მაია სანდუმ მოლდოვის დსთ-დან გასვლის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა, - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ავრცელებს.
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) დამფუძნებელი შეთანხმებების დენონსაციის შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა.
მაია სანდუს მიერ ხელმოწერილი განკარგულებები ძალაში 8 აპრილს შევიდა, რაც დსთ-დან გასვლის საბოლოო ეტაპს აღნიშნავს.
დსთ-ს წესდების თანახმად, წევრ სახელმწიფოს თანამეგობრობის დატოვების უფლება აქვს და ამისთვის მან ორგანიზაციას წერილობითი ფორმით 12 თვით ადრე უნდა აცნობოს.
შეგახსენებთ, მოლდოვის პარლამენტმა დსთ-ს დატოვებას მხარი გასულ კვირას დაუჭირა.
ქვეყნის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით დსთ-ს შექმნის შესახებ შეთანხმების, მისი პროტოკოლისა და წესდების დენონსაცია მოახდინა.