ქართული პრესის მიმოხილვა 28.08.2023

სააკაშვილის საბედისწერო შეცდომები

რატომ არის 1-ლი ოქტომბერს შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი და უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მასში მონაწილეობა

ოლესია იახნო - “კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უკრაინის კონტრიერიში ფერხდება”

ფრონტის გარღვევა ზაპოროჟიეში და აზოვის ზღვამდე გასვლა - უკრაინამ შეიძლება სამხრეთში მასირებული შეტევა დაიწყოს

პუტინის კლანის პოლიტიკური მკვლელობების ანატომია

* * *

სააკაშვილის საბედისწერო შეცდომები

“როდესაც ადამიანი ილუზიებში ცხოვრობს და რეალობას არის აცდენილი, აუცილებლად დგება ხოლმე მწარე იმედგაცრუების მომენტი ნებისმიერ სფეროში და, რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც. სწორედ ასეთი იმედგაცრუება ელის მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს არ გაუსწოროს თვალი რეალობას. სააკაშვილმა “ნაცმოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე აღჭურვა სპეცმანდატით - ამომრჩეველს შეუთვალა, ჩემთვის სათქმელი ჯაფარიძეს უთხარითო. საკითხავია, მაშინ რას აკეთებს ლევან ხაბეიშვილი ან მთლიანად პარტიის გუნდი? თუ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ჯობს სოფო ჯაფარიძეს “ამოეფაროს”, რომელიც ნაკლებად აღიზიანებს საზოგადოებას? ეს ტაქტიკა ახალი არ არის. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც გაუჭირდებოდა, სააკაშვილი გადამალავდა ხოლმე აგრესიულ სახეებს (მაია ნადირაძეს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძესა და ა.შ.) და ამოეფარებოდა ისეთ ვითომდა ნეიტრალურ პირებს, როგორიც, მაგალითად, დავით ბაქრაძე იყო”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით სააკაშვილის საბედისწერო შეცდომები.

“რა არ სცადა სააკაშვილმა ამ ბოლო წლების განმავლობაში, ვისთან აღარ “დაალაგა” ურთიერთობები, მათ შორის იმასთანაც, ვინც მისი დაუძინებელი ოპონენტი იყო, მაგრამ... “ნაცმოძრაობა” კი რჩება მთავარ ოპოზიციურ პარტიად, მაგრამ თუ ქვეყანაში რაიმე აპოკალიფსური კატაკლიზმები არ მოხდა, ის ხელისუფლებაში ვეღარასოდეს დაბრუნდება. მიზეზი სააკაშვილმა საკუთარ თავსა და შეცდომებში უნდა ეძებოს. მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ყველანაირი შანსი, საქართველოს ისტორიაში შესულიყო როგორც ერთ-ერთი ყველაზე დადებითი პერსონა. მიშას მომხრეები, როდესაც მისი ხელისუფლების დროს მომხდარ ამბებზე საუბრობენ, მუდმივად ამტკიცებენ, რომ თურმე “სიმკაცრის გარეშე ახალი ქვეყნის აშენება არ გამოდის”. არადა, უნდა გავმიჯნოთ სიმკაცრე და სადიზმი. დიახ, მას შემდეგ, რაც სიმკაცრე სადიზმში გადაიზარდა, ფაქტობრივად, მხოლოდ დროის ამბავი იყო, როდის დასრულდებოდა სააკაშვილის ხელისუფლება. გავიხსენოთ ბიზნესრეკეტი კეზერაშვილის ხელმძღვანელობით, რომელსაც პირადად სააკაშვილი უჭერდა მხარს. თუმცა ყველაზე კლასიკური ამბავი მაინც გირგვლიანის საქმეა, რომლის დროსაც მთელი ხელისუფლება, სააკაშვილის თამადობით, დანაშაულის დაფარვით იყო დაკავებული, ემანდ ვანო მერაბიშვილს პრობლემები არ შეექმნასო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სააკაშვილს ეს ყველაფერი თავის დროზე რომ “დაეტორმუზებინა” და საზოგადოებაში გაჩენილიყო განცდა, რომ ხელისუფლება კი უშვებს შეცდომებს, მაგრამ ასწორებს და სამართლიანობის დაცვის პრინციპით მოქმედებს, მიშას თავისუფლად შეეძლო გამხდარიყო ისეთი ფიგურა, რომელსაც საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც მისცემდა ხმას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნებოდა მისი ოპონენტი. ჰოლივუდის ფილმში “ადამიანები შავებში” პერსონაჟებს აქვთ მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს მეხსიერებას უშლის. ალბათ, სააკაშვილს ეს რომ ჰქონოდა, მასზე ბედნიერი პოლიტიკოსი არ იქნებოდა (და არამარტო სააკაშვილს, ხელისუფლებაშიც და ოპოზიციის სხვა ფლანგებზეც მოიძებნებიან ასეთი ფიგურები). თუმცა ასეთი მოწყობილობა მხოლოდ ფანტასტიკის სფეროა. შესაბამისად, უნდა თუ არა ამის გააზრება სააკაშვილს, ფაქტია - საზოგადოების დიდ ნაწილს ისე მწარედ ახსოვს მისი მმართველობის დროინდელი დანაშაულები, რომ “ნაცმოძრაობის” ოპოზიციაში გადასვლიდან 11 წლის შემდეგაც კი ურჩევნიათ, საერთოდ არ წავიდნენ არჩევნებზე ან ისევ “ოცნებას” მისცენ ხმა, ოღონდ მიშა არ დაბრუნდეს ისევ თავის მერაბიშვილიან-კეზერაშვილიან-ადეიშვილიანად”, - განაგრძობს გამოცემა.

“ნაწილობრივი რეაბილიტაციის შანსი სააკაშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგაც ჰქონდა. კერძოდ, ქართველი საზოგადოება შემწყნარებელია და აქვს უნარი, აპატიოს ადამიანს შეცდომები. ქართულ პოლიტიკაში უნდა აეღო ორწლიანი პაუზა მაინც და შემდეგ “გულწრფელად” მოენანიებინა, ბოდიში მოეხადა, ეთქვა ხალხისთვის: “დიახ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს სწორად მიმაჩნდა ჩემი ესა თუ ის ნაბიჯი, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ შევცდი” - ის შეინარჩუნებდა საზოგადოების ნაწილის კეთილგანწყობის შანსს. ასევე უნდა გამიჯნოდა ყველა ფიგურას, რომლებიც დანაშაულთან იყვნენ ასოცირებული (თუმცა ეს რთული იყო მიშასთვის, რადგან ზემოხსენებული ფიგურები ვალში არ დარჩებოდნენ და სავარაუდოდ, იტყოდნენ, რომ ბრძანებებს უშუალოდ მიშასგან იღებდნენ). როგორც ჩანს, ამაზე თავის დროზე სააკაშვილიც ფიქრობდა (ან ურჩიეს), მაგრამ ვერ აიძულა საკუთარი თავი ბოლომდე “გახსნილიყო”, - დასძენს გამოცემა.

“მაგალითად, ერთ-ერთ ტელეეთერში თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა დათა ახალაიას. ვინმე დაიჯერებდა, რომ სააკაშვილი, რომლის გარეშეც სოფლის გამგებლის მოადგილე არ ინიშნებოდა თანამდებობაზე, არ იცნობდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს და შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილეს? ბაჩო ახალაიას ხომ იცნობდა? აბა, თავდაცვის მინისტრად შევარდნაძემ დანიშნა? როლანდ ახალაია ღირსების ორდენით ვინ დააჯილდოვა? რაც შეეხება გირგვლიანის საქმეს _ სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში (მანამდე საერთოდ თავს არიდებდა ამ თემაზე საუბარს და ღიზიანდებოდა, თუ ჟურნალისტები რამეს ჰკითხავდნენ) თქვა, დიახ, მძიმე ფაქტი იყო და მერაბიშვილის ადგილას მე თანამდებობიდან გადავდგებოდიო. ეს არ არის შეცდომის აღიარება. კარგი, ვთქვათ, ჩვენ არ ვიცოდით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი (პრეზიდენტიან-მოსამართლეებიანად) ჩართული იყო დანაშაულის დამალვაში. მერაბიშვილის ადგილას თანამდებობიდან გადავდგებოდიო კი არ უნდა ეთქვა, არამედ, ალბათ, ვნანობ, რომ მერაბიშვილი არ გადავაყენე თანამდებობიდანო”, - წერს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილმა რამდენჯერმე ბოდიში მოიხადა ზოგადად და ისეთი ტონით, რომ აქეთ დააყვედრა საზოგადოებას. ეს არ ითვლება. საზოგადოება გულწრფელობის ხარისხს ძალიან კარგად ხვდება. სადაც არ არის გულწრფელი ბოდიში, იქ, რა თქმა უნდა, შეუძლებელია თუნდაც ვერსიის დონეზე იმის დაშვება, რომ სააკაშვილი გამიჯნულიყო თავისი ხელისუფლების ყველაზე ავადსახსენებელ ფიგურებს. გაემიჯნა კი არა, ისინი დაბრუნდნენ, ოღონდ მცირე მასშტაბით. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა პარტია ხელში ჩაიგდეს და არსებული ინფორმაციით, სულ უფრო და უფრო ხშირად ერთვება პარტიულ გადაწყვეტილებებში ზურაბ ადეიშვილი. ერთი მეგის ქარდავა აკლია ამ “კამანდას”. შესაბამისად, სადაც ვერ შეიცვალა სააკაშვილი, ვერც მისი პარტია შეიცვალა”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“არადა, ერთი შეხედვით, ნიკა მელიას ეს პროცესი დაწყებული ჰქონდა, თითქოსდა “ნაცმოძრაობაში” უნდა მისულიყვნენ ახალი სახეები, პარტია გაწმენდილიყო იმ ყოფილი ჩინოვნიკებისგან, ვინც დანაშაულებთან ასოცირდებოდნენ, და ა.შ. თუმცა, სავარაუდოდ, სააკაშვილის ჩუმი თანხმობით აქეთ ნიკა მელიასგან და მისი გუნდისგან “გაწმინდეს” პარტია... სააკაშვილის კიდევ ერთი შეცდომაა მისი საქართველოში ჩამოსვლისა და ციხეში ყოფნის პერიპეტიები. თქვენი მონა-მორჩილი არასოდეს ყოფილა სააკაშვილისა და მისი პარტიის მომხრე (ისე როგორც ყველა პარტიის), თუმცა მიშა არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ჰოდა, ძალიან ცუდად ჟღერს “საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქვეყანაში არაჟნის კონტეინერით შემოიპარა”. გასაგებია, მიშას არეულობა ჰქონდა დაგეგმილი და ეს რომ გამოსვლოდა, პროპაგანდისტები შექმნიდნენ სურათს, რომ არაჟნის კონტეინერით კი არა, ლამის მარტომ გადმოცურა შავი ზღვა. როდესაც ლიდერი ხარ, შენი მომხრეებიც, ოპონენტებიც და ნეიტრალურად განწყობილი პოტენციური ამომრჩეველიც ელის შენგან, რომ ციხეს ვაჟკაცურად აიტან. პირველ რიგში, ხაზს ვუსვამთ, რომ ჯანმრთელობას ვუსურვებთ სააკაშვილს და მისი უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ციხის ვაჟკაცურად ატანის ნაცვლად კი ჩვენ მივიღეთ ლამის ორწლიანი ისტერიკა, გაჯერებული ტყუილ-მართლით, პროვოკაციებით, რამაც ლამის ყველა მორალური ზღვარი გადალახა”, - ამტკიცებს სტატიის ავტორი.

“სააკაშვილი ისტერიკულად ითხოვდა, არიქა, მოდით და ციხიდან დამიხსენითო (სავარაუდოდ, სწორედ ესეც არ აპატია ნიკა მელიას, რომ მისი დაჭერის პირველ დღეებში მომიტინგეები შტურმზე არ წაიყვანა რუსთავის ციხეზე. თუმცა “ვივამედში” შევარდნას არც ლევან ხაბეიშვილი ცდილობს). სასამართლოში ყვიროდა, ძალიან დაკავებული ვარ, თქვენთვის არ მცალიაო. შემდეგ თქვა, მომწამლესო, ოღონდ ხელისუფლება არაფერ შუაში არ არისო. თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ მოწამვლაში ხელისუფლება დაადანაშაულა, ხან ჯარს მიმართავდა, როგორ გიძლებთ გული იმის ყურებით, რა დღეშიც თქვენი მთავარსარდალიაო... თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული, რაც მისმა მომხრეებმაც კი აღიქვეს, ის არის, რომ სააკაშვილი ვერ ჩამოყალიბდა, ქართველია თუ უკრაინელი (კიდევ ერთხელ ვუსურვებთ უკრაინას რუს ოკუპანტებზე სრულ გამარჯვებას). შეუძლებელია ადამიანს ორი და სამი სამშობლო ჰქონდეს, მით უმეტეს, აბსურდია, ნახევარი წელი, მაგალითად, ფრანგი იყო, ნახევარი წელი კი ინგლისელი. დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ეს ილეთი სააკაშვილის გარდა, მსოფლიოში არც ერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“შარშან სააკაშვილი უკრაინელი იყო. განაცხადა, რომ საერთოდ აღარ აინტერესებდა ქართული პოლიტიკა და მხოლოდ უკრაინულ არხებს უყურებდა (ამის უკან რა იმალებოდა, არაერთხელ გვითქვამს, სავარაუდოდ, სააკაშვილი “ოცნებასთან” გარიგებას ცდილობდა - თავისუფლება ქართულ პოლიტიკაზე დუმილის სანაცვლოდ). შარშან, აგვისტოს ომის მეთოთხმეტე წლისთავი საერთოდ არ შეიმჩნია მიშამ, ერთი სიტყვაც არ უთქვამს ანუ ერთი ფეისბუკპოსტიც კი არ გამოუქვეყნებია “მთავარსარდალს”. სამაგიეროდ, სულ ცოტა ხნის წინ, აგვისტოს ომის მეთხუთმეტე წლისთავზე, ლამის ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ დებდა პოსტებს. ვინმეს თუ ჰგონია, ამ ყველაფერს არ აანალიზებს ამომრჩეველი და დასკვნები არ გამოაქვს, ძალიან ცდება. როგორც ჩანს, მიშას არ ჰყავს მწარე სიმართლის პირში მთქმელი. უფრო ზუსტად, ვერავინ ბედავს, რადგან შესაძლოა სააკაშვილი გადაიკიდოს საშვილიშვილოდ. ასე რომ, ამ მთელი შეცდომების დასტის გადამკიდე, სოფო ჯაფარიძემ კი არა, დედა ტერეზამ რომ იაროს სააკაშვილის სახელით, ძნელი წარმოსადგენია მიშას ამან პოლიტიკურად რაიმე მოუტანოს, პარტიაში დაწყებული დიდი შიდაეჭვიანობის გარდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

რატომ არის 1-ლი ოქტომბერს შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი და უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მასში მონაწილეობა

“1-ლ ოქტომბერს პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის შუალედური და გურჯაანის მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს მშვენიერი შანსი ეძლევათ, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ძალები მოსინჯოს. ბოლო დროს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის სანდოობაზე დაწყებული დისკუსიის ფონზე კი, ამ არჩევნებს დამატებითი დატვირთვაც ექნება. გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი იყო ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიიდან “საქართველოსთვის”, რომელმაც პარლამენტი საკუთარი სურვილით 2023 წლის თებერვალში დატოვა. თანამდებობა მიმდინარე წლის ივნისში ასევე საკუთარი სურვილით დატოვა გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმაც. შუალედური არჩევნები სწორედ ამ მიზეზით ტარდება. როგორც 1-ლი ივლისის შუალედური არჩევნები, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება. თუმცა, ამ სისტემის სანდოობაზე ბოლო პერიოდში სერიოზული დისკუსია მიდის, რომელიც საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუდან დაიწყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რატომ არის 1-ლი ოქტომბერს შუალედური არჩევნები მნიშვნელოვანი და უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ მასში მონაწილეობა.

“დეგნანმა განაცხადა, რომ მანიპულაცია ელექტრონული არჩევნების პირობებშიც არის შესაძლებელი, “თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, როგორ მუშაობს ეს სისტემა და არ არიან გაწვრთნილები, როგორ გამოიყენონ ის”. ამას მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. ხელისუფლებამ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებისათვის საკუთარი კანდიდატები უკვე წარადგინა: პარლამენტში გორისა და კასპის მაჟორიტარად გიორგი სოსიაშვილი, ხოლო გურჯაანის მერად - გიორგი მაჭავარიანი. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის მიერ 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა სისუსტის აღიარება იქნება. “რეალურად, ოპოზიცია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია... ამ შემთხვევაშიც არჩევნებში მონაწილეობაზე უარს თუ იტყვიან, კიდევ ერთხელ აღიარებენ საკუთარ სისუსტეს, რის შესახებაც საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოპოზიციური პარტიების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ენმ-ის ყოფილი წევრი და ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ახლა შუალედურ არჩევნებზე რესურსების დახარჯვის დრო არ არის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ბუნებრივია, რომ ოპოზიციას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ხარჯოს ძალა და თუნდაც ფული... თუმცა, პარტიები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, შეიძლება ზოგმა მიიღოს მონაწილეობა, ზოგმა - არა”, - განაცხადა რომან გოცირიძემ. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან ეს იქნება საუკეთესო ტესტი იმის შესაფასებლად, თუ რა შანსი აქვთ კონკრეტულ რეგიონებში. ასევე ამას ერთგვარი რეპერტიციის სახეც ექნება და საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეეძლებათ პრაქტიკაში ნახონ როგორ მუშაობს ხმის მიცემის ელექტრონული სისტემა. პოლიტოლოგი იგორ კვესელავა კი აცხადებს, რომ ოპოზიციას არ აქვს ხელისუფლებაში არჩევნების გზით დაბრუნება განსაზღვრული. ამიტომაც შუალედური არჩევნები საერთოდ არ აინტერესებს. მისი აზრით, ოპოზიცია ზნეს არ შეიცვლის და შემოდგომიდან ქვეყანაში კვლავ პროცესების დაძაბვას შეეცდება, რადგან ისინი ემზადებიან რადიკალური ქმედებებისთვის და არა არჩევნებისთვის”, - დასძენს გამოცემა.

“ვფიქრობ, ოპოზიციამ მონაწილეობა უნდა მიიღოს 1-ლი ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ეს ძალიან კარგი რეპეტიცია იქნება. მართალია, სულ რაღაც ორ რეგიონშია არჩვენები და ისიც შუალედური, მაგრამ აქედან ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა იქნება შესაძლებელი. თუ მონაწილეობას არ მიიღებენ, ერთია, რომ ხელისუფლებას სალაპარაკოს მისცემენ და ამას “ოცნება” პიარისთვის გამოიყენებს და მეორე - ვერ გაიგებენ ამ კონკრეტულ რეგიონებში რა შანსი აქვთ. სულაც არ ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ რესურსი არ უნდა დახარჯოს და ა.შ. ესეც ხომ არჩევნებია. აი, ზუსტად აქ უშვებენ ძალიან დიდი შეცდომას, როცა ხელისუფლებას თუნდაც ამ რეგიონებში არჩევნებს ბრძოლის გარეშე უთმობენ. ხელიდან უშვებენ შანსს, რომ ხალხს ელაპარაკონ და მათი დაინტერესება რაღაცით შეძლონ. ამომრჩვეელთან კომუნიკაცია ისედაც საერთოდ არ აქვთ და არჩევნების მოგებას 2024 წელს როგორ აპირებენ?! მით უმეტეს, ელექტრონული სისტემით ხდება არჩევნები და ეს ყველაზე დიდი რეპეტიაცია იქნებოდა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სამწუხაროდ, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოებისთვის რაიმე ახალი შესათავაზებელი, რითაც ხელისუფლებაზე უკეთესი გამოჩნდება. სასაცილო ისაა, რომ ადამიანის უფლებებზე, კორუფციაზე და ციხეში წამებაზე საუბრობს ის ხალხი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ყველა ეს უფლება დარღვეული იყო და ხალხმა ისინი სახლში სწორედ ამიტომ გაუშვა. რიტორიკა უნდა შეცვალონ. რაც შეეხება ხელისუფლების პრორუსულობას, “ოცნება” აქაც სჯობნის ოპოზიციას და ხალხს ეუბნება, რომ პრორუსული კი არ არის, პირიქით, ქვეყანას ომი ააცილა თავიდან. ოპოზიცია კიდევ თავის განცხადებებით ხალხს ხელისუფლების ამ არგუმენტს უმყარებს. ამიტომ მე არ ვიცი რა დღის წესრიგი უნდა შესთავაზონ შემოდგომიდან პოლიტიკურმა პარტიებმა. მით უმეტეს, ახლა ხელისუფლებისთვის არჩევნების დათმობა ძალიან დიდი სიბრიყვე მგონია”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ოპოზიციას ახლა ჰგონია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი კოზირად აქვს. თუმცა, თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, 2024 წლისთვის მათ მთელი პოლიტიკური სქემა ეშლებათ. ამიტომ შუალედური არჩევნები საერთოდ არ აინტერესებთ და მთელი პოლიტიკური დღის წერიგი იმაზე აქვთ აგებული, რომ ქვეყანაში პროცესები როგორმე დაძაბონ. ოპოზიციას ახლა ორი გზა აქვს - საბრძოლო სულისკვეთება და მშიდობიანად პროცესების წარმართვა. პროცესები მშვიდობიანად რომ წარმართონ და შუალედურ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, იციან, რომ წააგებენ. ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ამიტომ არ უნდათ, რომ 2024 წლის არჩევნებამდე წაგებულის იმიჯით მივიდნენ. ამას ხომ ხელისუფელბა პიარისთვის გამოიყენებს. მით უმეტეს, ელექტრონული სისტემით არჩევნების არასანდოობაზე ალაპარაკდნენ. ეს თემაც ხომ უნდათ მერე გამოიყენონ. ეს არჩევნები იქნება წინა, მოთელვითი პროცესი და ოპოზიციას რაში აწყობს, რომ უკვე წაგებულის პოზიციიდან გამოჩნდეს?!” - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

ოლესია იახნო - “კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უკრაინის კონტრიერიში ფერხდება”

“დავიწყებ F-16-ის თემით, რომელიც ასე პრობლემატური გახდა. შედეგიანი კონტრშეტევისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მოგვარდა, მაგრამ პირველ პარტიას მხოლოდ წლის ბოლოსთვის მივიღებთ, ამიტომაც უახლოეს ხანს მნიშვნელოვან გარდატეხას არ უნდა ველოდოთ. F-16-ების უკრაინულ საჰაერო სისტემაში სრულფასოვნად ინტეგრირებას დიდი დრო დასჭირდება. კონტრშეტევა იქნება ფრთხილი, მაგრამ პროგრესული. როდესაც დასავლეთში ამბობენ, რომ კონტრშეტევა ისეთი არ არის, როგორსაც თურმე ვიღაცები ელოდნენ, ეტყობა, არ იციან, რომ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ექსპერიმენტების ჩატარებას ვერ დაიწყებს. თუმცა, საბედნიეროდ, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ესმის საჰაერო მოიერიშეების როლი არა მარტო შეტევითი ოპერაციებისთვის, ესმის ისიც, რომ უკრაინის სამხედრო ძლიერება უფრო გამყარდება და რუსეთი ვერ შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიების ლეგალიზებას, ვერ შეძლებს ოკუპაციას გეოპოლიტიკური დანიშნულება მისცეს. თუმცა, ამასთანავე, საუბარია ხანგრძლივ ომზე, რომელიც რისკებს დასავლეთისთვისაც შეიცავ”, - აცხადებს უკრაინელი პოლიტმიმომხილველი ოლესია იახნო გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრიერიში ფერხდება”.

“ახლა ბევრი სვამს კითხვას - შეცვლიდა თუ არა ომის მსვლელობას F-16-ის უფრო დროული მოწოდება. დარწმუნებული ვარ, არც ერთი დასავლელი გენერალი არ გაუშვებდა თავის დანაყოფს საჰაერო მხარდაჭერის გარეშე მსგავს სამხედრო ოპერაციაზე, მით უფრო რუსეთისთანა მოწინააღმდეგესთან, რომელსაც ძლიერი არტილერია და ავიაგამანადგურებლები ჰყავს. ახლა კარგად გააცნობიერეს, რომ უკრაინული არმიისთვის საჰაერო ფარის უქონლობა დიდი პრობლემა იყო, განსაკუთრებით, კონტრშეტევის დროს. უამისოდ ჩვენი ქვეითი ძალები, რომელთაც ამდენი თვეა, რუსებისგან განსხვავებით, მოტივაცია არ დაუკარგავთ და წარმოუდგენლად მამაცურად იბრძვიან, რუსული რაკეტებისა და არტილერიისთვის პირდაპირ სამიზნედ იქცეოდნენ. კარგია, რომ დასავლეთში შეთანხმდნენ, საჰაერო მხარდაჭერის გარეშე კონტრიერიში ფერხდება. F-16-ის გადმოცემას მორალური მხარეც აქვს. რუსული პროპაგანდაც ვერ ფუთავს არმიაში არსებულ პრობლემებს, რომ ჯარი დემორალიზებული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოლესია იახნო.

“ეს ომი კარგა ხანს გაგრძელდება, რუსეთს საამისო პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო რესურსი ჯერ კიდევ აქვს. საბრძოლო მასალისა და სამხედრო აღჭურვილობის თითქმის ნახევარი გახარჯეს, ამუნიციაზე, საკვებსა და სხვა საჭიროებებზე კი დიდად არც არასდროს იწუხებდნენ თავს. ამას ხედავენ არმიაში და ამიტომაც მოტივაცია ძალიან დაბალია... უკრაინა ელოდა რუსეთისგან თავდასხმას და ემზადებოდა - ბოლო წლებში ნატოს სტანდარტებით გაწვრთნილი და აღჭურვილი არაერთი საბრძოლო ბრიგადა ჩამოყალიბდა, რაც ძალზე ეფექტური ძალაა. თუმცა მათი დიდი ნაწილი ჯერ ბრძოლაში არც ჩართულა, იმიტომ, რომ ზაფხულის განმავლობაში სუსტი წერტილის პოვნით იყვნენ დაკავებული და რუსების თავდაცვის ხაზის მოსინჯვას ცდილობდნენ... ასე რომ, ზამთრის დადგომამდე ჯერ კიდევ გვაქვს დრო ფართომასშტაბიანი კომბინირებული მანევრის წამოსაწყებად, რომელშიც სახმელეთო ძალებთან ერთად საზღვაო და საჰაერო კომპონენტიც იქნება ჩართული”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ადამიანური დანაკარგი რუსეთისთვის მხოლოდ სტატისტიკაა, ჩვენთვის კი ყოველი ადამიანის სიცოცხლე, უკრაინელი იქნება, ქართველი თუ სხვა, რომელიც საერთო ღირებულებებისთვის ჩვენთან ერთად იბრძვის, ტრაგედიაა. ამ თანადგომას ვერასდროს დავივიწყებთ, ბიჭები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ უკრაინის მიწას. საბედნიეროდ, რუსეთი ვერც ხორცსაკეპი მანქანის ტაქტიკის ხარჯზე აღწევს წარმატებას - მთელ ბატალიონებს უშვებს მოწინააღმდეგის ცეცხლის პირისპირ. ჰგონიათ, რაც მეტი რუსი დაიხოცება, მოსახლეობას უკრაინაზე იერიშის მიტანის მეტი მოტივაცია ექნება - აი, ჩვენებს გვიკლავენ და როგორ არ ვეომოთო. სადღაც ამართლებს კიდეც ასეთი ტაქტიკა, არიან დედები, რომლებიც შვილებს ეუბნებიან, წადი, იომე და რუსეთის დიდებისთვის მოკვდიო. მოსახლეობის 80% პუტინს უჭერს მხარს, მასას მართლა სჯერა, რომ პუტინი უკრაინელი, ქართველი, ჩეჩენი ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის. გარშემო ყველა ცუდი და დასავლეთის მართულია, ის კი წმინდანია. ეს ჩაკირული აზროვნება ასე ადვილად ვერ მოისპობა... ამიტომ გვჭირდება უფრო ეფექტური სამხედრო მხარდაჭერა რუსების ბრძოლის ველზე გასანადგურებლად”, - განმარტავს უკრაინელი პოლიტმიმომხილველი.

“ბოლო ხანს დასავლეთის დახმარება გულუხვია, მაგრამ მოწოდების ტემპი ისევ პრობლემაა. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიღებთ დახმარებას: ჯერ შორი მანძილის რაკეტების მოსაპოვებლად ვიბრძოლეთ, შემდეგ საბრძოლო ტანკების. ახლა, როგორც იქნა, F-16 ავიაგამანადგურებლებს მოგვცემენ. სამმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, დანიამ და ნორვეგიამ, დაადასტურა მზადყოფნა უკრაინას მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მიაწოდოს F-16-ები. მაგრამ დროის გაწელვა, ბიუროკრატიული ფეხის ათრევა ძვირად გვიჯდება. რასაც ვითხოვდით, დროულად რომ მოეცათ, ძალიან მნიშვნელოვან დროს არ დავკარგავდით და ფრონტის ხაზზეც სხვა ვითარება გვექნებოდა, მეტი ადამიანის გადარჩენას შევძლებდით, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირების”, - მიიჩნევს ოლესია იახნო და შეკითხვაზე - “ევგენი პრიგოჟინის, უტკინისა და თანმხლებ პირთა დაღუპვის შესახებ რას ფიქრობთ?” - პასუხობს:

“ეტყობა, პუტინმა თავისი “მზარეული” ისევ აფრიკაში გაგზავნა, მაგრამ ერთი ვერსიით, პრიგოჟინს გარემოცვა და მხარდამჭერები ისევ რუსეთისკენ ექაჩებოდნენ, რაც მისი ძველი მეგობრისთვის შეუმჩნეველი არ დარჩა. სხვა ვერსიით, ის სულაც არ ყოფილა აფრიკაში, ჩვეულებრივი რუსული, უნიჭო, ყალბი დადგმა იყო, რომლითაც ის პუტინის გაცურებას ცდილობდა, მაგრამ კა-გე-ბეს კლანჭებს ვერ დაუსხლტა. ისიც ითქვა, რომ აფრიკიდან ნამდვილად გამოფრინდა მისი თვითმფრინავი, პუტინმა ჩამოიტყუა და... ვფიქრობ, ის მართლა მკვდარია. თუმცა არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ მისი კუთვნილი საფრენი აპარატი რაკეტით ჩამოაგდეს, დიდი ალბათობით, ასაფეთქებელი შიგნით იყო დამონტაჟებული. ითქვა, რომ ორი თვითმფრინავი მიფრინავდა: ერთში იჯდა პრიგოჟინი. ერთი აფეთქდა, მეორე კი მოსკოვში, რომელიღაც უწყებაში დაჯდა. კა-გე-ბეს სცენარებს ვინ ამოხსნის. შემთხვევის ადგილას იპოვეს მისი პირადი ტელეფონი, სხვა დეტალებიც მიანიშნებს, რომ თვითმფრინავში ნამდვილად ის და მისი გარემოცვა იყვნენ. ეს რუსების ხელწერაა...”

“რუსეთში დარჩენილი “ვაგნერელების” ბედი უკვე ცნობილია, მათ თანდათან და უხმაუროდ გაანეიტრალებენ. ამის დასტურია ის, რომ ნიკოლაევსკში, სადაც აპრილში დიდი პატივით კრძალავდნენ “ვაგნერელებს”, პრიგოჟინი იქიდან ჩართვას აკეთებდა და მათ “გმირობაზე” საუბრობდა, ახლა ჯვრები მოუხსნიათ და სასაფლაო გაქრა... რაც შეეხება ბელარუსში გადასულებს, არ არის გამორიცხული, “ვაგნერს” კომპენსაციისთვის ბელარუსის მხრიდან დესტრუქციული პროცესების მოწყობა შესთავაზონ. არავინ იცის, ლუკაშენკო-პუტინის ავადმყოფურ გონებაში რა მოიხარშება. უკვე არსებობს 2021 წლის ზაფხულის პრეცედენტი, როდესაც რუსეთმა ბელარუსის დახმარებით ე.წ. ლტოლვილი ტურისტებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნით ხელოვნური მიგრაციული კრიზისი შექმნა. ახლა ჰიბრიდული ქმედებები და პროვოკაციები “ვაგნერის” გამოყენებით უფრო შესაძლებელია. დასავლეთმა ეს უნდა გაიგოს”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული მომავალს,ვფიქრობ, სამივე ქვეყნისთვის ევროპული ოჯახის კარი გაიღება. ეს ომი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეს ეხება და რუსეთის დამარცხებაზე ბევრი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ბედია დამოკიდებული. უკრაინის გამარჯვება მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის მნიშვნელობას დაანახვებს. ეს კი ნიშნავს, რომ სხვა კონფლიქტებს, რომლებიც რუსეთის პროვოცირებულია, წერტილი დაესმება. თუმცა მანამდე ბევრი შიდა სამუშაოა. მაგალითად, უკრაინამ სისტემური რეფორმები უნდა გაატაროს. საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის ჰიბრიდული მოქმედების კვალი ჩანს - აგრესორი იქ თავისი კაპიტალის დაბანდებას ცდილობს. მსგავსი საფრთხისგან თავის დაცვას მხოლოდ ძლიერი, საიმედო პარტნიორებით გარშემორტყმული სახელმწიფოები შეძლებენ”, - დასძენს ოლესია იახნო.

ფრონტის გარღვევა ზაპოროჟიეში და აზოვის ზღვამდე გასვლა - უკრაინამ შეიძლება სამხრეთში მასირებული შეტევა დაიწყოს

“ბრიტანული მედიის ცნობით, 11 დღის წინ დასავლელ პარტნიორებთა გამართული თათბირის შემდეგ, უკრაინის სარდლობა კონტრშეტევის სტრატეგია შეცვალა. ბოლო თვეებში უკრაინული ძალები ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე ახორციელებდნენ არც ისე მასშტაბურ შეტევებს და ზოგ შემთხვევაში, მაგალითად ბახმუტისა და უროჟაინოე-რაბოტინოს მიმართულებაზე, წარმატებასაც მიაღწიეს, ახლა ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე არიან კონცენტრირებულია - მათი მიზანია სამხრეთში, ზაპოროჟიეს ოლქში გარღვევა, აზოვის ზღვასთან გასვლა და ოკუპირებული ყირიმის რუსეთთან დამაკავშირებელი სახმელეთო გზის გადაჭრა. იძლევა თუ არა საბრძოლო მოქმედებების ანალიზი იმის თქმის საშუალებას, რომ ეს უკვე დაიწყო? ქართველი სამხედრო ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი დასკვნის გაკეთება ნაადრევია, ერთ მიმართულებაზე კონცენტრირებას გარკვეული დროს სჭირდება და თან ამის ხარჯზე არ უნდა დასუსტდეს ფრონტის სხვა მონაკვეთები. ბოლო დღეების მოვლენებიდან გამომდინარე კი, ჯერჯერობით ასეთი გადაჯგუფება დაწყებული არ არის. რაც შეეხება ფრონტზე არსებულ მდგომარეობას, ანალიტიკოსთა შეფასებით, ბოლო დღეებში რაიმე მნიშნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. უკრაინელებს რაბოტინოსთან აქვთ წარმატებები, ხოლო რუსებს - კუპიანსკთან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ფრონტის გარღვევა ზაპოროჟიეში და აზოვის ზღვამდე გასვლა - უკრაინამ შეიძლება სამხრეთში მასირებული შეტევა დაიწყოს.

“ბრიტანული “გარდიანის” ცნობით, უკრაინის სარდლობამ კონტრშეტევის სტრატეგია შეცვალა. გამოცემის მიერ 27 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება 11 დღის წინ პოლონეთის საზღვარზე ნატო-ს სამხედრო ხელმძღვანელობისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნის საიდუმლო შეხვედრაზე იქნა მიღებული. ზალუჟნის გარდა, მასში მონაწილეობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა. “დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ რა მოიხერხოს უკრაინის კონტრშეტევის გაჩერებულ პროგრესთან დაკავშრებით; ასევე მომავალ დამღლელ ზამთარში საბრძოლო ქმედებების გეგმები და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს”, - წერს გამოცემა. მათივე შეფასებით, ამ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა - ფრონტის სხვადასხვა მიმართულებაზე მცირემასშტაბიანი შეტევების ნაცვლად, ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასვლაზე აკეთებენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ქართველ ანალიტიკოსთა შეფასებით, აღნიშნული შეხვედრა ალბათ მართლაც შედგა, თუმცა საბრძოლო მოქმედებების ანალიზი ჯერჯერობით არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ უკრაინელთა კონტრშეტევის სტრატეგია შეცვლილია. გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ, მისი აზრითაც კარგი იქნებოდა უკრაინელებს ერთ კონკრეტულ მიმართულებაზე მოეხდინათ კონცენტრირება. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი “რეზონანსთან” ამბობს, კონტრშეტევის სტრატეგია არ შეცვლილა, თუმცა შეხვედრა, რომელზეც “გარდიანი” წერს, სავარაუდოდ, მართლაც შედგა”, - დასძენს გამოცემა.

“რაღაც გარკვეული ტაქტიკური ელემენტები კი შეიცვალა, მაგრამ კონტრშეტევის სტრატეგია ნაკლებად. ისევ ცდილობენ, რომ მცირე ჯგუფებით შეუტიონ, მასირებულ შეტევებს არ ახორციელებენ. მე მიმაჩნია, რომ ერთ მონაკვეთზე კონცენტრირება უკეთესი იქნებოდა, ვიდრე დარტყმების ასე გაფანტულად განხორციელება. ამას უკვე დასავლელი ექსპერტებიც ურჩევენ უკრაინელებს. უკრაინელების სტრატეგია ახლა ასეთია - გადაიტანონ ომი რუსეთის ტერიტორიაზე. ამაზე მეტყველებს ის, რომ არა მხოლოდ რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება დარტყმები, არამედ ბრიანსკის, კურსკის და ბელგოროდის ოლქებშიც. მოსკოვშიც ხდება დარტყმები”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“გარდიანი” რასაც, წერს რომ შეიცვლება, ამისთვის უნდა მოხდეს გადაჯგუფება, რეზერვების შემოყვანა, კონცენტრირების ადგილის შერჩევა, მაგრამ ეს არ მოხდება ორ, ან სამ კვირაში. გასაგებია, რომ ეს იქნება აზოვის ზღვის მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე უფრო მისაღებია უკრაინელებისთვის და რუსებითვის ყველაზე მტკივნეული მიმართულებაა. თუმცა, ჯერ არ არის ძალები კონცენტრირებული. აბა, ბახმუტს რისთვის უტევენ? ფრონტის სხვა მიმართულებები არ უნდა დასუსტდეს. კონცენტრაცია რომ გააკეთო, სჭირდება თვითმფრინავები. სანამ თვითმფრინავებს არ მიღებენ, ამას უკრაინელები ვერ განახორციელებენ. ცოტა ხანში დაიწყება წვიმები, რის გამოც გაუჭრდებათ გადაადგილება. შესაბამისად, ეს უნდა მომზადდეს ძალიან კარგად, თუ უნდათ წარმატების მიღწევა”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“ვფიქრობ, უკრაინის კონტრშეტევის სტრატეგია არ შეცვლილა. რეალურად რუსეთის დასამარცხებლად ერთადერთი სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენონ რუსეთს, რაც შეიძლება მეტად გაუთიშონ მომარაგების, მართვისა და კონტროლის საშუალებები, რათა ვეღარ შეძლოს რაიმე შეტევითი ან თუნდაც თავდაცვითი ოპერაციის წარმოება... რა თქმა უნდა, როგორც ნატოს ძალების მთავარსარდალი, ასევე ბრიტანეთის გენშტაბის უფროსი და სხვა მაღალი რანგის სამხედროები დაინტერესებული არიან უკრაინის წარმატებაში. დიდი ალბათობით შეხვედრა შედგა და მათ შესაბამისი რჩევები მისცეს და შესაბამისი დახმარება გაუწიეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და ეს სრულიად ნორმალურია. რაც შეეხება იმას, რომ სტრატეგია შეიცვალა და განისაზღვრა, რომ ზაპოროჟიეს მიმართულება იყოს მთავარი, მე ვფიქრობ, რომ კონტრშეტევას მთავარი მიმართულება ყოველთვის უნდა იყოს და რაც დაიწყო ამ კონტრშეტევის ფიქრიც კი, ყოველთვის მთავარ მიმართულებად განიხილებოდა სამხრეთი. ყოველთვის მთავარი მიმართულება იყო აზოვის ზღვაზე გასვლა და ყირიმის დეოკუპაცია. ასე რომ, ვფიქრობ, აქ არაფერი შეცვლილა, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდა აქცენტების გადატანა-გადმოტანა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

პუტინის კლანის პოლიტიკური მკვლელობების ანატომია

“გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - ასეთი ჩანდა 24 ივნისს შეიარაღებული აჯანყების შემდეგ “ვაგნერის” ჯგუფის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინის ტრაგიკული მომავალი. მან თავის თავს განაჩენი გამოუტანა. პუტინი დამცირებას არავის და არასდროს აპატიებს! ეს კარგად უნდა სცოდნოდა პრიგოჟინს. გასარკვევი მხოლოდ ის იყო, როდის და რა ხერხით იძიებდა პუტინი შურს... სპეციალური აქციები - ასე ნიღბავდნენ საბჭოთა სპეცსამსახურები პოლიტიკური ოპონენტების, მოღალატეების ან თუნდაც ბევრისმცოდნე კოლეგების ლიკვიდაციას. ეს პროცესი მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იყო... სპეცსამსახურები ისე დაოსტატდნენ ლიკვიდაციის საქმეში, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, უცხოელი ექიმების) თითქმის ყოველთვის “თვითმკვლელობას”, “გულის შეტევით გარდაცვალებას” ან “უბედურ შემთხვევას” აფიქსირებდა. უკვე ორ ათწლეულზე მეტია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების ყველა ხერხი მისაღებია, რასაც წარმატებით ასრულებე”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით პუტინის კლანი.

“1999 წლის 20 დეკემბერს მოსკოვში ჩეკისტის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო შეხვედრაზე მაშინ რუსეთის მთავრობის თავმჯდომარე ვლადიმირ პუტინმა ძალზე მნიშვნელოვანი ფრაზა თქვა: “ნება მომეცით მოგახსენოთ: ეფ-ეს-ბეს ოფიცრების ჯგუფი, რომელიც მივლინებული იყო მთავრობაში ფარულად სამუშაოდ, პირველ ეტაპზე თავის ამოცანებს უმკლავდება”. ვითომ ხუმრობით ნათქვამ ფრაზას დარბაზში ოვაციები მოჰყვა. ძველი ჩეკისტები სწორედ მაშინ მიხვდნენ, რომ კრემლში მათი კაცი მივიდა. ამ ვითომდა ხუმრობაში პუტინის მთელი მსოფლმხედველობა იმალება - ის იყო და დარჩა კომუნისტური სპეცსამსახურის ოფიცრად და ვერ გახდა ქვეყნის პრეზიდენტი. გავიხსენოთ ისინი, ვისი ლიკვიდაციის საქმეც ბოლომდე მიიყვანა პუტინის ხელისუფლებამ. პოლიტიკური მკვლელობისა და ტერაქტების ორგანიზებაში საბჭოთა სპეცსამსახურები ყოველთვის ლიდერობდნენ. რუსეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს მისტირის, აღადგინა საბჭოთა კავშირის სპეცსამსახურების მიერ 1920-1990-იან წლებში ფართოდ გამოყენებული პოლიტიკური მკვლელობების პრაქტიკა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“30-40 წლის წინ ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების მიღებული ზოგიერთი სასიკვდილო განაჩენი (მაგ. საზღვარგარეთ გაქცეული საბჭოთა მზვერავების, რეზუნ-სუვოროვისა და გორდიევსკის) ახლაც აღუსრულებელია და რუსეთის ხელისუფლებისთვის დღესაც ძალაშია. არ არის გამორიცხული, რომ ამ მიმართულებით რუსეთის სპეცსამსახურები მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებიან... პუტინის 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა - არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მსოფლიოს უახლესი ისტორია, ყველაფერი ამგვარად რომ არ მომხდარიყო. 1998 წლის ივლისში პუტინი “თეთრ ცხენზე” ამხედრებული დაბრუნდა რუსეთის მთავარ სპეცსამსახურში, როცა პრეზიდენტმა ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად დანიშნა. პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად, ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ უკვე აღარ ჰყავს”, - განაგრძობს გამოცემა.

“ბოლო დღეებამდე რუსეთის დიქტატორი მხოლოდ ამ სპეცსამსახურს ენდობოდა, იმიტომ, რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს და ყველა მნიშვნელოვან პოზიციაზე მხოლოდ მისი შერჩეული ან მოწონებული კადრები ინიშნებიან. 1999 წლის 16 აგვისტოს თავის მემკვიდრედ ნიკოლაი პატრუშევი დატოვა (რომელიც, არსებული ინფორმაციით, პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებას), ხოლო 2008 წლის 12 მაისს ეფ-ეს-ბეს დირექტორად ასევე ლენინგრადელი ალექსანდრ ბორტნიკოვი დანიშნა (რომელიც, არსებული ინფორმაციით, პირადად ხელმძღვანელობდა ლონდონში ალექსანდრ ლიტვინენკოს ლიკვიდაციის ოპერაციას). პუტინის პრეზიდენტობის პერიოდში “პოლიტიკურმა გენოციდმა” განსაკუთრებით დაუნდობელი სახე მიიღო და თითო-ოროლა შემორჩენილი საღად მოაზროვნე ლიბერალური შეხედულების პოლიტიკოსი და ჟურნალისტი, რომლებიც თავიანთ აზრს საჯაროდ აფიქსირებდნენ, ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის საშიში ტენდენცია, რაც 2000 წლიდან რუსეთში შეიმჩნევა - პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ან ყველაზე რეალური კონკურენტები საიდუმლო და ძალზე უცნაურ ვითარებაში იღუპებიან”, - დასძენს გამოცემა.

“პოლიტიკური გენოციდის” მცირე ქრონიკა ამგვარია: 2000 წლის 9 მარტს საეჭვო ავიაკატასტროფაში დაიღუპა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, გაზეთ “სოვერშენო სეკრეტნოს” მთავარი რედაქტორი არტიომ ბოროვიკი. ერთ-ერთი ვერსიით, ის ახალდანიშნულ-არჩეული რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბიოგრაფიის დეტალებს, კერძოდ, მისი ბავშვობის ისტორიას იკვლევდა. თვითმფრინავ იაკ-40-მა მოსკოვში, აეროდრომ “შერემეტიევო-1”-დან აფრენისას განიცადა კატასტროფა და ბორტზე მყოფი ცხრავე კაცი დაიღუპა. ბოროვიკი კიევში მიფრინავდა, სადაც, სავარაუდოდ, მისთვის საქართველოში გადაღებული პუტინის ბავშვობის ფოტოები უნდა გადაეცათ; 2000 წლის 16 ოქტომბერს თბილისის ახლოს, გომბორის გზის პირას, მოკლული იპოვეს იტალიელი ჟურნალისტი ანტონიო რუსო, რომელიც ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ აგროვებდა მასალებს; 2002 წლის 28 აპრილს ვერტმფრენის საეჭვო კატასტროფის შედეგად დაიღუპა კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორი, გენერალი ალექსანდრ ლებედი. ის პუტინის ყველაზე რეალური კონკურენტი იყო; 2002 წლის 21 აგვისტოს დილის ცხრა საათზე, საკუთარი სახლის წინ მაყუჩიანი “ტე-ტეთი” მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ოპოზიციური პარტია “ლიბერალური რუსეთის” თანათავმჯდომარე ვლადიმირ გოლოვლიოვი; 2003 წლის 17 აპრილს, საღამოს შვიდ საათზე, საკუთარი სახლის სადარბაზოს წინ მაყუჩიანი “მაკაროვით” მოკლეს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პარტია “ლიბერალური რუსეთის” დამაარსებელი, საბჭოთა არმიის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი იუშჩენკოვი”, - წერს სტატიის ავტორი.

“სამი თვის შემდეგ, 2003 წლის 3 ივლისს, მოსკოვში ძალზე საეჭვო ვითარებაში დაიღუპა კიდევ ერთი საღად მოაზროვნე რუსი პოლიტიკოსი, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ცნობილი ჟურნალისტი იური შჩეკოჩიხინი. მისი გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად ინსულტი დასახელდა. რუსეთის იმპერიული საგარეო და საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და უშიშარი კრიტიკოსი, პუტინის პრეზიდენტობის პერიოდშიც აგრძელებდა სადეპუტატო და ჟურნალისტურ გამოძიებებს რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებაში არსებული კორუფციის შესახებ. გავრცელებული ინფორმაციით, 2003 წლის 19 ივლისს იური შჩეკოჩიხინი ნიუ-იორკში უნდა გამგზავრებულიყო აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებთან შესახვედრად, რომელთაც მისთვის საიდუმლო დოკუმენტები უნდა გადაეცათ. რუსი ლიბერალი პოლიტიკოსის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად რადიოაქტიური ნივთიერება დიოქსინით ან მძიმე ლითონებით (თალიუმით) მოწამვლა დასახელდა. 2003 წლის 23 ივნისს ის მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, შჩეკოჩიხინს თანდათან გაუჩერდა ფილტვები, გაეთიშა თირკმელები და ათ დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სიმპტომები ძალზე წააგავდა რამდენიმე წლით ადრე ბანკირ ივან კიველიდის “ნოვიჩოკით” მოწამვლის სიმპტომებს”, - განმარტავს სტატიის ავტორი.

“2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი სახლის ლიფტში მოკლეს ცნობილი რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც პუტინის კრიტიკით გამოირჩეოდა. ამ მკვლელობის ორგანიზებისა და შესრულების ბრალდებით რამდენიმე ჩეჩენი ეროვნების პირი გრძელვადიან სასჯელს იხდის. საინტერესოა, რომ 7 ოქტომბერი პუტინის დაბადების დღეა. ერთ-ერთი ვერსიით, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის ორგანიზებული იყო და დაუღალავი ოპონენტის თავიდან მოცილებით მან “საჩუქარი” მიუძღვნა “საყვარელ პრეზიდენტს”; 2009 წლის 15 ივლისს გროზნოში მოკლეს ცნობილი უფლებადამცველი და ჟურნალისტი ნატალია ესტემიროვა; 2015 წლის 27 თებერვალს მოსკოვის ცენტრში მოკლეს რუსეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი. მის მკვლელობაში მსჯავრდადებულებიც ყოფილი ჩეჩენი ბოევიკები არიან, რომლებიც წლების განმავლობაში რამზან კადიროვის სამხედრო დაჯგუფება “სევერში” ირიცხებოდნენ. კადიროვი პუტინის ყველა სურვილის “გამომცნობი” და შემსრულებელია. ამიტომაც დააჯილდოვა რუსეთის პრეზიდენტმა “ღირსების ორდენით”. ნემცოვის მკვლელობის შემკვეთები და ორგანიზატორები რუსეთის სპეცსამსახურებს არც უძებნიათ და მხოლოდ სავარაუდო შემსრულებლები დააკავეს. შესაძლოა ზოგიერთმა მათგანმა ეს მკვლელობა “აღიაროს” კიდეც, შემდეგ კი ის ციხეში გარდაცვლილი იპოვონ. ეს რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერაა”, - მიიჩნევს სტატიის ავტორი.

“პუტინმა არ დაივიწყა ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილიც, შემდეგ რუსეთის სათათბიროს დეპუტატად მოვლენილი(?!) ანდრეი ლუგოვოიც, რომელმაც “სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის” მეორე ხარისხის ორდენი მიიღო. პირდაპირი მინიშნებაა: ორი “მოღალატის” მოცილება და ორი ორდენი! რუსეთის პრეზიდენტი ცინიკური მინიშნებებით ამას არც მალავს! პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც ჩეკისტურია, ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პუტინის აზროვნების შეზღუდული არეალი მხოლოდ სპეცსამსახურების მეთოდებით შემოიფარგლება. ის განსაკუთრებით გასული საუკუნის 20-30-იანი წლების სისხლიანი რეპრესიების თაყვანისმცემელია. ისედაც ეჭვიანი პუტინი ახლა ათასჯერ მეტად ფრთხილობს. ვის ენდობა დღეს ყველაზე მეტად პუტინი? ჩემი აზრით, ასეთი სულ რამდენიმე პირია, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა, ყოველთვის ჩრდილში მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია. 1998 წელს დაწინაურებულმა პუტინმა პატრუშევიც “ჩაიბა”. როდესაც 1999 წლის 16 აგვისტოს ეფ-ეს-ბეს დირექტორი პუტინი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს, მან თავის “მემკვიდრედ” პატრუშევი დატოვა. მას შემდეგ ის პუტინის დანაშაულებრივი კლანის შეუცვლელი წევრია. ამჟამადაც რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული `მებრძოლი~ და მისი დავალებების შემსრულებელია. ის ცხრა წლის (1999-2008) განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეფ-ეს-ბეს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“შემდეგ კი, 2008 წლის 12 მაისს, რუსეთის “ახალარჩეულმა” პრეზიდენტმა მედვედევმა პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ფაქტობრივად ყველა სპეცსამსახურის კურატორად დანიშნა. დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, რეალურად კი კვლავ რუსეთის დიქტატორის, პუტინის მიერ იყო მიღებული. მან თავისი ერთგული კაცი “ჩაუსვა” ახალ პრეზიდენტს, რათა მედვედევს თანამდებობა ძალზე არ გასტკბობოდა. პატრუშევი არის პუტინის საიდუმლო დავალებების შემსრულებელი. სავარაუდოდ, მათ “დუეტს” ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. დღეს პატრუშევი იმ სახელმწიფო-მაფიოზური კლანის ერთ-ერთი მთავარი წევრია, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს. მას ევალება რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული კოორდინაცია. პატრუშევმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იცის, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ. ზოგჯერ თავად იქნებოდა ორგანიზატორი, ზოგჯერ კი თანამონაწილე”, - დაასკვნის სტატიის ავტორი.

“ამას შემდეგი ფაქტიც ადასტურებს: 2016 წლის 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა ალექსანდრ ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოკლეს რუსეთის ხელისუფლების აგენტებმა ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმაო. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რაც ოუენმა შემდეგ განაცხადა: ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, დაამტკიცეს პირადად ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაო. პუტინი, როგორც მაფიოზური კლანის ბოსი, მხოლოდ “საქმეში” შემოწმებულ კადრებს ენდობა. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს მაფიოზურ კლანს, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად ითვლება და სასტიკად ისჯება. “ვაგნერის” ჯგუფის მიერ ივნისის ბოლოს როსტოვში შტაბის დაკავება, პრიგოჟინის თავხედობისა და პუტინის დამცირების მწვერვალი იყო - ამგვარად მიიღო ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ. რუსეთის პრეზიდენტი შურისძიებას იმ დღიდან გეგმავდა, რათა თავისი ძალაუფლების საჯაროდ დემონსტრირება მოახდინოს. თუ ავიაკატასტროფაში პრიგოჟინის დაღუპვა დადასტურდა, ეს იქნება პუტინის პოლიტიკური გენოციდის კიდევ ერთი შემთხვევა. ვინ იქნება შემდეგი?” - დასძენს სტატიის ავტორი.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო