ვეცადოთ, უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რომ მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლითა და ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ჩვენი ფერისცვალებისთვის,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება.
„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო! გილოცავთ დღევანდელ დღეს, როდესაც ჩვენ ვიხსენებთ საიდუმლო სერობას და უფალ იესო ქრისტეს მიერ ევქარისტიის საიდუმლოების დაარსებას.
შეგახსენებთ, რომ „ევქარისტია“ ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი და ის, თუ როგორ უნდა ვექცეოდეთ ერთმანეთს.
რატომ ჰქვია ამ ლოცვით შეკრებას სერობა, თანაც საიდუმლო? - ვინაიდან უფალმა ეს მსახურება აღასრულა მაშინ, როდესაც შეკრიბა თავისი მოწაფეები ებრაელთა პასექის სერობის შესასრულებლად. მან ყველაფერი ისე აღასრულა, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში ხდებოდა, მაგრამ ერთი მთავარი განსხვავებით: მან განტეხა პური და თქვა: „ეს არის ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა“. აიღო სასმისი და თქვა: „ეს არის სისხლი ჩემი ახალი აღთქმისა, ამას ყოფდეთ ჩემს მოსახსენებლად“ (მთ. 26, 26-28; ლკ. 22, 19). ევქარისტიის შესახებ იგი სხვაგან ასევე ამბობს: „ვინც სჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში“ (ინ. 6, 56).
აი, საიდან იღებს დასაბამს ევქარისტიის საიდუმლო!
იმ ლოცვებს, რომლებსაც დღესაც ვკითხულობთ ლიტურგიაზე, „ევქარისტიული ლოცვები“ ეწოდება, რადგან, ვიმეორებ, „ევქარისტია“ ნიშნავს მადლიერებას, „ევქარისტიული“ კი - სამადლობელ ლოცვებს, მადლიერების ლოცვებს.
მაშასადამე, ევქარისტია მოდის უფლისგან პირველი საუკუნიდან, მაგრამ ის თანდათან ყალიბდებოდა და საბოლოო სახე მიიღო მეოთხე საუკუნეში. დღეს ჩვენ ზუსტად იმავე სახით აღვასრულებთ წმინდა ლიტურგიას. ლიტურგიული მსახურების ცენტრში არის ღვთისადმი მადლიერება და უფალ იესო ქრისტეს გახსენება, როგორც მან გვიანდერძა. თუკი ებრაელები იხსენებდნენ ეგვიპტიდან გამოსვლას, მონობიდან გათავისუფლებას, ჩვენ საიდუმლო სერობაზე, ანუ ევქარისტიის საიდუმლოში, ვიხსენებთ უფალ იესო ქრისტეს ცხოვრებას, მის ვნებებს, ჯვარცმას, სიკვდილს და აღდგომას, ყველაფერ იმას, რაც მან გვიანდერძა და მოიტანა ღმერთმა დედამიწაზე ჩვენს საცხონებლად.
როგორც გითხარით, ამ მსახურების ცენტრში არის მადლიერება და ასევე, ლოცვები, რომლებსაც „ევქარისტიული“ ეწოდება. აგრეთვე ამის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილი არის პურის და ღვინის ზეამაღლება, ლოცვა სულიწმინდის გარდამოვლენის შესახებ და ლოცვა იმაზე, რომ პური და ღვინო გარდაიქმნას ქრისტეს სისხლად და ხორცად.
მაშასადამე, ძვირფასო ძმებო და დებო, ევქარისტიის დროს სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ სამყაროში: ქრისტე არს ჩვენ შორის! როგორც ამბობს ის სახარებაში: „ორი ან სამი ადამიანი თუ შეიკრიბება ჩემი სახელით, მე ვარ მათ შორის“ (მთ. 18, 20).
ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება „წმინდა ზიარების საიდუმლოება“, იმიტომ, რომ ამ დროს მყარდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს და მართებული სულიერი განწყობით ეზიარება ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამ დროს ჩვენ ვუერთდებით უფალ იესო ქრისტეს, წილმქონენი ვხდებით მისი სხეულის და მისი ღვთაების, თანამესხეულენი ვხდებით უფალ იესო ქრისტესი; მაგრამ არა მხოლოდ მისი თანამესხეულენი ვხდებით. აი, რატომ ჰქვია კიდევ ზიარება, მეორე მხრივ: ჩვენ ერთმანეთსაც, ერთიმეორეს ვეზიარებით, რამეთუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებას, ერთმანეთის ასონი ვხდებით, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები.
აი, როგორი საოცარი რამ ხდება! აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლო!
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდებულ დღეს!
მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობისთვის, სიყვარულისთვის!
ვეცადოთ, უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში, რომ მივიღოთ ყველაფერი ის, რაც ღვთის მადლითა და ძალით მოგვეცა ჩვენი სულის ცხონებისთვის, ჩვენი ფერისცვალებისთვის. მივიღოთ ის ყველაფერი - ეს წყალობა და მადლი - საიმისოდ, რომ, როგორც წერია სახარებისეულ იგავში მთესველის შესახებ, „ჩვენი გული არ იყოს ქვიანი ან ეკლიანი, ან გზის პირას მდებარე ნიადაგი“ (მთ. 13, 3-9), არამედ კეთილი ნიადაგი, რომ ღვთის სიტყვამ ჩვენს გულში კეთილი ნაყოფი გამოიღოს, ძვირფასო ძმებო და დებო, ჩვენს საცხონებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც, ამინ!- აღნიშნავს მეუფე შიო.