9 აპრილი საქართველოს ეროვნული ერთობის დღეა - დღე, როდესაც საქართველო თავის გმირებს პატივს მიაგებს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელში წერს.
„1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი პროტესტის დროს, საბჭოთა რეჟიმის ძალადობამ თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლი ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. თავისუფლების სული უძლეველია“, - წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ზე.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა. პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.