ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2018

მამუკა არეშიძე - "ყველაფერს კიდევ ემატება ხელისუფლებაში მყოფი გუნდის არაპროფესიონალიზმი"

პატრიარქმა ზურაბიშვილის საკითხში "ოცნებას" დაუთმო, მაგრამ მარიხუანას კანონზე პოზიცია გაამკაცრა

ვახტანგ ძაბირაძე - "ქვეყანაში სიტუაცია უნდა დალაგდეს - პრობლემა სასიცოცხლოდ კრიტიკულია"

* * *

მამუკა არეშიძე - "ყველაფერს კიდევ ემატება ხელისუფლებაში მყოფი გუნდის არაპროფესიონალიზმი"

"ვერც სალომე ზურაბიშვილს და ვერც ვერავის დავეთანხმები, რომ ომი მაინცდამაინც მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. ომი დაიწყო რუსეთმა და ამას ყოველთვის ვამბობდი და მომავალშიც ვიტყვი. სააკაშვილმა შეიძლება იცოდა, რა ხაფანგს უგებდნენ და შეგნებულად გაყო თავი მასში, მაგრამ ომს საქართველო ვერანაირად ვერ დაიწყებდა! აგვისტოს ომის ზურაბიშვილისეული შეფასება ნამდვილად კარგად გამოიყენა რუსულმა მედიამ - ამის დაშვება არ შეიძლებოდა! მისი განცხადებები განსაკუთრებით სახიფათოა იმის გათვალისწინებით, თუ რა პროცესები გვაქვს რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული სტრასბურგსა და ჰააგაში", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "მიუღებელია, როდესაც ბიზნესმენები მედიას ფარად იყენებენ" / "სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ისევ ამგვარი განცხადებების გაკეთება თუ დაიწყო, იმპიჩმენტის გამოცხადება გახდება საჭირო" / "თუ ხელისუფლებამ არ დაუსვა წერტილი გარკვეული გავლენიანი დაჯგუფებების პარპაშს, ცოტა ხანში მივიღებთ ქვეყანას კორუმპირებული მმართველობის წესით" .

"საპრეზიდენტო კანდიდატის ამპლუაში ზურაბიშვილმა პირველივე ნაბიჯების გადადგმისას არაერთი შეცდომა დაუშვა. ის საკმაოდ ჯიუტი და ხისტი პოლიტიკოსია, ზოგ შემთხვევაში ზედმეტად უკომპრომისოც - სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ისევ ამგვარი განცხადებების გაკეთება თუ დაიწყო, იმპიჩმენტის გამოცხადება გახდება საჭირო... ერთია მის მიერ დაშვებული შეცდომები და მეორე ის შავი პიარი, რაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს. "ნაციონალურმა მოძრაობამ"და მასთან აფილირებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ლამის იმდენი ქნან, რომ ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩევლის ნაწილი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერად აქციონ... რაც შეეხება ეკლესიის თაობაზე სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებას, მასში ვერაფერს ვხედავ ისეთს, რასაც მეც არ ვეთანხმები - მიუხედავად იმისა, რომ ვარ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც ინსტიტუტის, უაღრესად გულმხურვალე მხარდამჭერი და მიმაჩნია, რომ ეკლესია არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი იდეის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგიერთი მღვდელმთავრის პოზიცია უარყოფითად არ უნდა შეფასდეს... სრულიად გაუგებარია ზოგიერთი მათგანის ზღვარგადასული აქტიურობა -ერთ-ერთმა მათგანმა წყევლა-კრულვაც შეუთვალა ყველას, ვინც სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს. აბსოლუტურად სწორად ბრძანა ჩვენმა პატრიარქმა _ პოლიტიკური განცხადებებისგან სასულიერო პირებმა თავი უნდა შეიკავონო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

"ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული და წამგებიანი იყო კანაფის კულტივაცია-წარმოებასთან დაკავშირებული ინიციატივის გახმაურება. ჩემთვის ეს ნაბიჯი სრულიად გაუგებარია. ერთ-ერთი ვერსიით, ამის უკან დგას ბიზნესჯგუფი, რომელიც პირადი ინტერესების გათვალისწინებთ ცდილობდა ამ ინიციატივის დაკანონებას. არსებობს ასეთი ვერსიაც, რომ ეს ინიციატივა თითქოს ქვეყნის გარედან გარკვეული ჯგუფების სურვილით იყო განპირობებული. უმრავლესობის ზოგიერთ წევრთან საუბრისას მივხვდი, რომ მათ ნაწილს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ინიციატივაზე და ძალიან აღშფოთებულიც იყვნენ... ჩემთვის ამ ინიციატივამდეც იყო ცნობილი, რომ კანადაში ასეთი პლანტაციები არსებობს, ახლა გაირკვა, რომ კანაფი მოჰყავთ ჩეხეთში, დიდ ბრიტანეთში და ა.შ. და ეკონომიკურად ეს შეიძლება ძალიან მომგებიანიც არის, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება სხვაგვარი მომზადება, ახსნა-განმარტება, რეგულაციების იმგვარად დაწესება, რომ არავის არაფერში შეეპაროს ეჭვი. ჩვენთან უკუღმა სცადეს ამის გაკეთება - ჯერ კანაფის მოყვანის ინიციატივა გაახმაურეს და კანონპროექტზე დაიწყეს ლაპარაკი, მერე კი კანაფისა და მარიხუანის მოხმარების რეგულაციებზე გახურდა მსჯელობა. საზოგადოების დიდი ნაწილი, ეკლესიის წარმომადგენლებიც, ყველაზე მეტად აღშფოთებულნი იყვნენ იმით, რომ ჩვენ არავინ არაფერი გვკითხა და პირდაპირ ფაქტის წინაშე დაგვაყენეს" - განაგრძობს რესპონდენტი.

"კარგია, რომ საზოგადოების პროტესტი ადეკვატურად აღიქვეს და უკან დაიხიეს. ასევე პარალელურად მიმდინარეობდა მეხორბლეთა პროტესტი, რასაც ისევ ხელისუფლების უკან დახევა მოჰყვა. ვიღაცისთვის ხელისუფლების ქცევა გაუთვლელი ნაბიჯია, ვიღაცისთვის - ლობისტური ჯგუფების ნამუშევარი, რომელთაც საზოგადოებრივი აზრი სულ არ ანაღვლებთ. ამ ყველაფერს ემატება არაპროფესიონალიზმი იმ გუნდისა, რომელიც ხელისუფლებაშია. სამწუხაროდ, ეს გუნდი არ არის მონოლითური და არც იმაზე ორიენტირებული, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო ნაბიჯები არ ანაცვალოს ასეთ გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს... საბოლოოდ, ყოველივე ეს სასაცილო ვითარებაში ამყოფებს ხელისუფლებას, რომელიც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, შემდგომ კი ცვლის. გაუაზრებელი ნაბიჯები ხელისუფლების იმიჯს ანადგურებს, მით უფრო ურტყამს ახალჩამოყალიბებულ მთავრობასა და ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრს, რომელსაც, როგორც ვხედავ, ძალიან დიდი გეგმები აქვს, მაგრამ წყალში ჩაეყრება, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა", - განმარტავს ექსპერტი.

"სავალალო ფაქტია, რომ ხელისუფლების პარალელურად ჩამოყალიბებულია ჯგუფები, რომლებიც ხელისუფლებასა და ბიზნესზე საკუთარი გავლენის გავრცელებას ცდილობენ. ხდება ასე - ერთხანს ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა აქვთ, იმუშავებენ, მაგრამ რაღაც პერიოდში გაერიდებიან ვითარებას, თუმცა მერე ისევ ამოტივტივდებიან და უფრო მეტი ძალაუფლების მოპოვებას ცდილობენ. საბოლოოდ ხელისუფლებაზეა დამოკიდებული მათი აპარპაში - თუ რამდენად ეცდება მათ გამოყენებას და ზოგჯერ ფონს იოლად გასვლას. დღეს ამგვარი პრობლემები აშკარაა. თუ ხელისუფლებამ არ დაუსვა წერტილი გარკვეული გავლენიანი დაჯგუფებების პარპაშს, ცოტა ხანში მივიღებთ ქვეყანას კორუმპირებული მმართველობის წესით"- დასძენს მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - "აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა, საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო რომ შექმნილიყო აშშ-მა წლების განმავლობაში, დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოახდინა...", - პასუხობს:

"როცა ამ რანგის დიპლომატი რომელიმე საკითხზე ასე საჯაროდ ლაპარაკობს, ჩათვალეთ, რომ ამას ძალიან მკვახედ ამბობს კულისებში, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირისპირ დარჩენისას. არ გამოვრიცხავ, რომ ახლახან აშშ-ში სამუშაო ვიზიტად მყოფი პრემიერ-მინისტრისთვის მართლმსაჯულების პრობლემებზე დახურული შეხვედრებისას მკაფიოდ მიეთითებინათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე ყველაზე ნაკლები ბრალი მას მიუძღვის. იმდენად ჩამყაყებულია ვითარება სასამართლო სისტემაში, წარმოუდგენლადაც კი მეჩვენება უახლოეს მომავალში რამის არსებითად შეცვლა.".

"ქართულმა ოცნებამ" უმთავრესი შეცდომა ის დაუშვა, რომ სასამართლო სისტემა არ შეცვალა და ის მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდნენ, არათუ გაუშვეს სისტემიდან, არამედ დააწინაურეს კიდეც. ეს არ უნდა მომხდარიყო. სამართალდამცავ სტრუქტურებში არ უნდა დარჩენილიყვნენ ის პირები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კანონს არღვევდნენ, რის შედეგადაც იმ რეჟიმს არაერთი ადამიანი ემსხვერპლა, არაერთს გაუნადგურდა ჯანმრთელობა, განადგურდა მორალურად... ჩემი აზრით, კოაბიტაციის ეს ფორმა უმახინჯესი იყო, ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა და კიდევ უარესს უნდა ველოდოთ. მოსამართლეების ნაწილი, რადგან ძველი დანაშაულები შერჩა, თვლის, რომ მათთვის ყველაფერი შეიძლება. მათ მონანიებითაც არაფერი მოუნანიებიათ, ისე აპატიეს", - დაასკვნის არეშიძე.

პატრიარქმა ზურაბიშვილის საკითხში "ოცნებას" დაუთმო, მაგრამ მარიხუანას კანონზე პოზიცია გაამკაცრა

"ხელისუფლებისა და ეკლესიის წარმომადგენლები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს - მარიხუანას კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. პატრიარქი თავისი ტრადიციული საკვირაო ქადაგებისას გუშინ უკვე ზედიზედ მეორედ შეეხო მარიხუანას საკითხს, თუმცა თუკი ერთი კვირის წინ, ილია მეორის განცხადებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს თეორიულად დასაშვებად მიაჩნდა კანონის მიღება, ამჯერად პატრიარქი შეუვალი იყო - "ჩვენ ვთხოვეთ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, რომ გაწვეული იყოს ეს კანონი მარიხუანას კულტივაციისა და არ იყოს ეს მიღებული. ჯერჯერობით შეჩერებულია ეს კანონი და იმედია, რომ მომავალშიც არ იქნება მიღებული", - განაცხადა ილია მეორემ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ზურაბიშვილიდან მარიხუანამდე - პატრიარქმა სალომე ზურაბიშვილის საკითხში "ოცნებას" დაუთმო, მაგრამ მარიხუანას კანონზე პოზიცია გაამკაცრა.

"ახლანდელი მდგომარეობით კი, პარლამენტმა მხოლოდ დროებით შეაჩერა კანონპროექტის განხილვა და გაიწვევენ თუ არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის. როგორც ჩანს, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრებმა პატრიარქთან ჯერ "ოცნებისათვის" სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ "სწორი კომუნიკაციის" შემთხვევაში კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელია, რაც ნიშნავს, რომ პატრიარქის გადარწმუნების მცდელობა "ოცნების" მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, უმაღლეს საეკლესიო პირთა უმრავლესობამ მის მიმართ ტონი მართლაც შეარბილა, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა და მის მიმართ უკმაყოფილება აღარ არსებობს. პატრიარქ ილია II-ის მოწოდებას, რომ სასულიერო პირებმა თავი შეიკავონ პოლიტიკური შინაარსის განცხადებისა და ამა თუ იმ პოლიტიკოსის არაკორექტულად მოხსენიებისაგან, მათი ნაწილი ემორჩილება და უჯერებს, თუმცა არის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ სასულიერო პირებს აზრის გამოთქმის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს. ამიტომაც მოლოდინი, რომ ილია მეორის მოწოდების შემდეგ ეკლესიიდან "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კრიტიკული განცხადებები შეწყდებოდა, არ გამართლდა", - აღნიშნავს გამოცემა.

"პატრიარქის სახელით გავრცელებული მიმართვის შემდეგ ქორეპისკოპოსმა იაკობმა განაცხადა, რომ თურმე მან მაშინაც ხუმრობით თქვა, რომ "ზურაბიშვილი მარიხუანას დედოფალი გახდება", ხოლო ახლა, პატრიარქის მოწოდების შემდეგ, რომ შეწყდეს კრიტიკა, ის ეკლესიის მეთაურს უჯერებს. შენდობა ითხოვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემაც, რომელმაც თქვა, რომ "ჩვენი დაფრანგული ქალბატონი თავისი დაფრანგული აზროვნებით ვერ მოგვიტანს კეთილდღეობას". მეუფე პეტრეს თქმით, სიტყვა "დაფრანგული" სამეგრელოში რაღაც გასასწორებელს ნიშნავს და, ქალბატონი კანდიდატის განცხადებებიდან გამომდინარე, მოეჩვენა, რომ მისი აზროვნება-შეფასებები გასასწორებელია და თუ ამით ვინმეს უნებლიეთ გული ატკინა, შენდობას ითხოვს. მათგან განსხვავებით, ზურაბიშვილის კრიტიკის შეწყვეტას არ ეთანხმება ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, რომელმაც თქვა, რომ ზურაბიშვილი ყოველდღიურად სასულიერო პირების მისამართით ისეთი ტიპის განცხადებებით გამოდის, რომ ძნელია უპასუხოდ დატოვება. მისი თქმით, სასულიერო პირებს აზრის გამოხატვის ისეთივე უფლება აქვთ, როგორც სხვა მოქალაქეებს. და ამბობს, რომ ზურაბიშვილი თუ გაპრეზიდენტდება, შეიძლება საქართველოს დატოვებაზეც იფიქროს", - განაგრძობს გამოცემა.

ექსპერტები ფიქრობენ, რომ კრიტიკული განცხადებები არც მომავალში შეწყდება. პოლიტოლოგ ვახტან ძაბირაძის განცხადებით, ძალიან რთული ვითარებაა ზოგადად ეკლესიაში, ციანიდის სკანდალით დაწყებული და დასრულებული ეკლესიის შიგნით მიმდინარე გარკვეული დაპირისპირებით იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. შესაბამისად, პატრიარქის განცხადებას ნაწილი დაეთანხმება, მაგრამ რაღაც ნაწილი - ალბათ არა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ წამოსული კრიტიკა ეკლესიიდან არ ყოფილა ინსპირირებული, რადგან თავად ზურაბიშვილის განცხადებებმა გამოიწვია საზოგადოებაში ნეგატიური და მძიმე განწყობა და ამას დაემატა ეკლესია. თეოლოგ გოჩა ბარნოვის თქმით კი, მარტო მეუფე ანტონი არ ფიქრობს ასე - უბრალოდ, მისი ინტერვიუ გავრცელდა და შემდეგაც უნდა ველოდოთ მსგავს განცხადებებს სხვა სასულიერო პირების მხრიდანაც", - დასძენს გამოცემა.

"მე არ მომისმენია მეუფე იაკობის განცხადება, რომ უჯერებს პატრიარქს, ეს მისი აზრია, მაგრამ ცოტა ხანში ნახავთ, რომ უარესი განცხადებებით გამოვა. მე ვფიქრობ, მღვდელმთავრებისთვის ამგვარი ბრძანების გამოცემა შეურაცხმყოფელია. ყველა მღვდელმთავარს, ყველა ადამიანს აქვს თავისუფალი ნება და შეუძლია, საკუთარი აზრი გამოთქვას ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. ეს თავისუფლება ადამიანს ღმერთისგან აქვს მიცემული და მას ვერავინ წაართმევს, - ვერც პატრიარქი", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოჩა ბარნოვი.

"ეკლესია ყოველთვის ერეოდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მახსოვს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულება იყო ეკლესიიდან; ასევე, 2012 წლის არჩევნების პერიოდში წინა ხელისუფლების კრიტიკა, როდესაც მეუფე იობი აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ მოწოდებებში, უბნიდან უბანშიც კი დადიოდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, რაც მისთვის მაშინ არავის დაუშლია და გაუპროტესტებია. ახლა რატომღაც ასეთი ბრძანების გამოცემა და ზოგიერთი მღვდელმთავრის ორაზროვანი განცხადება, როდესაც მეორე დღეს უარყოფენ წინა დღით ნათქვამს, ძალიან ცუდია. ვისაც როგორც უნდა, ისე მოიქცევა, ყველა თავისუფალი უნდა იყოს... სამწუხაროდ, ჩვენ წინა არჩევნებზე ვნახეთ, რომ სასულიერო პირები ამბიონიდან პირდაპირ მოუწოდებდნენ მრევლს, ვისთვის მიეცათ ხმა. ამის უფლება არ აქვთ, თუმცა ხდებოდა. ზოგადად, მრევლისთვის პატრიარქის მოწოდება უფრო წონადია, ვიდრე ეპისკოპოსის", - დასძენს ბარნოვი.

ვახტანგ ძაბირაძე - "ქვეყანაში სიტუაცია უნდა დალაგდეს, პრობლემა სასიცოცხლოდ კრიტიკულია"

"ამ ჩანაწერებით იმის ლუსტრაცია მოხდა, რაზეც საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია, ლაპარაკობენ, რომ ხდება ბიზნესის ცალკეული სფეროების დაპატრონება, მონოპოლიზება და ბაზრის მთლიანად გაკონტროლების მცდელობა - არსებული სახელმწიფო სისტემის შეცვლა არავის უნდა და დღეს იქნებოდა თუ ხვალ, ჩვენ ისევ დავეშვებოდით იქამდე, რომ კვლავ დაიწყებოდა ბიზნესის გადანაწილება, ახალი დაჯგუფების შექმნა, ფინანსური კლანების ჩამოყალიბება. არსებული სისტემა ან უნდა მართო ისე, როგორც სააკაშვილი მართავდა, ან ისე, როგორც შევარდნაძე, მაგრამ ქვეყნისთვის გამოსადეგი არც ერთია და არც მეორე", - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ჩხარტიშვილს უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით" / "დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს" / "დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ?!" / "ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება".

"კონკრეტულად ამ შემთხვევაზე რომ ვისაუბროთ, საქართველოში თამბაქოს ბიზნესი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დღემდე სხვადასხვა კლანის ინტერესის საგანს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ჩემი აზრით, ჩანაწერში ზუსტად იმაზეა საუბარი, რომ ვიღაცას გაუჩნდა სურვილი, ორი საწარმოსგან მონოპოლია შეექმნა, შემდეგ უკვე სიგარეტის იმპორტი დაებლოკა და ამის მისაღწევად კონკრეტული პირების სახელს იყენებდა ან შესაძლოა მათი ნებართვითაც მოქმედებდა. ქვეყნისთვის ამაზე უარესი რა შეიძლება იყოს? ეს არის სამწუხარო რეალობა. არ ვგულისხმობ, რომ მაინცდამაინც ივანიშვილია დაინტერესებული თამბაქოს ბიზნესით, რადგან ეს რომ ნდომოდა, სხვაგვარად შეეძლო გაკეთება - მას საწყისი კაპიტალიც აქვს, იმპორტზე მუშაობაც შეუძლია და წარმოებაც, მაგრამ ფაქტია, რაც ხდება, ხდება ივანიშვილის სახელით ან მასთან დაახლოებული ჯგუფების მიერ. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, როდესაც, მისი სახელით მოქმედებდნენ და მის სახელს იყენებდნენ. ერთ-ერთ აუდიოჩანაწერში ვანო ჩხარტიშვილი ფიგურირებს და მისგან რა უნდა გაგვიკვირდეს? ეს კაცი ხომ ქართველი საზოგადოებისთვის 90-იანი წლებიდან დღემდე სწორედ საეჭვო სქემებთან ასოცირდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

"ივანიშვილი ამ სიტუაციაში კუთხეშია მიყენებული - თუ ეს მის უნებართვოდ ხდებოდა, მაშინ რაიმე რადიკალური ზომა უნდა მიიღოს და მე თუ მკითხავთ, აქამდეც უნდა მიეღო. თუ თავად იყო ჩართული, ესეც მისი პასუხისმგებლობაა. მაინც მგონია, ამ საქმეზე ივანიშვილს ინფორმაცია რაღაც დონეზე ექნებოდა, შესაძლოა არასრული ან არასწორი, მაგრამ ექნებოდა. ჩანაწერში ახსენებენ "ფონდს" ანუ "პარტიას", სადაც 50% უნდა წავიდეს - საგანგაშოა, თუ "პარტიაში" მმართველ პოლიტიკურ ძალას გულისხმობენ. ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს და ამით თავად ივანიშვილიც უნდა იყოს დაინტერესებული. დავიჯერო, ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს, რას ეუბნებიან და მერე მისი სახელით და მის ზურგს უკან რას და როგორ აკეთებენ... რაც შეეხება ჩანაწერებში ნახსენებ "მეგობარ ოთარს", ფარცხალაძე სახელისუფლებო წრეზე ტრიალებს და ამ წრიდან მისი განდევნა ვერ ხერხდება. ასეთი ხალხი ხან ივანიშვილთან არის, ხან ცოტა მოშორებით, ხან გაჩუმდება და განზე გადგება, მერე ისევ გამოჩნდება, მაგრამ მათი საბოლოოდ მოშორება არ ხერხდება. სავარაუდოდ, მსგავსი დაჯგუფება ერთი კი არა, რამდენიმეა. ამიტომ არის საჭირო, რომ ივანიშვილი დაბრუნდეს პრემიერად და არა პარტიის თავმჯდომარედ, რათა ეს პრობლემა მოაგვაროს. სხვანაირად საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ივანიშვილის ფაქტორია გადამწყვეტი, მის სახელს იყენებენ და ამ დროს ის არ არის ოფიციალური პირი. თუ არადა, ხელისუფლება ისეთ ნაბიჯებს დგამს, თითქოს განგებ უნდა, რომ ქუჩა ხალხით გაივსოს და ეს თუ უნდა, გაივსება!" - განაგრძობს ექსპერტი.

"მთლიანად გუნდი და სისტემაა შესაცვლელი. ვფიქრობდი, რომ ამისთვის დრო წლის ბოლომდე ჰქონდათ, მაგრამ პროცესები ისე მიდის, დროც აღარაა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, ხელისუფლებაში მყოფი პირები მოსწრებაზე არიან. ამიტომ დრო ივანიშვილის წინააღმდეგ მუშაობს. სტრუქტურული ცვლილებაა საჭირო, რომ სისტემამ დაბლოკოს ასეთი გარიგებები.... ივანიშვილის ჩხარტიშვილთან სტუმრობით იმის დემონსტრირება სცადეს, თითქოს ეს თემა არ ადარდებთ და მათ არ ეხება, მაგრამ საქმე ის არის, საზოგადოება ამას როგორ მიიღებს. საზოგადოებამ კი, მიუხედავად იმისა, რომ იქ ის ხალხიც იყო, ვისაც ფოლკლორის საკითხები ეხება, სწორედ ისე ჩათვალა, რომ მათ ეს თემა გამოიყენეს, რათა შეენიღბათ ის მთავარი, რაზეც საუბარი უნდოდათ. რაც შეეხება ჩხარტიშვილს, მას არ უნდა, რომ მარტო დარჩეს, უნდა, რომ სწორედ ივანიშვილი ჩანდეს მის გვერდით. ამის უფლებას ივანიშვილი რამდენად მისცემს, თუნდაც პიარისთვის გამოიყენოს მისი სახელი, ეს მალე გამოჩნდება", - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - "თქვენ სისტემის ცვლილება ახსენეთ. იქნებ ხელისუფლებაში მყოფ პირებს აწყობთ ასეთი სისტემის არსებობა?" - პასუხობს:

"შევარდნაძესაც აწყობდა ის სისტემა და ბოლო წლები, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში გაატარა. სააკაშვილსაც აწყობდა ის სისტემა და ახლა ჰოლანდიაშია. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მასაც ასე მოუწევს... დღეს იქნება თუ ხვალ, იძულებული გახდება, უკეთეს შემთხვევაში, მიატოვოს ყველაფერი და წავიდეს... ახლა მთავარი ის არის, რომ მისი ყოფნა იქ არის საჭირო, საიდანაც ქვეყანაში სიტუაცია უნდა დალაგდეს. დასალაგებელი პრობლემა კი, როგორც ვხედავთ, სასიცოცხლოდ კრიტიკულია".

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ