მხატვარი პატრიარქი, უნიკალური მოვლენა ეკლესიის ისტორიაში - ილია II-ს 20-მდე ხატი აქვს შექმნილი

1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II აღსაყდრების რიტუალის ჩატარების შემდეგ დაიწყო ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მართლმადიდებლობის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.

წელს, უფლის აღდგომის დღესასწაულს დუმილით ვხვდებით. დუმილით, რომელიც პატრიარქის ფიზიკური არყოფნის გამო დაგვეუფლა ყველა მორწმუნეს. თუმცა გვანუგეშებს მისი დანატოვარი - მისი ღვაწლი ეროვნული ფასეულობების გაძლიერებასა და ღვთის რწმენის დაბრუნებაში, მისი ქადაგებები, მისი საგალობლები და მის მიერ დაწერილი ხატები.

გიამბობთ მხატვარი პატრიარქის, როგორც უნიკალური მოვლენის შესახებ, ეკლესიის ისტორიაში და ასევე, გაგაცნობთ მის მიერ დაწერილი „ყოვლადწმინა სამების“ ხატის მნიშვნელობისა და სიმბოლიკის შესახებ:

ილია II-ის ფენომენი ქართულ კულტურაში მხოლოდ საეკლესიო მოღვაწეობით არ შემოიფარგლება. ის იყო ხელოვანი, რომელიც მუსიკით, პოეზიითა და ხატწერით ცდილობდა ღვთიური სამყაროს ჩვენამდე მოტანას. უწმინდესი მრავალი მუსიკალური ნაწარმოებისა და გალობის ავტორია. 2015 წლის 2 აპრილს, აუტიზმის საერთაშორისო დღეს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდა საქველმოქმედო გალაკონცერტი, რომელზეც მთლიანად კათოლიკოს-პატრიარქის ნაწარმოებები შესრულდა.

მისი ხატწერის სტილი არ ჰგავს არცერთ სხვას. მასში იგრძნობა ბიზანტიური მკაცრი კანონიკისა და ქართული ფაქიზი სულის შერწყმა.

ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდა, სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არაა. ეს ფენომენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის გამორჩეულ ბუნებას - ის იყო არა მხოლოდ სულიერი მამა, არამედ შემოქმედი, რომელიც ღვთიურ ნათელს ფერებში აქსოვდა.

მისი უწმიდესობა ოცამდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია. პატრიარქის ფუნჯს ეკუთვნის ისეთი შედევრები, როგორიცაა: „ჩვენთან არს ღმერთი“, „მაცხოვარი“, „ძველთა დღეთა“, „ღვთისმშობელი ოდიგიტრია“, „მთავარანგელოზები“, „წმიდა დავით წინასწარმეტყველი“, „ღვთივდაცული საქართველო“ და „ყოვლადწმინდა სამება“. განსაკუთრებული სიყვარულით აქვს დაწერილი წმიდა მეფეების - დავითის, სოლომონის, ვახტანგისა და თამარის ხატები, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე ვარიანტადაც შეიქმნა.

პატრიარქის ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული. მისი შემოქმედება ფრესკებსაც მოიცავს: „ღვთივდაცული საქართველო“ ძველ საპატრიარქო რეზიდენციას ამკობს, ხოლო წმიდა მეფე თამარის გამოსახულება დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, იგი სამების ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის ესკიზისა და შიოლა ღუდუშაურის სკულპტურული პორტრეტის ავტორიცაა.

პატრიარქის თითქმის ყველა ხატში ვლინდება ერთი სახასიათო ნიშანი - წმიდა სახეთა განსაკუთრებით ბრძნული, არაამქვეყნიური სიმშვიდე. მეფეთა გამოსახულებებში კი იგრძნობა ერსა და ქვეყანაზე ფიქრი და დარდიც.

იმ ხატთაგან, რომელიც უწმიდესმა შექმნა, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ „ყოვლადწმიდა სამებაა“. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. მასში იკითხება შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა - ანგელოზთა ფიგურების წყობაში, მათ პოზებსა და ფაქიზ გამომეტყველებაში.

სიმბოლურია ხატი სფერადოვნებაც. მისი ოქროსფერი, ძოწისფერი და წითელი გადმოსცემს სამოთხის უნივთო და უქრობ ბრწყინვალებას, უფლის მეორე მოსვლასა და ხსნის დოგმატს. ხოლო ლურჯი და მწვანე ზეციურობისა და სულიწმინდის ცხოველსმყოფელი ძალის სიმბოლოებია.

ჩვენი ქვეყნის არაერთი უმთავრესი ტაძარი აგებულია სამების სახელზე, მათ შორის არის გერგეტის სამება, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარი, რომლის მშენებლობაც სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით განხორციელდა. ასევე უდიდესია ერის ძალისხმევაც, ტაძრის მშენებლობაში.

თბილისის სამების ტაძრის მშენებლობა, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მთელი ერის ძალისხმევით განხორციელდა, იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა საქართველოს ისტორიაში, ეს იყო ერთგვარი გამოხატულება იმისა, თუ როგორ დაუბრუნდა ერი ტაძარს ათეისტური იმპერიიდან გამოსვლის შემდგომ.

წელს, „კვირის პალიტრის“ სააღდგომო ნომერი განსაკუთრებული იქნება - თითოეული თქვენგანის ოჯახში შემობრძანდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაწერილი ყოვლადწმინდა სამების ხატი. ეს არ არის მხოლოდ საჩუქარი; ეს არის კურთხევა, სიმბოლო ჩვენი ერისა და ერთიანობისა. „კვირის პალიტრა“ ასევე აგრძელებს ტრადიციას და მკითხველს კვლავ სთავაზობს საჩუქრად იერუსალიმის წმინდა ცეცხლზე თავმომწვარ სანთელს, რომელიც „ყოვლადწმინდა სამების“ ხატთან ერთად მოჰყვება 13 აპრილის ნომერს.

„ყოვლადწმინდა სამება“ გახლავთ საქართველოს ეკლესიის ერთგვარ სიმბოლოდ ქცეული ხატი, რომელიც ხასიათდება ორიგინალური იკონოგრაფიით და ყოვლადწმინდა სამების მანამდე არსებულ ხატებს შორის სრულიად გამორჩეულია. ხატი შეიქმნა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისთვის და სწორედ იქ არის დაბრძანებული.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს