ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის მსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, სამყაროს, ქვეყნის, ჩვენი ძმებისა და დების კეთილდღეობისთვის, ერთმანეთის თანადგომისა და მხარდაჭერისათვის".
მიტროპოლიტი ასევე შეეხო მეზობელ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას.
„გული გეკუმშება, როცა ფიქრობ და უყურებ რა ხდება მეზობელ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ომის ცეცხლი გიზგიზებს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასევე განუზომლად მრავლად იწირავს ადამიანებს მოუნანიებელი ცოდვები და ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობის სფეროა. თანამედროვეობაში ჩვენდა ნუგეშად გვევლინება ახალმოწამეთა დასი, რომელთაგან დიდი უმრავლესობის სახელები არც კი ვიცით: ისინი იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ თავისი ადამიანობით, სათნოებებითა და უბრალოებით და, წუთისოფლად მყოფნი, მდუმარებით მიუყვებიან ქრისტეს გზას ისე, რომ წუთისოფელი მათ ვერ/არ ამჩნევს, თუმც კი ღმერთს შეუმჩნეველი არავინ რჩება. სწორედ ეს ადამიანებია მარილი სოფლისა, ასეთ ადამიანებზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ისეთი იქნება, „როგორიც ხარ შენ!“
„შენ თუ შეიცვლები, შენს ირგვლივ სამყარო შეიცვლება, იზრუნე, რომ შენი თავი შეცვალო უკეთესობისკენ და ამაში დაგეხმარება შენ იესო ქრისტე, ამაში დაგვეხმარებიან სულიერნი დასნი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენამდე განვლეს თავისი გზა, რომ ჩვენ სიარული გაგვიადვილდეს, რათა გვქონდეს ცოცხალი მაგალითები. ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა და უპირველესად საკუთარი თავის იძულება",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.