ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026

თამარ მამაცაშვილი - “წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება...”

მირიან მირიანაშვილი - “საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”

ვიქტორ ყიფიანი - “არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს”

* * *

თამარ მამაცაშვილი - “წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება...”

აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი არ არის მხოლოდ კალენდარული დღესასწაული, ეს არის ჟამი, როდესაც დრო და მარადიულობა ერთმანეთს ხვდება, ხოლო ადამიანი საკუთარ თავში ღვთიურ ნაპერწკალს ხელახლა აღმოაჩენს. წელს, “კვირის პალიტრის” სააღდგომო ნომერი განსაკუთრებულ მადლს ატარებს - თითოეული თქვენგანის ოჯახში შემობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატი. ეს არ არის მხოლოდ საჩუქარი; ეს არის კურთხევა, სიმბოლო ჩვენი ერისა და ეკლესიის ერთიანობისა. წელს ჩვენს ქვეყანაში აღდგომას სხვანაირი დუმილით ვხვდებით. პირველად ათწლეულების განმავლობაში, ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, ფიზიკური თანამყოფობის გარეშე გაუთენდა ერს. აღარ გაისმა მისი ხმა სააღდგომო ეპისტოლეში, მაგრამ მისი ლოცვა და მადლი კვლავაც ჩვენთანაა. ამ უჩვეულო დუმილში უფრო მკაფიოდ ისმის მისი დანატოვარი სულიერი სიტყვა, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენი ერის მამოძრავებელ ძალად იქცა. მწყემსმა კეთილმა დაგვიტოვა არა მხოლოდ სულიერი დარიგებები, არამედ საკუთარი სულის ნაწილი, რომელიც მის მრავალმხრივ შემოქმედებაშია განხორციელებული”, - წერს ჟურნალების “კარიბჭისა” და “მკურნალის” მთავარი რედაქტორი, რადიოგადაცემა “რადიომკურნალის” ავტორი თამარ მამაცაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრის” სტატიაში სათაურით “წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება...”

“ილია II-ის ფენომენი ქართულ კულტურაში მხოლოდ საეკლესიო მოღვაწეობით არ შემოიფარგლება. ის იყო ხელოვანი სული, რომელიც მუსიკით, პოეზიითა და ხატწერით ცდილობდა ღვთიური სამყაროს ჩვენამდე მოტანას. მისი ხატწერის სტილი არ ჰგავს არც ერთ სხვას. მასში იგრძნობა ბიზანტიური მკაცრი კანონიკისა და ქართული ფაქიზი სულის შერწყმა. მხატვარი პატრიარქი - უნიკალური მოვლენაა ეკლესიის ისტორიაში. არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდა, სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არ არის. ეს ფენომენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ ბუნებას - ის იყო არა მხოლოდ სულიერი მამა, არამედ შემოქმედი, რომელიც ღვთიურ ნათელს ფერებში აქსოვდა. მისი უწმინდესობა ოცამდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია. პატრიარქის ფუნჯს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა: “ჩვენთან არს ღმერთი”, “მაცხოვარი”, “ძველთა დღეთა”, “ღვთისმშობელი ოდიგიტრია”, “მთავარანგელოზები”, “წმინდა დავით წინასწარმეტყველი” და “ღვთივდაცული საქართველო”. განსაკუთრებული სიყვარულით აქვს დაწერილი წმინდა მეფეების - დავითის, სოლომონის, ვახტანგისა და თამარის ხატები, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე ვარიანტადაც შეიქმნა”, - აღნიშნავს თამარ მამაცაშვილი.

“პატრიარქის ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. თუმცა მისი შემოქმედება ფრესკებსაც მოიცავს: “ღვთივდაცული საქართველო” ძველ საპატრიარქო რეზიდენციას ამკობს, ხოლო წმინდა მეფე თამარის გამოსახულება დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, იგი სამების ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის ესკიზისა და შიოლა ღუდუშაურის სკულპტურული პორტრეტის ავტორიცაა. ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც პატრიარქის თითქმის ყველა ხატში ვლინდება, წმინდა სახეთა განსაკუთრებით ბრძნული, არაამქვეყნიური სიმშვიდეა. თუმცა მეფეთა გამოსახულებებში ერსა და ქვეყანაზე ფიქრი და დარდიც საგრძნობია. პატრიარქის ხატები გამოირჩევა შინაგანი გამომსახველობის სიძლიერითა და მაღალოსტატური მანერით. წმინდა სამების ხატის საიდუმლო და სიმბოლიკა: იმ ხატთაგან, რომელიც უწმინდესმა შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ “ყოვლადწმინდა სამებაა”, რომლის ასლიც დღეს თქვენს ხელთაა. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. მასში იკითხება შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა - ანგელოზთა ფიგურების წყობაში, მათ პოზებსა და ფაქიზ გამომეტყველებაში”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“ხატის კომპოზიცია დაფუძნებულია წრეზე, რომელიც უსასრულობისა და მარადისობის სიმბოლოა. პატრიარქის ხატში თვალნათლივაა წარმოჩენილი ყოვლადწმინდა სამების მარადიული ზეობა. ამ წრეს ფონად სწორკუთხედი აქვს, რაც მიგვანიშნებს სამების ძალისა და მადლის ქვეყნიერების ოთხკუთხივ გავრცელებაზე. სიმბოლურია ხატის ფერადოვანებაც. მასში ჭარბობს: ოქროსფერი, ძოწისფერი და წითელი - გადმოსცემს სამოთხის უნივთო და უქრობ ბრწყინვალებას, უფლის მეორედ მოსვლასა და ხსნის დოგმატს; ლურჯი და მწვანე - ზეციურობისა და სულიწმინდის ცხოველსმყოფელი ძალის სიმბოლოები. ხატის ერთ-ერთი უმთავრესი ღირსება მაღალოსტატური მანერაა - მოქნილი კონტური, სახეებზე შუქჩრდილის ფაქიზი მოდელირება და ფერების ჰარმონიული შეხამება. ამ თვისებების გამო, პატრიარქის ეს ქმნილება თანამედროვე საეკლესიო მხატვართათვის მისაბაძ ნიმუშად იქცა. ჯერ კიდევ ადრეულ ქრისტიანულ ხანაში, ქართველი ერი სამებას განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა. ჩვენი ქვეყნის არაერთი უმთავრესი ტაძარი სწორედ სამების სახელზეა აგებული. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი”, - ამბობს ჟურნალ “კარიბჭის” რედაქტორი.

“გერგეტის სამება (XIV ს.): ხევში, ცასა და მიწას შორის აღმართული დიდებული ტაძარი, სადაც მტრის შემოსევებისას უმთავრესი სიწმინდეები ინახებოდა; ზედაზნის მონასტერი (VI-VIII სს.): მცხეთის სიახლოვეს, სადაც ასურელმა მამამ, იოანე ზედაზნელმა დააარსა სავანე. აქაური მთავარი ტაძრის სამხრეთი ნავი სწორედ წმინდა სამების სახელზეა ნაკურთხი და იქ განისვენებს თავად წმინდა იოანე; ერუშეთის წმინდა სამება (IV ს.): ისტორიულ მესხეთში არსებული ეს სალოცავი ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქრისტიანობის ერთიანობის სიმბოლოა. მემატიანის ცნობით, წმინდა ნინოსა და მეფე მირიანის ეპოქაში, ბიზანტიიდან უფლის სიწმინდეების (სამსჭვალნი და ფერხთა ფიცარი) ჩამოსვენებისთანავე, სწორედ ერუშეთში ჩაეყარა საფუძველი სამების სახელობის ტაძარს. ეს ნათელი დასტურია იმისა, რომ სამების თაყვანისცემა ჩვენი ერის სულიერ გენეტიკაში ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან იღებს სათავეს; თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი: ილია II-ის ცხოვრების მთავარი გვირგვინი, რომელიც 70-წლიანი ათეიზმის შემდეგ ერის სულიერი აღორძინების სიმბოლოდ იქცა...”, - განმარტავს სტატიის ავტორი

სამების დოგმატი - გონების მიუწვდომელი სიყვარული: ქრისტიანული სარწმუნოების ფუნდამენტი წმინდა სამების აღიარებაა. ჩვენი გონება ხშირად ცდილობს ლოგიკურ ჩარჩოებში მოაქციოს ის, რაც ბუნებით ზეაღმატებულია. როგორ შეიძლება იყოს ღმერთი ერთი და, ამავდროულად, სამი პირი (ჰიპოსტასი)? წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სამება არ არის მათემატიკური განტოლება, ის სიყვარულის ერთობაა. მამა, ძე და სულიწმინდა - განუყოფელნი და შეურეველნი. როგორც მზის დისკო, მისგან გამომავალი სხივი და სითბო წარმოადგენენ ერთ მზეს, ისე სამება არის ერთი არსება. მამა - დასაბამი და მიზეზი; ძე - შობილი მამისაგან, განკაცებული სიტყვა; სულიწმინდა - მამისაგან გამომავალი, ცხოველსმყოფელი ძალა. ამ ერთობის არსი არის თავგანწირვა. მამა გასცემს ყველაფერს ძისათვის, ძე ყველაფერს მიაგებს მამას, ხოლო სულიწმინდა ამ სიყვარულს მთელ სამყაროზე განჰფენს. სწორედ ამიტომ, როდესაც ჩვენ სამების ხატის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვდგავართ აბსოლუტური, უანგარო სიყვარულის წინაშე. რატომ არის სამება ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი? სამება არის ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვაობა ერთ მთლიანობაში ჰარმონიულად არსებობდეს. ეს არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს დაქსაქსულ საზოგადოებას. ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენშიც არის სამებისეული ბუნება - გონება, სიტყვა და სული. აღდგომა არის გამარჯვება სიძულვილზე, შიშსა და სიკვდილზე. წმინდა სამების მადლით, ჩვენ გვეძლევა შანსი, დავიწყოთ ახალი ცხოვრება. როგორც პატრიარქი ხშირად ბრძანებს თავის ქადაგებებში: “ძალა ერთობაშია, ერთობა კი მხოლოდ სიყვარულშია”, - წერს თამარ მამაცაშვილი.

“როგორ შევხვდეთ სააღდგომო საჩუქარს? როდესაც კონვერტს გახსნით და პატრიარქის მიერ დაწერილ ხატს იხილავთ, ნუ მიუდგებით მას, როგორც უბრალო დანართს. მოძებნეთ თქვენს სახლში შესაფერისი ადგილი - სალოცავი კუთხე, სადაც ხატი დაიდებს ბინას. ამ ხატის წინაშე დაანთეთ სანთელი და ოჯახთან ერთად შესწირეთ მადლობა უფალს. აუხსენით შვილებს ამ ხატის ისტორია - ვინ დაწერა და რა დატვირთვა აქვს მას ჩვენი ერისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ ლოცავდა პატრიარქი ერს გადაჯვარედინებული სანთლებით - დიკირითა და ტრიკირით. ტრიკირი სწორედ წმინდა სამებას განასახიერებს. როდესაც ის ამ სანთლებს ოთხივე მხარეს ჯვრის ფორმით აღმართავდა, ეს ნიშნავდა, რომ სამების მადლი მთელ ქვეყანას ეფინებოდა. დღეს, როდესაც მისი ხელით აღმართული სანთლები ფიზიკურად აღარ ანათებს ტაძარს, ჩვენს ხელთაა მისი დაწერილი სამების ხატი. ის არის იმავე ნათლის მატარებელი. ძვირფასო მკითხველო, ამ სააღდგომო დღეებში, როდესაც ხატს თქვენს სახლებში დააბრძანებთ, გახსოვდეთ: პატრიარქი ილია II ახლა ზეციურ საქართველოში, წმინდა სამების წინაშე ლოცულობს ჩვენთვის. დაე, ამ ხატის მადლმა გაამთლიანოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!” - დასძენს თამარ მამაცაშვილი.

მირიან მირიანაშვილი - “საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”

“უცნაურია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს სატელეფონო ზარი თბილისში ამერიკული მხარის გააქტიურებად იქნა აღქმული. რეალურად ახალი არაფერი მომხდარა და პროცესის შინაარსობრივი ცვლილება არ იკითხება. ჯერ კიდევ 2019 წელს აშშ-ის პოლიტიკური ელიტის კონსოლიდირებული ხედვა არსებობდა, რომ რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრციდან ეტაპობრივად უნდა იქნეს განდევნილი იმ ლოგიკით, რომ თუ რუსეთს რაიმე ბერკეტს უტოვებ, მას აშშ-ის წინააღმდეგ იყენებს. ამავე ხედვის ფორმირებაში ბრიტანული პოლიტიკური წრეებიც მონაწილეობდნენ, რაც ამ გადაწყვეტილებას უფრო ფართო ანგლოსაქსურ გეოპოლიტიკურ ხაზად აყალიბებდა და ის კულუარულადაც გადაეცემოდა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს. ის, რომ ქართული პოლიტიკური ელიტა ამ მოცემულობას სრულფასოვნად ვერ აღიქვამს, მის შესაძლებლობათა დეფიციტზე მიუთითებს”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

“ქვეყანა ვერ ყალიბდება პოლიტიკური პროცესების ინიციატორად, ხელისუფლება ცდილობს დომინანტური პოლიტიკური ტენდენციების მხარდაჭერას, თუმცა პარალელურად იკვეთება წინააღმდეგობრივი სიგნალები საჯარო და კულუარულ პოლიტიკაში: ერთი მხრივ, აქტიურდება ნეიტრალიტეტის იდეა და მისი გამაძლიერებელი რიტორიკა, მათ შორის სოციალურ ქსელებში მოქმედი მხარდამჭერი ჯგუფების მონაწილეობით, მეორე მხრივ კი საჯაროდ კვლავ ფიქსირდება აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მოთხოვნა. ეს ორი მიმართულება შინაარსობრივად შეუთავსებელია, რადგან თუ საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, ნეიტრალიტეტის პარალელური პოლიტიკური ხაზი ლოგიკურად ვერ იარსებებს. ამგვარად, ეს ორმაგი სიგნალი შეიძლება ტაქტიკურად მომგებიანი იყოს ივანიშვილისთვის: ერთი მიმართულებით კულუარულად ინარჩუნებს რუსეთისთვის მისაღებ პოლიტიკურ მოცემულობას, ხოლო მეორე მიმართულებით აშშ-თან ურთიერთობაში იყენებს სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგს როგორც ზეწოლის მართვის ინსტრუმენტს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“საბოლოოდ კი პროცესის დინამიკა იმ მხარეს გადაიხრება, სადაც უფრო მეტი პოლიტიკური ზეწოლა და გეოპოლიტიკური წონა იქნება, რაც დღევანდელი რეალობის ძირითად ლოგიკას განსაზღვრავს...საქართველოში რუსულ გავლენაზე საუბარი ხშირად უფრო პოლიტიკურ სიგნალებსა და აღქმებს უკავშირდება, მათ შორის ხელისუფლების ფრთხილ პოლიტიკას და დასავლეთთან ურთიერთობის მუდმივ ბალანსირებას. ამ ხედვით ივანიშვილის ქმედებები შეიძლება აღიქმებოდეს როგორც პოლიტიკური მანევრი, სადაც გარკვეული “იმიტაციური” სიგნალები გამოიყენება დასავლეთთან, განსაკუთრებით აშშ-თან, სივრცის დასატოვებლად იმ ლოგიკით, რომ რეალური ნაბიჯები მხოლოდ მაშინ გადაიდგმება, როდესაც კონკრეტული პოლიტიკური შეთავაზება გაჩნდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რაც შეეხება ფართო გეოპოლიტიკურ არქიტექტურას, არსებობს ხედვა, რომ რეგიონული ბალანსები, მათ შორის საქართველოს მომავალი, ნაწილობრივ ევროპის პოლიტიკურ ცენტრშიც ყალიბდება, მათ შორის ბუდაპეშტშიც. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ უკვე იკვეთება აშშ-ისა და ევროპული ელიტების ურთიერთქმედებაში ვიქტორ ორბანის მიმართ პოზიციონირების გამკაცრება. ამ პროცესებში აქტიურ როლს ასრულებს გერმანული პოლიტიკური და ფინანსური წრეების ნაწილი, ისევე როგორც ჩრდილოეთ ევროპის ელიტების პოზიციები. ამ კონტექსტში უნგრეთი განიხილება როგორც ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბასტიონი ევროპაში, სადაც რუსეთის გავლენის საკითხი კვლავ აქტუალურია. მისი შესუსტება, ამ ლოგიკით, ნიშნავს რეგიონში რუსეთის გავლენის კიდევ უფრო შევიწროებას, ხოლო საქართველო რჩება ერთ-ერთ ბოლო გეოპოლიტიკურ კვანძად, სადაც საბოლოო გადანაწილების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული”, - მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“ჯეი დი ვენსს, როგორც ვიცი, მას ძალიანაც არ ურდა ბუდაპეშტში ჩასვლა, მაგრამ... არ მინდა დავასახელო ის ძალები ამერიკის ადმინისტრაციაში, რომლებიც მასთან დაპირისპირებულ ფლანგს წარმოადგენენ, მაგრამ აშკარაა, რომ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკური პოზიციის შესუსტებას ემსახურება. ასეთ ნაბიჯებს სერიოზული გავლენა ექნება იზოლაციონისტურ ფრთაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, როცა პრაიმერებზე გავლენა გადამწყვეტია. ფაქტობრივად, ვენსი პოლიტიკურ ჩარჩოში მოაქციეს. ორბანის თემაც შეიძლება ამ კონტექსტზე იყოს მიბმული, როგორც სურათის ნაწილი, რომლის მიზანიც არის პოლიტიკური დაძაბულობისა და კრიზისის განცდის შექმნა, სადაც დემოკრატიული პროცესის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება... - დასძენს მირიან მირიანაშვილი და შეკითხვაზე - “რა მოლოდინი უნდა გვქონდეს ჩვენ რუბიოს ზარის შემდეგ?” - პასუხობს:

“არ გამოვრიცხავ, რომ ამერიკისთვის უფრო აქტუალური გახდეს საქართველოში სამხედრო ინფრასტრუქტურისა და წარმომადგენლობის გაძლიერება. რუსეთს უკრაინის ფრონტზე ისეთი პრობლემები შეექმნა, თუ ამერიკასთან კულუარული შეთანხმების ფარგლებში ვერ მიიღო კომპენსაცია სანქციების შემსუბუქების ან მოხსნის სანაცვლოდ, რთული სათქმელია, როგორი სამხედრო-პოლიტიკური პერსპექტივა ექნება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთლიანად რეგიონში. რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენას სულ უფრო მეტად განიხილავს როგორც ვაჭრობისა და პოლიტიკური გარიგებების საგანს. ამ კონტექსტში საქართველოც განიხილება როგორც ერთ-ერთი მიმართულება, სადაც გავლენების გადანაწილება და ბერკეტების გაცვლა შესაძლებელია... სასურველი იქნებოდა, რომ რუსეთის გავლენების შემცირება და გადაფასება საქართველოს ინტერესებში კონვერტირებულიყო, მაგრამ არსებობს რისკი, რომ ეს პროცესები საქართველოსთვის დამატებით სარგებლად არ იქცეს. სწორედ აქ იკვეთება მთავარი გამოწვევა, რომ რეგიონში მიმდინარე ძალთა გადანაწილების პროცესში საქართველო შესაძლოა ვერ იღებდეს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ასეთ გარდაქმნებს ჩვეულებრივ თან სდევს, განსხვავებით ზოგიერთი მეზობელი ქვეყნისგან”...

ვიქტორ ყიფიანი - “არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს”

“დღეს მოწმენი გავხდით იმის, რომ ქვეყანამ როგორც აქტორმა, მიზნობრიობა და ფუნქცია დაკარგა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ საერთაშორისო პოლიტიკაშიც. ეს მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგად მოხდა. ხელისუფლებას გაუჩნდა ინტერესთა კონფლიქტი ორ ამოცანას შორის: ერთი - ძალაუფლების შენარჩუნება და მეორე - ქვეყნის განვითარება. ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანამ იმდენად დაჯაბნა სახელმწიფოებრივი განვითარების მიზანი, რომ საბოლოოდ ეს წინააღმდეგობა იქცა მდგომარეობად, როდესაც ვიწროპარტიულმა და ჯგუფურმა ინტერესებმა დაიქვემდებარა სახელმწიფოს განვითარების საკითხი. დღეს იმ ზღვარზე ვართ, როდესაც, თუ ამ პროცესს დროულად არ ეშველა, შესაძლოა შემდეგ უკვე გამოსავალიც აღარ დარჩეს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვიქტორ ყიფიანი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს”.

“საგარეო ასპარეზზე ჩვენთვის მთავარი გამოწვევაა უკიდურესად რთული საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც გამოირჩევა არასტაბილურობით. საერთაშორისო გარემო ახლა ყველაზე არაპროგნოზირებადია. ეს განსაკუთრებით ითქმის “კოლექტიურ დასავლეთზე”, რომლის მოქმედების ლოგიკა ცოტა ბუნდოვანია. ბუნდოვანია “კოლექტიური დასავლეთის” მთავარი აქტორის, შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მსგავსი ქვეყნების მიმართ. რაც შეეხება შიდა ფაქტორებს, ინსტიტუტების დასუსტებასთან ერთად, ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზეზად მივიჩნევ იმას, რომ ქართველ საზოგადოებაში გაიზარდა უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდა. ეს დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა შესაძლებელია, თუმცა ეს ვერ მოხდება მხოლოდ სხვის იმედად ყოფნით - ქვეყნის ბედზე პასუხისმგებლობა თითოეულ მოქალაქეს ეკისრება. გონებრივი სიზარმაცე, განზე გადგომა და მხოლოდ შემფასებლის როლში ყოფნა ამ პროცესს ვერ უშველის. ამიტომ, უიმედობასთან ერთად, ერთგვარ სიზარმაცესაც დავასახელებდი, რაც შეიძლება მკაცრი შეფასებაა, თუმცა მიანიშნებს, რომ მიუხედავად საბჭოთა წარსულიდან მოყოლებული მრავალი აღმასვლისა და დაღმასვლისა, როგორც ჩანს, ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გამოვაღწიეთ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვიქტორ ყიფიანი.

“თითქოს კომფორტსაც კი ვპოულობთ ამ მდგომარეობაში, პირადი სარგებლისა და კომფორტის ზონის გახანგრძლივების მცდელობაში. სწორედ ამ განწყობას ძალიან კარგად მოარგო საკუთარი პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ”... უნდა გავიაზროთ, რომ ხელისუფლების დემონტაჟი და ახალი სისტემის აგება შესაძლებელია მხოლოდ რეალური არჩევნების გზით. რამდენად შინაარსდაცლილი მოწოდებაც არ უნდა იყოს ეს დღეს, სხვა გზას მე ვერ ვხედავ. ჩვენი არცთუ საამაყო ისტორიული გამოცდილება გვაჩვენებს, რომ როდესაც ქვეყანა შედის სამოქალაქო დაპირისპირების ან კონფლიქტის ფაზაში, იქიდან გამოსვლა მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას, დროს და მძიმე მსხვერპლს როგორც ემოციურს, ასევე მორალურს. ამიტომ მიჭირს განსაკუთრებული “რეცეპტის” შეთავაზება, გარდა იმისა, რომ ხელისუფლება უნდა ვაიძულოთ დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, ეს კი, მათ შორის უნდა გამოიხატოს ნორმალურ არჩევნებში”, - დაასკვნის ანალიტკოსი და შეკითხვაზე - “ირაკლი კობახიძესა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის სატელეფონო საუბარის შემდეგ, გავრცელდა არაერთი ვერსია, მათ შორის ქვეყნის შიდაპოლიტიკური პროცესების შესაძლო ცვლილებების შესახებ...” - პასუხობს:

“ის განცხადებები, რაც რუბიოს ზარს მოჰყვა, ღრმა ანალიზის საფუძველს დიდად არ იძლევა. თუმცა ერთი საკითხი მაწუხებს: ხომ არ მიმდინარეობს ქართულ და ამერიკულ მხარეებს შორის კომუნიკაცია გარკვეულ ვალდებულებებსა თუ საჭიროებების დაკმაყოფილებაზე და ამ კონტექსტში ხომ არ დააყენებენ უკანა პლანზე ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემასთან, ადამიანის უფლებებთან, მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ იმ საბაზისო საკითხებს, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვაღელვებს? ჩემი აზრით, არსებობს რისკი, რომ ეროვნული საჭიროებები გეოპოლიტიკურ ინტერესებს შეეწიროს - ამას კითხვის ფორმას ვაძლევ, რადგან მკაფიო პასუხი არა მაქვს ინფორმაციის სიმწირის გამო. თუ ხელისუფლება საუბრობს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის “გადატვირთვაზე”, მაშინ, პირველ რიგში, ან სულ მცირე პარალელურად, უნდა ფიქრობდეს საზოგადოებასთან ურთიერთობის გადატვირთვაზეც. მოქალაქეებისგან მოწყვეტილი ხელისუფლება ვერ შეძლებს ვერც სისტემურ და ვერც შინაარსობრივ გადატვირთვას საერთაშორისო დონეზე”.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს