Fox News საქართველოზე - ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს

ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს, - ამის შესახებ სტატიას Fox News-ი აქვეყნებს.

„ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისკენ შებრუნება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც ირანი სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის კანდიდატად განიხილებოდა, ნელ-ნელა თეირანს დაუახლოვდა“, - ნათქვამია სტატიაში.

Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემიზმთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს“.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დიპლომატიურად ნეიტრალური რჩება, ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიში დეტალურად აღწერს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას და იმას, თუ როგორ იყენებს ირანი საქართველოს, როგორც სადაზვერვო ინფრასტრუქტურის ქსელს, რომელიც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით საქართველოს რელიგიურ, საგანმანათლებლო და კულტურულ ინსტიტუტებშიც კი აღწევს“, - წერს გამოცემა.

სტატიაში წერია, რომ „ირანმა საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალი ჯერ კიდევ 2007 წელს გახსნა, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის იდეოლოგიის საზღვარგარეთ გავრცელების მთავარ საშუალებად ითვლება“.

„აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა 2020 წელს განაცხადა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის „ყუდსის ძალები“ საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს იყენებს, როგორც ირანისთვის საერთაშორისო რეკრუტირების ქსელს და ირანის ისლამური რესპუბლიკის იდელოგიურ და უსაფრთხოების ინტერესებს ატარებს. ირანი კეთილგანწყობილ საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისო დანაშაულების ჩასადენად იყენებს, რათა მის შიდა დღის წესრიგს ხელი შეუწყოს“, - აღნიშნულია სტატიაში.

სტატიაში რამდენიმე შემთხვევის მაგალითია მოყვანილი, კერძოდ „მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მთავრობასთან კავშირი არ დადასტურებულა, ცნობების თანახმად, საქართველოს მოქალაქის აგილ ასლანოვის რეკრუტირება, რომელსაც კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან ჰქონდა, „ყუდსის ძალებმა“ 2022 წელს აზერბაიჯანში ცნობილი ებრაელი ლიდერის მოსაკლავად მოახერხეს. ასევე, 2025 წელს კიდევ ერთ საქართველოს მოქალაქეს ფოლად ომაროვს ნიუ-იორკის ფედერალურმა სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ცნობილი ირანელი აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ცნობილი კრიტიკოსია“.

„2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა აშშ-თან პოლიტიკური და უსაფრთხოების კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით და შავი ზღვის რეგიონში რეგიონული უსაფრთხოების ქვაკუთხედად იქცა. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა მმართველობის ქვეშ ყოფნის შემდეგ, საქართველო აშშ-ის მოკავშირე გახდა და მონაწილეობას იღებდა ერაყისა და ავღანეთის მისიებში და 2009 წელს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გააფორმა. თბილისსა და თეირანს შორის კავშირები გაღრმავდა პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ორი ქვეყნის ხელმძღვანელობას შორის კავშირები სტაბილურად იზრდება 2024 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სადავო გამარჯვების შემდეგ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანს 2024 წლის მაისში ეწვია ავიაკატასტროფაში დაღუპული ირანის პრეზიდენტის, იბრაჰიმ რაისის დაკრძალვაზე დასასწრებად, ხოლო ივლისში ირანის მოქმედი პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, Civic IDEA-ს მონაცემებით, ირანიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტს ბევრი ქართული კომპანია ახორციელებს. Civic IDEA-ს მონაცემებით, 2022-2025 წლებში საქართველოში რეგისტრირებულმა 72 კომპანიამ ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიის ავტორის ცნობით, საქართველოს მთავრობამ კომენტარის გასაკეთებლად სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტას არ უპასუხა. ასევე, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა გაერო-ში ირანის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელმაც.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს