გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას მას სპარსეთის ყურის ქვეყნების შეხედულებები გააცნო.
„გუშინ საღამოს პრეზიდენტ ტრამპთან საუბარი მქონდა და მას რეგიონის შეხედულებები გავუზიარე, ეს ყურის ქვეყნები ირანის მეზობლები არიან და ამიტომ, თუ ცეცხლის შეწყვეტა უნდა შენარჩუნდეს - და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეც მოხდება - მასში ისინი უნდა ჩაერთონ“, - განაცხადა კირ სტარმერმა.
მისი თქმით, სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი სრუტეში ნავიგაციისთვის საჭირო პრაქტიკულ გეგმას დაეთმო.
„მათ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ძალიან მკაფიო შეხედულებები აქვთ. სატელეფონო საუბრის უმეტესი ნაწილი სრუტეში ნავიგაციისთვის საჭირო პრაქტიკულ გეგმასა და გაერთიანებული სამეფოს როლზე საუბარს დავუთმეთ“, - აღნიშნა სტარმერმა.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ახლო აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდა.