უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პიტერ მადიარის განცხადებით, მისი მთავრობა ეცდება გააუმჯობესოს ურთიერთობები ყველა მეზობელ ქვეყანასთან, მათ შორის უკრაინასთან, ეროვნული უმცირესობების საკითხის მოგვარების პარალელურად.
მადიარმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ბევრი უნგრელი ცხოვრობს, თუმცა მათი რაოდენობა ახლა მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო.
"ზაკარპატიაში ისტორიული ქალაქებია და უკრაინაში დაახლოებით 100 000 უნგრელი კვლავ ცხოვრობს. ამიტომ, ჩვენს ინტერესებშია, შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობა მეზობლებთან და მოვაგვაროთ ნებისმიერი დავა. ეს ეხება უკრაინას, სლოვაკეთს, სერბეთს და ავსტრიას“, - აღნიშნა მადიარმა.
ამასთან, მისი თქმით, ამჟამად არსებობს გარკვეული გადაუჭრელი საკითხები.
„არსებობს მრავალი გადაუჭრელი საკითხი, რომელსაც ორბანის მთავრობისგან მემკვიდრეობით მივიღებთ, რადგან მათ ეს დავები პარტიული პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს“, - აღნიშნა მადიარმა.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერის თქმით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან მილოცვა მიიღო და დარწმუნებულია, რომ მას შეხვდება.
ამასთან, მადიარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ომის მსხვერპლია და არავის შეუძლია, მას სამშვიდობო შეთანხმების პირობები დაუწესოს.
„უკრაინა ამ ომის მსხვერპლია. უკრაინის მთავრობის ამოცანაა დაიცვას მისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი და ოთხწლიანი ომის შემდეგ არავის შეუძლია მიუთითოს მათ, რა პირობებით მიიღონ მშვიდობა“, - განაცხადა მადიარმა.
მისი თქმით, შეუძლებელია რომელიმე ქვეყანას უთხრა, რომ დათმოს თავისი ტერიტორია, როგორც ამას უნგრეთის ამჟამინდელი მმართველი პარტიის, „ფიდესის“ პოლიტიკოსები აცხადებდნენ.
„რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის საკითხის გადაწყვეტა უნგრეთის საქმე არ არის, თუმცა მათ უნდა მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები, ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები, რომელთა დაცვა და მონიტორინგი შესაძლებელი იქნება“, - აღნიშნა პიტერ მადიარმა.