ირანი თავის ლიბანელ ძმებსა და დებს არასდროს მიატოვებს, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„სიონისტური რეჟიმის მიერ ლიბანის წინააღმდეგ განხორციელებული ხელახალი აგრესია თავდაპირველი შეთანხმების აშკარა დარღვევას წარმოადგენს და სახიფათო ნიშანია მოტყუებისა და პოტენციური შეთანხმებების მიმართ ერთგულების ნაკლებობის. აღნიშნული აგრესიის გაგრძელება მოლაპარაკებებს აზრს დაუკარგავს. ჩვენი თითი სასხლეტზე რჩება“, - წერს ირანის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, გუშინ ისრაელმა ლიბანში „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმები განახორციელა. ლიბანის ხელისუფლების ცნობით, ისრაელის იერიშების შედეგად სულ მცირე 254 ადამიანი დაიღუპა და 1100-ზე მეტი დაიჭრა.
ისრაელი და აშშ აცხადებენ, რომ ირანთან დადებული ორკვირიანი ზავი ლიბანზე არ ვრცელდება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ლიბანი ირანთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი არ არის. თეთრი სახლის პრესსპიკერმა კაროლინ ლივიტმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ასევე განაცხადეს, რომ შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს.