დამოკიდებულ ზავზე სამშაბათს შეთანხმდნენ. შეთანხმება ჰორმუზის სრუტის დროებით გახსნასაც ითვალისწინებს და პაკისტანის ბოლო წუთის დიპლომატიური ჩართულობის შედეგად შედგა. მიუხედავად ამისა, რეგიონში დაძაბულობა სრულად არ განელებულა - ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ლიბანში “ჰეზბოლასთან” დაპირისპირების ფარგლებში “საბრძოლო და სახმელეთო ოპერაციებს” აგრძელებენ, მაშინ როცა პაკისტანი ამტკიცებს, რომ ზავი ლიბანზეც ვრცელდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა ჰორმუზის “გამხსნელ” კოალიციას ქმნის - “საფრანგეთის ლიდერობით” 15 ქვეყანაა მობილიზებული".
“ამ ფონზე კი გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და ესპანეთის ლიდერების მონაწილეობით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აუცილებელია სწრაფი წინსვლა მოლაპარაკებებში. მათი შეფასებით, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ირანის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვისთვის, ისე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და გლობალური ენერგეტიკული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. გავრცელებულ განცხადებაში ევროპულმა ქვეყნებმა ყველა მხარეს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს, დოკუმენტს ასევე ხელს აწერენ კანადის, დანიისა და ნიდერლანდების მთავრობის მეთაურები, ასევე ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის ლიდერები. მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა,აღნიშნა, რომ შეთანხმებაში ლიბანიც უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, “საფრანგეთის ლიდერობით”, დაახლოებით 15 ქვეყანაა მობილიზებული რათა ჰორმუზის სრუტეში, რომლის გავლითაც, როგორც წესი, მსოფლიო ნავთობის დაახლოებით მეხუთედი გადის, მოძრაობა განახლდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, რომელიც დონალდ ტრამპის (ირანში ომის) ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი დასავლელი კრიტიკოსია, მკაფიო შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი მთავრობა “არ დაუკრავს ტაშს მათ, ვინც სამყაროს ცეცხლს უკიდებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით სავსე ვედროთი ჩნდება”. სოციალურ ქსელ „იქსზე" გამოქვეყნებულ განცხადებაში სანჩესი წერს: „ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია - განსაკუთრებით მაშინ, თუ ის სამართლიან და მდგრად მშვიდობამდე მიგვიყვანს. თუმცა, ეს დროებითი შვება ვერ დაგვავიწყებს ქაოსს, ნგრევას და დაკარგულ სიცოცხლეებს”. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც, პოზიციტიურად უყურებს ზავის იდეას და მხარეებს კონფლიქტის სრულად დასრულებისკენ მოუწოდებს, მისი თქმით, ახლა მთავარი მიზანია “უახლოეს დღეებში ომის დასრულებაზე მდგრადი შეთანხმების მიღწევა”, რაც, როგორც მან აღნიშნა, “შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიის გზით”, - განაგრძობს გამოცემა.
“ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა, რომელიც საუდის არაბეთში მიემგზავრება, რამდენიმე კვირიანი ესკალაციის შემდეგ, შეთანხმება “უფსკრულიდან უკან გადადგმულ ნაბიჯად” შეაფასა, “ეს ქმნის აუცილებელ შესაძლებლობას, შემცირდეს მუქარები, შეწყდეს სარაკეტო დარტყმები, აღდგეს საზღვაო მიმოსვლა და შეიქმნას სივრცე დიპლომატიისთვის, რომელიც მედგრად შეთანხმებამდე მიგვიყვანს”,- დაწერა მან “იქსზე”. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამაც, ყველა მხარეს მოუწოდა, რომ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის პირობები, “რათა რეგიონში მდგრადი მშვიდობა დამყარდეს”. ორი დღით ადრე, პორტუგალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით ენერგეტიკული ობიექტების მიზანში ამოღება “არალეგალური და მიუღებელია”. მისი თქმით, ეს ეხება როგორც რუსეთის ომს უკრაინაში, ისე ნებისმიერ სხვა კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ მან ტრამპი პირდაპირ არ ახსენა, მისი ეს განცხადება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის მუქარას ირანის ენერგოობიექტებისა და ხიდების განადგურების შესახებ”, - დასძენს გამოცემა.