როცა გარე დავალებას ასრულებენ, ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება, იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც Fox News-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი, საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს.
ლევან მაჭავარიანის შეფასებით, „უსამშობლო აგენტები“ საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ.
„ძალიან სამწუხაროა, რომ უსამშობლო აგენტები გარე მითითებით საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას აგრძელებენ, თუმცა რა თქმა უნდა არაფერი არ გამოუვათ, იმავენაირად არაფერი არ გამოუვათ, როგორც წლების წინ, როდესაც გვაბრალებდნენ, რომ საქართველო რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლისთვის, შავი ხვრელი იყო. ჩამოვიდნენ სანქციების კოორდინატორები - ამერიკიდან, ევროპიდან და ბრიტანეთიდან და ყველამ დაადასტურა, რომ ეს უსამშობლოები იტყუებოდნენ. ამ შემთხვევაშიც, იმავეს აბრალებენ [საქართველოს] გარე პატრონების დავალებით. იმისთვის, რომ რაღაც ანგარიშები არსებობდეს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები და მტრები თავიანთი დღის წესრიგისთვის გამოიყენებენ, ხიდაშელსა და კანდელაკს იყენებენ. კარგად გვახსოვს, როდესაც ხიდაშელი [თინა ხიდაშელი] საუბრობდა, რომ საქართველოში ტერორისტების გადამზადება ხდებოდა, შემდეგ ის დაიბარეს სუს-ში და მაშინვე შეცვალა ჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ საგამოძიებო სამსახურში პასუხისმგებლობა იგრძნო და იცოდა, რომ მის ტყუილს კონკრეტული პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა. როცა გარე დავალებას ასრულებენ და ანგარიშებს ადგენენ და ამაში ფულს იღებენ, ფიქრობენ, რომ ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვება. იციან, რომ პოლიტიკურად ბოლომდე დაზარალებულები არიან, რეიტინგი კი 0-ს ქვემოთ აქვთ და ურჩევნიათ, რომ ფული გააკეთონ, თან აღდგომა მოდის და ფული შემოელიათ.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ასეთი უსამშობლოები ჩვენ რაიმეს გვაბრალებენ, გადის დრო და სიმართლე თავის კალაპოტს პოულობს, ხოლო ასეთი ბინძური ტყუილების შემთხვევაში, [სიმართლის] გამომჟღავნება 1 დღეში, 1 საათში ხდება, შესაბამისად ეს ტყუილიც იმავენაირად გამომჟღავნდა, როგორც წინა ტყუილები“,- განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ Fox News-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ „ირანის რეჟიმი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას სანქციებისთვის გვერდის ავლისა და სამხედრო მანქანის დასაფინანსებლად იყენებს“.
„ჰადსონის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კურსის თეირანის რეჟიმისკენ შებრუნება, შესაძლოა, რეგიონში აშშ-ის ინტერესებისთვის პრობლემური აღმოჩნდეს. ბოლოდროინდელი ცნობების თანახმად, იმ ფონზე, როდესაც ირანი სპარსეთის ყურის მეზობლებს შორის სულ უფრო იზოლირებული ხდება, თეირანი სამხრეთ კავკასიაში საქართველოს რესპუბლიკასთან კავშირებს აღრმავებს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის კანდიდატად განიხილებოდა, ნელ-ნელა თეირანს დაუახლოვდა“, - ნათქვამია სტატიაში.
Fox News Digital-თან ინტერვიუში საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა და ჰადსონის ინსტიტუტის კვლევის თანაავტორმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ „ირანმა საქართველოში გავლენის ფართო ინფრასტრუქტურა შექმნა, რაც ექსტრემიზმთან კავშირის გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულ ორგანიზაციებს მოიცავს“.