ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია სასამართლო სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია, დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა. ამის თაობაზე გიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

ბექა ბასილაიამ სასამართლოს გიორგი ჭანტურიას წერილი გააცნო, სადაც ის სასამართლო პროცესის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას აფიქსირებს და სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზს განმარტავს.

„წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ „ჩადებული მოწმეების საქმეზე“ არაერთი უკანონო გადაწყვეტილება მიიღო, რისი არასამართლებრივი გზებით რესტავრაციის მცდელობას ჰქონდა ადგილი საქმის არსებითი განხილვის სხდომაზეც. სწორედ აღნიშნულს გამოვუცხადეთ ჩვენ პროტესტი, ეს არანაირად არ ეხება და ეხმიანება პროცესის გაჭიანურებას, პირიქით, ჩვენ თავად ვართ მოტივირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგინდეს გიორგი ჭანტურიას უდანაშაულობა, თუმცა უკანონო საპროცესო კოდექსის მიღმა არსებულ რეალობაში, ჩვენ მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. არ შეიძლება წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ მიღებული კანონგარეშე გადაწყვეტილების ასე ვთქვათ „გასაპრავებლად“, არსებით განხილვაზე „კარტბლანში“ მივცეთ და სასამართლოს დავეთანხმოთ იმ საკითხებზე, რაზეც უკვე არაკანონიერი გადაწყვეტილებებია მიღებული“, - განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბარში.

მისივე თქმით, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქმის არსებითი განხილვის მოსამართლე შეფასებას არ მისცემს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის ეკატერინე პართენიშვილის გადაწყვეტილებას, რომლითაც მან გიორგი ჭანტურიას წაართვა კანონიერი უფლება და მისი საბოლოო პასუხის გარეშე ირჩევდა ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თუ არა, საქმე არსებითი განხილვის მოსამართლეს გადასცა.

ბრალდების მხარე, გიორგი ჭანტურიას და მისი ადვოკატების ქმედებას, პროცესის გაჭიანურების მცდელობად აფასებს. პროკურორ ლევან ჯალაღანიას განცხადებით, სასამართლომ არაერთხელ მისცა ბრალდებულს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

„სასამართლომ არაერთხელ მისცა ბრალდებულს და მის ადვოკატებს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ, ჩამოყალიბებულიყვნენ თუ საქმის განხილვის რა წესს ირჩევენ, ირჩევენ მოსამართლეს თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს. მიუხედავად ამისა, ისინი მიზანმიმართულად, ორგანიზებულად ახდენენ პროცესის გაჭიანურებას და არ აფიქსირებენ პოზიციას. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე, როგორც ვნახეთ ბრალდებულმა მიზანმიმართულად, ყოველგვარის ობიექტური, საპატიო მიზეზი გარეშე განაცხადა პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარი და ეს კარგად იყო ცნობილი ადვოკატებისთვისაც“, - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ.

გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით რვა თვის შემდეგ, რუსთავში დააკავეს. სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

გენერალი სამსონ ქუთათელაძე, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე, საკუთარ კაბინეტში 15 იანვარს ნახეს მოკლული. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ