Human Rights Watch – სადიგოვის გაძევება შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა არაკეთილსინდისიერად იმოქმედა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეთქმულებაში შევიდა - ევროსაბჭოს სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ

საქართველოს ხელისუფლებამ იძულებით დააბრუნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი აზერბაიჯანში, რამაც იგი პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე დააყენა, - ამის შესახებ Human Rights Watch-ის განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციის განცხადებით, ხელისუფლებამ მისი დეპორტაცია მოახდინა ამ რისკების არსებითი შეფასების გარეშე, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. Human Rights Watch-ის შეფასებით, მათი ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს ორივე მთავრობის კეთილსინდისიერებას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებების მიმართ.

„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო და ის, თუ როგორ მოხდა ეს, განსაკუთრებით შემაშფოთებელია. საქართველოს ხელისუფლებამ სადიგოვი იმ ქვეყანაში დააბრუნა, სადაც მას დევნის რეალური რისკი ემუქრება, ამ რისკის სათანადოდ შეფასების გარეშე და გამარტივებული წარმოებით, რაც სერიოზულ საზრუნავს შეშფოთებას იწვევს სამართლიანობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაძევების გამართლება სცადა სადიგოვის სავარაუდო მონაწილეობით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებში და აზერბაიჯანელი კოლეგების მიერ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გამოთქმული შეშფოთებით.

Human Rights Watch-ის განცხადებით, სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ევროპული სასამართლოს დროებითი ღონისძიება ეხებოდა ექსტრადიციას მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის წარმოების კონტექსტში, რომელიც აზერბაიჯანმა შეწყვიტა.

„თუმცა, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, რომელიც სადიგოვს წარმოადგენს, განაცხადა, რომ დროებითი ღონისძიებები სავალდებულოა და ძალაში რჩება იქამდე, ვიდრე მათ თავად სასამართლო არ გააუქმებს. როგორც აზერბაიჯანი, ასევე საქართველო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეები არიან და იურიდიულად ვალდებულნი არიან პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სადიგოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლომ უარყო დაცვის ყველა შუამდგომლობა, მათ შორის დროებითი ღონისძიების საფუძველზე წარდგენილი შუამდგომლობები და არ განიხილა ნაკლებად შემზღუდავი ალტერნატივები, როგორიცაა ნებაყოფლობითი გამგზავრება ან მესამე ქვეყანაში თავშესაფრის მოთხოვნა, რის შემდეგაც სადიგოვის დეპორტაცია განხორციელდა.

Human Rights Watch-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანში, 6 აპრილს, სამართალდამცავმა ორგანოებმა სადიგოვი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში ჰყავდათ. მოგვიანებით მას უთხრეს, რომ მიზანი ძებნილი პირების მონაცემთა ბაზიდან მისი ამოღება და თითის ანაბეჭდების აღება იყო, რის შემდეგაც იგი გაათავისუფლეს.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი პერიოდის გათვალისწინებით.

„სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა არაკეთილსინდისიერად იმოქმედა და აზერბაიჯანის ოფიციალურ პირებთან შეთქმულებაში შევიდა, რათა აერიდებინათ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.

ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ პასუხისმგებლობის დაკისრება ვალდებულებების ნებისმიერი დარღვევისთვის. ეს ვალდებულებები მოიცავს პირის დაბრუნების აბსოლუტურ აკრძალვას იმ შემთხვევაში, თუ მას ემუქრება დევნა, წამება ან ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევები. ასევე სამართლიანი პროცესის გარანტიებს - მათ შორის, სამართლიანი განხილვის უფლებას, ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალებას და დროებითი ღონისძიებების დაცვას. საქართველომ ასევე უნდა გამოიძიოს სადიგოვის დეპორტაციის გარემოებები და უზრუნველყოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული თავისი ვალდებულებების სრული შესრულება“, - აღნიშნულია Human Rights Watch-ის განცხადებაში.

გარდა ამისა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილის, გიორგი გოგიას განცხადებით, „უნდა არსებობდეს ანგარიშვალდებულება საქართველოს ხელისუფლებისთვის აზერბაიჯანთან სავარაუდო თანამშრომლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა სადიგოვის გაძევების ორგანიზებას მისი უსაფრთხოებისთვის აშკარა რისკების მიუხედავად.

„აზერბაიჯანის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს აფგან სადიგოვის უსაფრთხოება, რომ იგი არ დაექვემდებაროს თვითნებურ დაკავებას ან დევნას და თავისუფლად შეძლოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული უფლებების განხორციელება, მათ შორის, ქვეყნის დატოვება“, - აღნიშნა გოგიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს