საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების დაწყებას ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობების გარეშე ითხოვს და მაგალითად მეზობელი ქვეყნები მოჰყავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აზერბაიჯანსა და სომხეთთან პარტნიორობა სხვა დონეზე ისე აიყვანა, როცა ვაშინგტონს მათთვის არც პატიმრების გათავისუფლება და არც ოპოზიციასთან დაკავშირებული სხვა პირობები არ დაუწესებია.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ „თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ძალიან სამწუხარო იქნება“.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაახლა პარტნიორობა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, სხვა დონეზე აიყვანა. ეს არის აზერბაიჯანი, ეს არის სომხეთი. იქ ხომ არავითარი წინაპირობები არ ყოფილა. არც პატიმრების გათავისუფლება, არც რაიმე სხვა. არავითარი ასეთი წინაპირობა არ ყოფილა. არც ოპოზიციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტას ეხებოდა, კობახიძემ თქვა, რომ „იმიტომ გაწყდა, რომ იყო უსამართლობა“.
„იმიტომ გაწყდა, რომ არ ჩავერთეთ ომში და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამიტომ გაწყვიტა წინა ადმინისტრაციამ“, - დასძინა პრემიერმა.
ჟურნალისტის კიდევ ერთ რეპლიკაზე, რომელიც კანონებს უკავშირდებოდა, კობახიძემ მიუთითა: „ჩვენზე უკეთესი კანონებია ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუ რაშია საქმე“.
„ხომ ხედავთ, რომ ეს არგუმენტები აბსოლუტურად უსუსურია. როდესაც გვეუბნებიან, რომ ჩვენ მეზობელ ქვეყნებში არის უკეთესი კანონები, ვიდრე საქართველოში, ეს არის ძალიან უსუსური არგუმენტი. აქედან გამომდინარე, თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მიდგომა იქნება არა ასეთი - უსამართლო, არამედ მიდგომა იქნება სამართლიანი. რაც გაფუჭდა უსამართლო მიდგომით, ის შეიძლება გაუმჯობესდეს მხოლოდ სამართლიანი მიდგომით“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.