დავით დარჩიაშვილი - „ქართული ოცნება“ აღიარებს 9 აპრილის ძალიან დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას, თუმცა მის გზავნილებში სრული წინააღმდეგობაა - დასკვნების გაკეთება არ ხდება და საქართველო რჩება მდგომარეობაში, რომელიც მას ასუსტებს

მოვლენების მიმართ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების პრობლემა არის ის, რომ, ერთი მხრივ, ის აღიარებს 9 აპრილის ძალიან დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ გზავნილებში, მსოფლმხედველობაში არის სრული წინააღმდეგობა. 9 აპრილზე გადის ხიდი წარსულს, დღევანდელობასა და მომავალს შორის, რაზეც თითქოს ყველა თანხმდება, მაგრამ შესაბამისი დასკვნების გაკეთება არ ხდება და საქართველო რჩება პრობლემურ მდგომარეობაში, რომელიც მას ძალიან ასუსტებს გარე იმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირებაში, - ამის შესახებ პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, დავით დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 9 აპრილი არის სიხარულისა და ტკივილის ერთობლიობა, იმიტომ, რომ განასახიერებს ეროვნულ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს.

„საქართველო დღემდე ბრძოლაში იმიტომ რჩება, რომ, ერთი მხრივ, არის გარე იმპერიალისტური ძალა, რომელიც არ ეგუება საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებელ არსებობს. მეორე მხრივ, არის მუდმივი დაპირისპირება შიგნით ქვეყანაში იმის შესახებ თუ სად არის ზღვარი ადამიანის პირად თავისუფლებას და სახელმწიფო ინსტიტუტების როლს, ფუნქციას შორის. სად არის ზღვარი პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ამაზე თანხმობა არ არის და არის მუდმივი დაპირისპირება, რაც ქვეყანას ყოველთვის ასუსტებდა და ახლაც ასუსტებს. 9 აპრილი ნამდვილად დამკვიდრდა როგორც სიმბოლური მოვლენა და თარიღი და სიმბოლოებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერის შედგომაში, ფუნქციონირებაში, ეროვნულ იდენტობაში, ეს ყოველთვის და ყველგან ასეა და 9 აპრილი არის სიხარულისა და ტკივილის ერთობლიობა, იმიტომ, რომ განასახიერებს ეროვნულ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ამ ბრძოლაში გაღებულ მსხვერპლს. შესაბამისად, ამ თარიღზე გადის ხიდი წარსულს, დღევანდელობასა და მომავალს შორის და თითქოს ამ ხიდის მნიშვნელობაზე ყველა თანხმდება, მაგრამ შესაბამისი დასკვნები აქედან არ ჩანს ხოლმე და ვაგრძელებთ პრობლემურ მდგომარეობაში ყოფნას, რომელიც ძალიან გვასუსტებს გარე იმპერიალისტურ ძალებთან დაპირისპირებაში. ეს ძალა იყო და არის რუსეთი, პირველ რიგში.

რაც შეეხება აქციის მონაწილეების დამოკიდებულებას ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ასეთ დამოკიდებულებას აქვს ახსნა. ჯერ ერთი, რომ პროტესტის მონაწილეებს „ქართული ოცნება“ არ ცნობს თანაბარუფლებიან მოქალაქეებად და მათ მიმართ იყენებს ისეთ ზომებს, რომლებიც ბოლო დროს კანონებშიც ჩაიწერა, რაც ძალიან შორსაა დემოკრატიული სტანდარტებისგან. მეორე პრობლემა „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებისა მოვლენების მიმართ ის არის, რომ ერთი მხრივ ის აღიარებს 9 აპრილის ძალიან დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ გზავნილებში, მსოფლმხედველობაში არის სრული წინააღმდეგობა - თუ 9 აპრილი არის ქართველების გმირული ბრძოლა თავისი უფლებებისთვის, მაშინ, რატომ არ არის ასეთივე ბრძოლის შემადგენელი ნაწილი ის, რაც ხდებოდა 1921 წელს და რატომ ხდება კითხვის ნიშნის ქვეშ იმის დაყენება, მარო მაყაშვილი რუსეთის იმპერიალიზმს შეეწირა თუ ნოე ჟორდანიას - ეს გვესმოდა „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებისგან. იგივე დამოკიდებულებაა აგვისტოს ომის მიმართ. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თან 9 აპრილის მემორიალს პატივი სცეს და თან ილაპარაკოს მარტო მშვიდობაზე, მარტო სტაბილურობაზე. მშვიდობისა და სტაბილურობის წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია ერის უფლებები და პროტესტის მიმართ ადეკვატური დამოკიდებულება, როგორც ქვეყანაში, ისე ჩვენს რეგიონში,“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მან საქართველოს არათანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ წარმოუდგენელია, ადამიანის უფლებების, ეროვნული სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის სადარაჯოზე მყოფი ბრიუსელი და იმპერიალისტური მისწრაფებების მქონე მოსკოვი ერთ სიბრტყეზე დააყენო.

„ეს დამოკიდებულებებისა და მოვლენების კიდევ ერთი სრული აღრევაა, რომ მოსკოვსა და ბრიუსელს ერთ სიბრტყეზე აყენებენ. რაც არ უნდა საკამათო იყოს ბრიუსელის მმართველობის, მისი პოლიტიკის ბიუროკრატიული სტილი და რამდენიც არ უნდა ვიკამათოთ, რომ სტანდარტები, რაც ევროკავშირს აქვს სოციალურ და ეკონომიკურ სფეროში, ერგება თუ არა მარტივად ყველა ქვეყანას საზოგადოებრივი განვითარების დონის მიუხედავად, ერთი რამ ცალსახაა, რომ ბრიუსელი იდგა და დგას ადამიანის უფლებების, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისა და კანონის უზენაესობის პრინციპების სადარაჯოზე. მეორეა, ყველაფერს ეფექტიანად აკეთებს თუ არა, რომ საქართველოს მსგავს ქვეყნებს საფრთხეების მოხსნაში დაეხმაროს, მაგრამ დამოკიდებულება ცალსახად სწორია და ქართველი ერის ინტერესების შესაბამისია. იმავეს ვერ ვიტყვით რუსეთზე ვერანაირად. როგორ შეიძლება მოსკოვისა და ბრიუსელის ერთ სიბრტყეზე დაყენება მარტო იმიტომ, რომ ბრიუსელი შენგან, ხელისუფლებისგან იგივე პაპუაშვილისგან ითხოვს დემოკრატიის პრინციპების პატივისცემას.

საქართველო არასდროს ყოფილა მარტივ მდგომარეობაში და არც ახლა არის, საფრთხეები მართლაც სერიოზულია, იმიტომ, რომ ჩრდილოელი მეზობელი საქართველოს და მთელ თავის სამეზობლოს არ აღიქვამს თანასწორუფლებიან პარტნიორებად. მას უნდა ზეგავლენა და ამ ზეგავლენისთვის მზად არის, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში სახელმწიფო ინსტიტუტებს ძირი გამოუთხაროს. ამას ემუქრება რუსეთი, ამას ბრიუსელი არ ემუქრება. თუ ბრიუსელის რომელიმე კანონი არ მოგწონს და ამბობ, ამას გავაკეთებ, ამას არ გავაკეთებ, ბრიუსელთან ამაზე საუბარი შეიძლება, მაგრამ ამაზე საუბარი არ შეიძლება რუსეთთან. მერე იწყება დემაგოგია, რომ თურმე ბრიუსელს უნდა, რომ კაცებმა იქორწინონ ერთმანეთზე, რაც არის სრული ტყუილი. ბრიუსელს არსად ეს არ მოუთხოვია, რომ სადმე მოხდეს, მით უმეტეს ინცესტი. ამით უკვე რუსული პროპაგანდის გამეორება ხდება ქართულ ენაზე და ამაზე ღიზიანდება ბრიუსელი და ამბობს, რომ ცილისწამებით არის საქართველოს ხელისუფლება დაკავებული ბრიუსელის მიმართ. ამ არანორმალურ ვითარებაში ვიმყოფებით“,- განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე განმარტებით, თუ საქმეებს ბოლომდე იფუჭებ ევროპაში, ეს იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში, გაგიფუჭდება ურთიერთობები ამერიკასთან.

„ტრანსატლანტიკურ ხიდს, რომელიც არსებობს თაობების განმავლობაში, არაფერი არ დაანგრევს. ევროპა რჩება ამერიკისთვის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად და თუნდაც ეს შეუძლებელს ხდის, რომ, საბოლოო ჯამში, ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობაში ხინჯი ჩამოვარდეს. ეს გავლენას მოახდენს საქართველოს პოზიციონირებაზე, იმიტომ, რომ თუ საქმეებს ბოლომდე იფუჭებ ევროპაში, საქმეები, საბოლოო ჯამში, გაგიფუჭდება ამერიკასთან ურთიერთობაშიც. ეს ურთიერთობები ვერ ჩაითვლება დალაგებულად, იმიტომ, რომ განსხვავებით ალიევისგან და ფაშინიანისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მხოლოდ ის ეღირსა, რომ ტელეფონზე ელაპარაკა რუბიოსთან და არც ვიცით, როგორ წარიმართა ეს საუბარი. ფაქტია, რომ მთელი რიგი საკითხები და ქმედებები, ქართული ხელისუფლებისა, არ მოსწონს შეერთებულ შტატებს. შეერთებული შტატები არ არის წმინდა სპილო, რომ თქვა, რომ ყველაფერში ყოველთვის მართალია, მაგრამ მთლიანობაში, თუკი ვსაუბრობთ იმაზე, რომ საჭიროა სტაბილურობა, მშვიდობა და ბალანსი, რატომ გაქვს ასე გაფუჭებული ურთიერთობები როგორც ბრიუსელთან, ისე ვაშინგტონთან. ეს კითხვები ხელისუფლებამ უნდა დაუსვას საკუთარ თავს და პასუხისმგებლობა აიღოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს