აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას.
„ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლიოში საუკეთესო, დაიწყებს ყველა გემის ბლოკირების პროცესს, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მისგან გასვლას შეეცდებიან“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი თქმით, პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში გამართულმა შეხვედრამ კარგად ჩაიარა, უმეტეს საკითხზე შეთანხმდნენ, მაგრამ ერთადერთი საკითხი, რომელსაც რეალურად ჰქონდა მნიშვნელობა - ბირთვული იარაღის საკითხი - არ შეთანხმებულა.
„რაღაც ეტაპზე მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა „ყველას შეეძლება შევიდეს და ყველას შეეძლება გამოვიდეს“, თუმცა ირანმა ამას ხელი შეუშალა მხოლოდ იმის თქმით, რომ „შესაძლოა სადღაც ნაღმი იყოს“, რომლის შესახებაც არავინ იცის მათ გარდა. ეს არის გლობალური გამოძალვა და ქვეყნების ლიდერები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები, არასოდეს გახდებიან გამოძალვის ობიექტები. ასევე დავავალე ჩვენს საზღვაო ძალებს, რომ საერთაშორისო წყლებში აღმოაჩინონ და შეაჩერონ ყველა ხომალდი, რომელმაც ირანს გადასახადი გადაუხადა. ვინც არალეგალურ გადასახადს იხდის, ღია ზღვაში უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდება. ჩვენ ასევე დავიწყებთ ირანელების მიერ სრუტეში დამონტაჟებული ნაღმების განადგურებას. ნებისმიერი ირანელი, რომელიც ჩვენ ან მშვიდობიან გემებს ესვრის, ჯოჯოხეთში ჩავარდება! ირანმა ყველაზე უკეთ იცის, როგორ დაასრულოს ეს სიტუაცია, რომელმაც უკვე გაანადგურა მათი ქვეყანა. მათი საზღვაო ძალები განადგურდა, მათი საჰაერო ძალები განადგურდა, მათი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და რადარი უსარგებლოა, ხამეინი, და მათი „ლიდერების“ უმეტესობა მკვდარია, ყველაფერი მათი ბირთვული ამბიციების გამო. ბლოკადა მალე დაიწყება. სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან ამ ბლოკადაში. ირანს არ მიეცემა უფლება, მოგება მიიღოს ამ უკანონო გამოძალვის აქტიდან. მათ ფული სურთ და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღი. გარდა ამისა, შესაბამის მომენტში, ჩვენ სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ვართ და ჩვენი სამხედროები დაასრულებენ იმ მცირედსაც, რაც ირანისგან დარჩა“, - აცხადებს ტრამპი.