უმნიშვნელოვანესია და გადაუდებლად აუცილებელია, რომ სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ - შეუძლებელია ამდენი პატიმარი, ახალგაზრდები, სრულიად უდანაშაულო ადამიანები იყვნენ ციხეში და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთი შეხვედრა არ მომხდარა არც მშობლებთან, არც ადვოკატებთან, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ ძალიან დაძაბულ მხარეებს შორის ურთიერთობისა და დიალოგის ველის შექმნის ფუნქცია შეასრულოს.
„ცოტა ხნის წინ ჩვენ დიალოგის აუცილებლობაზე დავიწყეთ საუბარი, მაგრამ ვინმეს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელთან დიალოგი კი არ ენატრება, პირიქით, ძალიან რთულია ამ ადამიანებთან დიალოგი, ისეთ რამეს ისმენ, მაგრამ ქვეყანა იმდენად შეუქცევადად მძიმე მიმართულებით მიდის, ქვეყნის შიგნითაც რთულია ვითარება და ჩვენს გარშემო ისეთი ვითარებაა, ამ დროს უმნიშვნელოვანესია, ჩვენ შეგვეძლოს რაღაც თემებზე ჩამოყალიბება. შეუძლებელია ამდენი პატიმარი, ახალგაზრდები, სრულიად უდანაშაულო ადამიანები იყვნენ ციხეში და ხელისუფლების წარმომადგენლების ერთი შეხვედრა არ მომხდარა არც მშობლებთან, არც ადვოკატებთან.
ყველა კრიტიკულ სიტუაციაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი არა მარტო მოუწოდებდა, არამედ ნაბიჯებს დგამდა, რომ ძალიან დაძაბულ მხარეებს შორის ურთიერთობისა და დიალოგის ველი შეექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკლესიამ ეს ფუნქცია შეასრულოს.
მშვიდობაზე რომ ვლაპარაკობთ, თუ ასეთი შფოთია ქვეყანაში, რა მშვიდობაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. უმნიშვნელოვანესია და გადაუდებლად აუცილებელია, რომ სინდისის პატიმრები იქნან გათავისუფლებულები და როგორ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, ამაზე აუცილებლად უნდა დაიწყოს ლაპარაკი, რაც არ უნდა დიდი იყოს დაპირისპირების დიაპაზონი“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძემ გადაცემაში ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან ღალატის ტოლფასი ნაბიჯი იყო, რომ ანაკლიის პორტის სახით უდიდესი პროექტი, დაუკარგა ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან ღალატის ტოლფასი ნაბიჯი იყო, რომ ანაკლია, როგორც უსაფრთხოების, ეკონომიკური სიძლიერის, საერთაშორისო ჩართულობის უდიდესი პროექტი, დაუკარგა ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს. ტყუილია, რომ ამერიკელმა ინვესტორებმა არ გამოხატეს ინტერესი პროექტის მიმართ. არა თუ გამოხატეს, უკვე გადადგმული იყო ნაბიჯები და ეს ძალიან კარგად იცის საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა. ყოველ წელს ახალ ტყუილს ამბობენ, რომ ახლა ვიწყებთ. ვთქვათ, რაღაცას ედავებიან მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ახლა ვის ედავებიან, ახლა რატომ არ ხდება ეს ამბავი? ამერიკის ინტერესები რომ ამ მიმართულებით არსებობს, ამ ცოტა ხნის წინ საკმაოდ მაღალჩინოსნის ვიზიტიც მოწმობს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში აშშ-დან, შეხვდა ოპოზიციას, შეხვდა ხელისუფლებას და გაემართა საით? გაემართა სწორედ ზღვისპირეთში, სადაც მას უბრალოდ ზღვის დანახვა არ აინტერესებდა. ვიცით ჩვენ რა ინტერესიც იყო“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.