ქართული პრესის მიმოხილვა 06.09.2018

ივანიშვილის "სკივრში" შემონახული საიდუმლო კანდიდატი

ბრიტანულმა პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილად ორი რუსი დაასახელა

"80 % ამბობს - ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ეს შეცდომაა

* * *

ივანიშვილის "სკივრში" შემონახული საიდუმლო კანდიდატი

"ექსპერტთა ვარაუდით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა როგორც მმართველი გუნდისთვის, ისე არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალებისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან ეს ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფო მეთაური ეყოლება. ასევე იმითაც იქნება გადამწყვეტი, რომ ოპოზიციასთან საპრეზიდენტო არჩევნების წაგება "ოცნების" შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ოპოზიციის შანსებს კი უფრო გაზრდის. ამიტომ, მმართველი გუნდი იძულებულია, ან თავისი კანდიდატი წამოაყენოს, ან მთელი ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი დამოუკიდებელ კანდიდატს მოახმაროს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი დარჩენილ დღეებში, მთლიანად გამოეთიშება საპრეზიდენტო არჩევნებს თუ ეყოლება თავისი რჩეული, ამის შესახებ "რეზონანსი" ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს გაესაუბრა", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ივანიშვილის "სკივრში" შემონახული საიდუმლო კანდიდატი / "არის ერთი პირი, ვისზეც გული სტკივა "ოცნების" თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან".

"რა სცენარი აქვს დაწერილი "ოცნებას" საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ძნელია თქმა, თუმცა, ჩემი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ "ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატთა სარეზერვო ვარიანტში მოიაზრებოდეს როგორც ზურაბ აბაშიძე, ასევე - ირაკლი ღარიბაშვილი. "ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს დრო, ბოლო განაცხადი გააკეთოს. ალბათ, ჯერ კიდევ აკვირდება მოვლენებს და შეიძლება, მართლაც წამოაყენოს თავისი კანდიდატი. "ორივე შესაძლო კანდიდატიდან, ზურაბ აბაშიძესაც და ირაკლი ღარიბაშვილსაც ამ არჩევნებში გამარჯვების მაღალი შანსი აქვთ. ისე, არც ისაა გამორიცხული, რომ მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდეს და სულ სხვა კანდიდატი დაასახელოს მმართველმა გუნდმა. რაც შეეხება დამოუკიდებელი კანდიდატისთვის მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, დამოუკიდებელი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა "ოცნებას" წინასწარ პოლიტიკური გათვლა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. რატომ წინასწარ არ შეაფასა მხარდასაჭერი კანდიდატის რეიტინგი ან რატომ ეგონა, რომ საზოგადოების მხრიდან წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა? ვფიქრობ, რომ ეს საკითხები "ოცნებაში" თავიდანვე უნდა ყოფილიყო გაანალიზებული და ყველა ნაბიჯი გათვლილი. ახლა გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილი "გადააგდეს". ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა ასეთ მიდგომას არ იმსახურებს და არ გამოვრიცხავ, რომ მაინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს მხარი "ოცნებამ" ამ არჩევნებში", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

"როგორც კი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროცესი დაიწყო, მე მაშინვე განვაცხადე, რომ "ოცნებისთვის" პოლიტიკურად მომგებიანი იქნებოდა, თუ ნებაყოფლობით იტყოდა უარს სრულ მონოპოლიაზე და ამ არჩევნებში თავის კანდიდატურას არ დააყენებდა. პროცესის დასაწყისში აქეთკენ მიდიოდა საქმე, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, "ოცნების" შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა: ნაწილი არ ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას. მათ ჩათვალეს, რომ ეს ინსტიტუტი არ უნდა დათმონ, არადა, ივანიშვილმა ისევ თავის ინტერვიუში განაცხადა, შეიძლება, პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციამ წაიღოსო. ვნახოთ, ვისი აზრი გაიმარჯვებს, სულ რამდენიმე დღე რჩება. რაც შეეხება სავარაუდო კანდიდატებს, ვერ გეტყვით, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს "ოცნების" კანდიდატად. ზურაბ აბაშიძის კანდიდატურასთან დაკავშირებით ალბათ გახსოვთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავის ტელეინტერვიუში "ოცნების" სავარაუდო კანდიდატთა შორის ერთ-ერთი პირველი სწორედ ზურაბ აბაშიძე დაასახელა. როგორც ამბობენ, ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მან კატეგორიული უარი განაცხადა. ეს გასაკვირიც არ არის, რადგან ბატონი ზურაბი ძალიან პრინციპული ადამიანია და გადაწყვეტილებებს ძალიან მყარად იღებს. ასე იყო სააკაშვილის დროსაც, როდესაც მას კულტურის მინისტრობა შესთავაზეს, უარი განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან დაკავშირებით არაფერი მსმენია. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას, ვფიქრობ, ძალაში დარჩება "ოცნების" მხრიდან მისი მხარდაჭერა", - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუპრისას პოლიტოლოგი პეტრე მამრაძე.

"ოცნების" სათადარიგო მოთამაშეების შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ხმები იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად "ოცნებაში" ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა მოიაზრებოდა, გამიგონია. ბიძინა ივანიშვილმაც თავის ტელეინტერვიუში განაცხადა, რომ არიან ღირსეული კანდიდატები, რომლებსაც შეუძლიათ არჩევნების მოგება და პირველი, ვინც დაასახელა, იყო ზურაბ აბაშიძე. შეიძლება, ზურაბ აბაშიძეს ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ მას ბევრი არგუმუნეტი აქვს იმისთვის, რომ უარი ეთქვა შეთავაზებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ იგი არ იბრძოლებს პრეზიენტობისთვის და არც საზოგადოების კრიტიკის საფუძველი გახდება. ისე, დღევანდელი საქართველო სახელმწიფოს რომ ჰგავდეს, ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა სრულად შეესაბამებოდა პრეზიდენტის თანამდებობას. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერას, ჩემი აზრით, იმ კანდიდატების ფონზე, რომლებიც მონაწილეობას იღებენ არჩევნებში, სალომე ზურაბიშვილზე ვერავინ იტყვის, ვაი-ვაი, რა კანდიდატიაო. ის სხვა კადიდატებისგან განსხავებით არ ატყუებს ამომრჩეველს, ღიად საუბრობს თავის გეგმებზე და არავის ჰპირდება, რომ პენსიებს გაზრდის. რაც შეეხება სხვა კანდიდატურას, ალბათ, არის ერთ სკივრში შენახული პირი, ვისზეც გული სტკივა ჩვენი მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, რადგან მას მოუწია თავის დროზე, უსაფუძვლოდ გაეძევებინა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. თუ ეს სკივრი გაიხსნება, შეიძლება, ეს პიროვნება დასახელდეს "ოცნების" კანდიდატად საპრეზიდენტო არჩევნებში", - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი.

ბრიტანულმა პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილად ორი რუსი დაასახელა

"ბრიტანულმა პოლიციამ 2018 წლის მარტში რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილები დაასახელა. სკოტლანდ-იარდის განცხადებაში აღნიშნულია, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა სკრიპალების მოწამლვისთვის ბრალდება წაუყენონ რუსეთის ორ მოქალაქეს-ალექსანდ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს. მათივე ცნობით, აღნიშნული სახელები და გვარები, სავარაუდოდ, ყალბია. ბრიტანეთის სამეფო პროკურატურამ გამოსცა ევროპული ორდერი რუსეთის მოქალაქეების დასაკავებლად, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი უარს აცხადებს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციაზე, პროკურატურის წარმომადგენელმა სიუ ჰემმინგმა თქვა, რომ რუსეთის ფედერაციას არ მოსთხოვენ ეჭვიმიტანილების ექსტრადიციას. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციის აკრძალვა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაშია გაწერილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ბრიტანულმა პოლიციამ სკრიპალების მოწამვლაში სავარაუდო ეჭვმიტანილად ორი რუსი დაასახელა.

"პოლიციის ცნობით, 2018 წლის 2 მარტს რუსეთის ორი მოქალაქე მოსკოვიდან ჩაფრინდა ლონდონში და დასახლდა სასტუმრო "სითი სთეიში". მეორე დღეს დილით მატარებლით გაემგზავრნენ სოლსბერიში და იმავე საღამოს დაბრუნდნენ ლონდონში. 4 მარტს ეჭვმიტანილები ისევ გაემგზავრნენ სოლსბერიში, სადაც ისინი სკრიპალების სახლის ახლოს დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. იმავე საღამოს ისინი დაბრუნდნენ მოსკოვში. 4 მარტს, რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი ქალაქ სოლსბერის ცენტრში არსებულ სკვერსი უგონოდ იპოვეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მამა-შვილი მოწამლული იყო რუსეთში შემუშავებული ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება "ნოვიჩოკით"... შეგახსენებთ, რომ 30 ივნისს მომწამვლელი ნივთიერებით ქალაქ ეიმსბერიში, სოლსბერისთან ახლოს, კიდევ ორი ადამიანი მოიწამლა- 44 წლის დონ სტერჯესი, რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მისი 45 წლის მეგობარი ჩარლი როული", - აღნიშნავს გამოცემა.

"სკრიპალების მოწავლის შემდეგ ინგლისსა და რუსეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება დაიწყო. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს მოსთხოვა ამ შემთხვევის განმარტება. ამის შემდეგ კი, ლონდონიდან გაუშვეს 23 რუსი დიპლომატი. ამ ფაქტს მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანა გამეხმაურა და გაერთიანებული სამეფოს მსგავსად საკუთარი ქვეყნებიდან მათაც გაუშვეს რუსი დიპლომატები. თავის მხრივ, მოსკოვმა გაერთიანებული სამეფოდან საკუთარი დიპლომატების გაძევების შემდეგ იგივე გაუკეთა მოსკოვში მყოფ ინგლისელ დიპლომატებს და გააძევა ისინი ქვეყნიდან", - დასძენს გამოცემა.

"80 % ამბობს - ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ეს შეცდომაა

"ცოტა ხნის წინ სრულიად სოციალური მედია "შოკში ჩააგდო" აღმოჩენამ, რომ "რაც მოგივაო დავითაო, ყველა შენი თავითაო" დავითზე კი არა, დავაზე ყოფილა. ამჯერად, პროფესორი თამარ ბუკია წერს, რომ ყველასთვის ცნობილი ლექსი, ყველას არასწორად გვცოდნია და ბებერი არა ალაზანში, არამედ არაზანში ჰკიდია" , - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "80 % ამბობს - ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია" - ეს შეცდომაა, ჩვენს საყვარელ ლექსში ბებერი ალაზანში არ ჰკიდია.

"ალბათ ყველას გახსოვთ საბავშვო ლექსი: "აჩუ, აჩუ, ცხენო, საით გაგაჭენო?..." მ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს - "ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია, პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო. ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა - პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი? სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი არაზანშია ჩაკიდული - არაზანი დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად. აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბეეევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, - "პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო. გუგლში რომ მონახოთ, წერია, "არაზანი - დიდ, თავსხმა წვიმას ნიშნავსო" - წერს თამარ ბუკია, რომელიც იხსენებს, რომ კახეთში, ერთ-ერთ ოჯახში, რომელიც პურის ცხობას მისდევს პირველად გაიგო, რომ არაზანი დიდი თონე ყოფილა", - აღნიშნავს გამოცემა.

"გადავწყვიტე, არაზანი ჩავდგა თონის ნაცვლად, თორემ თონე ვერ აუდის ამდენი პურის ცხობასო". - ბრძანა დიასახლისმა. "არაზანი - რა არის-მეთქი?" - რომ ვიკითხე, გაეცინათ. "პროფესორი ქალი ხარ და მა ეს არ უნდა იცოდეო? არაზანი - დიდი თონეა. ჩვეულებრივ (კახურ) თონეზე ორჯერ დიდი მაინც იქნებაო"... აი, მაშინ შევხტი მოულოდნელობისგან... იმ წუთას ეს ლექსი გამახსენდა... ხმამაღლა ვთქვი და... "ვნახე", როგორ განლაგდა ყველაფერი თავ-თავის თაროზე... ერთს ჩავამატებ: "არაზანი", ალბათ, მხოლოდ კახეთში იყო, მიღებული თონის სახელად. არაზანს რომ ჩაანთებდნენ, იმხელა იყო, რომ მთელი თუ არა, ნახევარი სოფელი მაინც აცხობდა პურს იმ დღეს. წარმოიდგინეთ, რამხელა იყო არაზანი: ჩვეულებრივ თონეში 4-5 "სვეტად" აკრავდნენ პურებს და თითო სვეტში 5-6 პური ცხვებოდა. ანუ 20 მოზრდილი ან 30-მდე - მომცრო ზომის პური. არაზანში ჩაკრული პურების სვეტების რაოდენობა - 8-დან 12-მდე მაინც იყო და თითო სვეტში 7-8 პური ცხვებოდა. ანუ 56-დან 96-მდე პური ცხვებოდა ერთდროულად. იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად", - წერს თამარ ბუკია, რომელიც "წარმატებას გვისურვებს" და იმედოვნებს, რომ "ბავშვებსაც ასევე ვასწავლით!" - დასძენს გამოცემა.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ