თქვენ ნახეთ, რა გავაკეთეთ ვენესუელასთან დაკავშირებით. ეს იქნება რაღაც ძალიან მსგავსი, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებით Fox News-ს განუცხადა.
მისი თქმით, მკაცრად დაიცავენ პოლიტიკას: „ყველაფერი ან არაფერი“, რაც ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანას ან სრული წვდომა ექნება ჰორმუზის სრუტეზე ან საერთოდ არ ექნება წვდომა.
„ვფიქრობთ, რომ ამაში მრავალი ქვეყანა დაგვეხმარება, მაგრამ ჩვენ სრულ ბლოკადას დავაწესებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, ნატო-მ შეერთებულ შტატებს ჰორმუზის სრუტის გაწმენდაში დახმარება შესთავაზა.
„აშშ ძალიან იმედგაცრუებულია ნატო-თი, მაგრამ ახლა მათ სურთ მოსვლა და სრუტეში დახმარების გაწევა. მის გაწმენდას დიდი დრო არ დასჭირდება, ამიტომ ჩვენ სრუტეს გავწმენდთ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, აშშ და გაერთიანებული სამეფო ნაღმსაწმენდებს შეიყვანენ.
„მესმის, რომ დიდი ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ნაღმსაწმენდებს აგზავნის“, - განუცხადა მან გამოცემას.
დონალდ ტრამპის თქმით, პაკისტანში გამართულ მოლაპარაკებებში აშშ-ის მომლაპარაკებლებმა მიიღეს თითქმის ყველა პუნქტი, გარდა ირანის მხრიდან ბირთვულ იარაღთან დაკავშირებულ ამბიციებზე უარის თქმისა.
ამასთან, მისი განცხადებით, მიაჩნია, რომ ირანი მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება.
„ვვარაუდობ, რომ ისინი დაბრუნდებიან და ყველაფერს მოგვცემენ, რაც გვინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.