ქართული პრესის მიმოხილვა 29.02.2024

თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობენ - ადგილობრივი მოსახლეობა “საბინაო კრიზისში” ექცევა

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, რუსული საფრთხეები და არჩევნების მნიშვნელობა - აშშ-ის ელჩის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის

“რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ ავდიივკას შემდეგ სხვა ქალაქებიც აიღოს” - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

* * *

თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობენ - ადგილობრივი მოსახლეობა “საბინაო კრიზისში” ექცევა

“უძრავი ქონების ბაზარზე არსებული სიძვირის პირობებში ადგილობრივ მოსახლეობას ბინის შეძენა სულ უფრო მეტად უჭირს. საქართველოში საცხოვრებელი ადგილები, ძირითადად, უცხოელებისა და ემიგრანტების ხარჯზე იყიდება. ამიტომ სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ქვეყანაში საბინაო კრიზისი დაიწყოს. იმ პირობებში, როდესაც მშენებლობა ძვირდება, შემოსავლები მცირედით იზრდება, სესხები კი მაღალპროცენტიანი და მოკლევადიანია, საქართველოს მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენის შესაძლებლობა აღარ რჩებათ. ამ პრობლემის შესახებ სოციოლოგები დაუფარავად საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოში ბინების რეალიზების მაჩვენებელი, ძირითადად, არარეზიდენტებსა და ემიგრანტებზე მოდის. როგორც ორგანიზაცია “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელმა ზვიად ტომარაძემ დაადასტურა, ახალაშენებულ კორპუსებში ბინების უმეტესობას უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყიდულობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით თბილისსა და ბათუმში უძრავ ქონებას ძირითადად უცხოელები და ემიგრანტები ყიდულობენ / ადგილობრივი მოსახლეობა უკვე “საბინაო კრიზისში” ექცევა, რაც დემოგრაფიაზე ძალიან ცუდად იმოქმედებს.

“ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური ფონია. მოსახლეობას უჭირს და სწორედ ამით არის განპირობებული ხალხის ქვეყნიდან წასვლა. ნაცვლად იმისა, რომ საქართველო პროდუქციის ან რაიმე ნაწარმის ექსპორტს ეწეოდეს, ხდება ცოცხალი ძალის ექსპორტი. საქართველოში კანონმდებლობა არის მოსაწესრიგებელი ბინადრობის უფლების კუთხით, ასევე საემიგრაციო კანონმდებლობაც დასარეგულირებელია. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მარტივია შემოსვლა, ბინადრობის უფლების აღება და უძრავი ქონების შეძენა. ვიცით, რომ მასშტაბური მიგრაცია იყო ბოლო წლებში, რამაც უძრავი ქონება ძალიან გააძვირა. ახალაშენებულ კორპუსებში ბინების აბსოლუტური უმრავლესობას ყიდულობენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. რეალიზაციაში გარკვეული წილი ჩვენი ემიგრანტებისაც არის. ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი არ არის მსყიდველუნარიანი, რომ შეწვდეს მუდმივად მზარდ ფასს. ეს შემდეგ გავლენას ახდენს დემოგრაფიაზე, რადგან საცხოვრებელი ადგილის არ არსებობის პირობებში ახალგაზრდები დაოჯახებისგან თავს იკავებენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზვიად ტომარაძე.

“ბინების რეალიზება, ძირითადად, მიგრანტების და ემიგრანტების ხარჯზე ხდება. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ და არანაირი რეგულაცია არ არსებობს ამ კუთხით. უცხოეთში ძალიან კარგი მაგალითები არსებობს. 2018 წელს ახალ ზელანდიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აიკრძალა. მაშინ დაუფარავად თქვეს, რომ ამას აკეთებდნენ ავსტრალიელების გამო, რადგან ისინი ყიდულობდნენ უძრავ ქონებას, რის შემდეგაც ძვირდებოდა ბინები და ახალი ზელანდიის მოსახლეობას არ ჰქონდა საცხოვრებლის შეძენის შესაძლებლობა. დემოგრაფიის სტიმულირებისა და გამრავლებისთვის მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ასევე იმისთვის, რომ ბინის ფასი ყოფილიყო დაბალი, რადგან ადგილობრივ მოსახლოებას ყიდვის შესაძლებლობა გასჩენოდა. ამას ვეთანხმები, დიდი ხნით არა, მაგრამ გარკვეული დროით შეიძლება მორატორიუმი დაწესდეს”, - მიიჩნევს ზვიად ტომარაძე.

“ასეთი ვითარების ფონზე, გაჩნდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, საქართველოში საბინაო კრიზისი დაიწყოს. აღნიშნულ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტორიც, რომ უძრავ ქონებაზე მოსახლეობის დიდ ნაწილს წვდომა შეზღუდული აქვს და რეალურად უმრავლესობა საცხოვრებელს ვერ ყიდულობს. როგორც სოციოლოგი პაატა აროშიძე მიიჩნევს, ბანკის დახმარების გარეშე ბინის შეძენა, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს თუ შეუძლია. მოსალოდნელ საბინაო კრიზისზე საუბრობს ეკონომისტი ოთო აბესაძეც და ფიქრობს, რომ თუ მოსახლეობის შემოსავლები არ დაეწია გაძვირების ტენდენციებს, ალბათ, საბინაო კრიზისამდეც მივალთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძირითადი აქცენტი შეიძლება გაკეთდეს თბილისსა და ბათუმზე, რადგან ბინებზე მთავარი მოთხოვნა სწორედ ამ ქალაქებშია. ამ ორი ქალაქისგან განსხვავებულია სიტუაციაა ქუთაისში, გორში, ფოთში და ა.შ. ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 1 კვადრატული მეტრის ღირებულებას დაახლოებით იგივე ფასი აქვს, რაც თბილისში საბურთალოზე. ბინათმშენებლები ცდილობენ აითვისონ ცენტრალური ტერიტორიები, რაც ზრდის საცხოვრებელის ფასს. ყველა ხარჯი გასაგებია, მაგრამ ისინი მაინც ძალიან დიდ მოგებაზე გადიან. არც ერთ მშენებელებს არ სურს გასვლა ქალაქის ცენტრალური ტერიტორიიდან, ასევე თბილისშიც. არადა, ამ დროს აუთვისებელია ე.წ. პერიფერიული ტერიტორიები. მშენებელს ურჩევნია კორპუსი ცენტრალურ ადგილზე ააშენოს და თვითღირებულებაზე გაცილებით ძვირად გაყიდოს ბინა. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ფიქსირებული ან სეზონური შემოსავალი აქვთ, ვერც იფიქრებენ სახლის ყიდვაზე. იმის იმედი კი ნაკლებადაა, რომ უძრავი ქონების ღირებულებამ დაიკლოს”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა აროშიძე.

“ბანკის დახმარების გარეშე ბინის შეძენა, ალბათ, საქართველოს მოსახლეობის 5%-ს შეუძლია. ბანკებში კი კრედიტის ხელმისაწვდომობის პრობლემაა. თუკი ადამიანმა მთელი შემოსავალი სესხის მომსახურებაში უნდა დახარჯოს, საბოლოო ჯამში, გაკოტრებული დარჩება და ბინას ვეღარ გამოისყიდის. საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახისთვისაც კი, რომელიც გადასახადის გადამხდელია, პრობლემაა ბინის შეძენა. 3500-ლარიანი შემოსავლის მქონე ოჯახისთვის კი უძრავი ქონების შეძენა ძალიან ძნელია. მისმა წევრებმა ძალიან ბევრი უნდა მოიკლონ, რომ შეძლონ 10-15წლიანი კრედიტის მომსახურება”, - დაასკვნის პაატა აროშიძე.

“კრიზისის წინა პერიოდი შეინიშნება იმ კუთხით, რომ სამშენებლო სამუშაოების წარმოების ხარჯები, საშუალოდ, 40%-ით არის გაზრდილი. ამას ემატება ბიუროკრატიული რეგულაციები, რომელიც მივიღეთ სამთავრობო პოლიტიკის შედეგად, რამაც ასევე გააძვირა სამშენებლო ხარჯი. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი ჯამურად, გამოიწვევს წლიდან წლამდე უძრავ ქონებაზე ფასის ზრდას. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ლარიზაციაზე, ეს ფასი მაინც დოლარშია წარმოებული და ადამიანების შემოსავლები ვერ ეწევა გაძვირების ტენდენციას. ადამიანს არ შეუძლია, როგორც ევროპაში და ამერიკაშია, აიღოს იპოთეკური სესხი 20-30-40 წლით. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა მოცემულობა, რომ უძრავ ქონებას, ძირითადად, ყიდულობენ არარეზიდენტები და საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, არ რჩება ის შესაძლებლობა, რაც უნდა იყოს. თუ დემოგრაფიულად ერი ვითარდება და ვიზრდებით, ადამიანებს სჭირდება საბინაო საკითხების მოგვარდება, თუ ეკონომიკა და შემოსავლები არ დაეწია მიმდინარე ფასების ზრდის ტენდენციას, ალბათ, მივალთ საბინაო კრიზისამდეც”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ოთო აბესაძე.

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, რუსული საფრთხეები და არჩევნების მნიშვნელობა - აშშ-ის ელჩის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის

“საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის გამოსვლა დახურულ რეჟიმში წარიმართა, თუმცა, ელჩის მთავარი გზავნილები საზოგადოებისთვის ცნობილია - მთავარი აქცენტები ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერაზე, ასევე რუსეთიდან საფრთხეებსა და არჩევნების მნიშვნელობაზე გაკეთდა, ანალიტიკოსებს კი ელჩის განცხადებებზე რჩებათ შთაბეჭდილება, რომ აშშ-სთვის, როგორც ქვეყნის მნიშვნელოვანი პარტნიორისთის, მთავარი და გარდამტეხი მაინც საქართველოში ჩატარებული 2024 წლის არჩევნები იქნება. ანალიტიკოსების თქმით, ელჩის გამოსვლისას ხაზგასმა იყო იმაზე, რომ ამ არჩევნებს ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ, მით უმეტეს გარე ძალების ჩარევის საფრთხის ფონზე. აშშ-ის სურვილია, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი და გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ ძალისხმევაში. დანიგანმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან, რადგან საბოლოოდ საქართველოს საზოგადოების შიგნით კონსენსუსი და ერთობა იქნება საჭირო ევროკავშირის წევრობისთვის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა, რუსული საფრთხეები და არჩევნების მნიშვნელობა - აშშ-ის ელჩის მთავარი გზავნილები საქართველოსთვის.

“ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, საარჩევნო პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია. მე რამდენიმე თქვენგანს არჩევნების შესახებ პირადად ვესაუბრე და ვიცი, რომ თქვენ იზიარებთ ჩვენს შეხედულებას იმასთან დაკავშირებით, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედს წარმოადგენს. აშშ ყველა მხარესთან მუშაობას გააგრძელებს, თქვენთან პარლამენტში, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათ მიერ მიცემული ხმები ფარულია, პროცესი კი თავისუფალი და სამართლიანია”, - განაცხადა დანიგანმა. ევროპაზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის განვითარებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაწყების წინ კი აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ არსებობს რეალური რისკები, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობას საფრთხეს შეუქმნის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ვფიქრობ, არსებობს რეალური საფრთხე, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაცია დემოკრატიული სისტემის მიმართ ნდობასა და საარჩევნო სისტემას საფრთხეს შეუქმნის. აშშ აბსოლუტურად მზად არის, რომ საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან და ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლოს, რათა უზრუნველყოს ის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, არ მოხდეს გარე ძალების ჩარევა... ჩვენ საკუთარ რესურსებს ვხარჯავთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ეს ასეა და ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ”, - განაცხადა რობინ დანიგანმა. მან ასევე განაცხადა, რომ კიდევ ერთი განსახილველი პრიორიტეტი არის ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მათ შორის, შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი თავი და შეაკავოს აგრესია. როგორც ელჩმა აღნიშნა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობა ნამდვილად არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველი”, - განაგრძობს გამოცემა.

“ჩვენი სამხედროები ერთად გადიან წვრთნებს, ერთად იბრძვიან და შედეგად მათ გამოიმუშავეს ღრმა და განგრძობითი კავშირი. ერთად მათ ქართველი სამხედროები ნატოს-თან თავსებადი გახადეს. ერთად მათ მიიღეს საუკეთესო პრაქტიკა. ამ პარტნიორობამ არა მხოლოდ საქართველოს სამხედროები გააძლიერა, არამედ ჩვენი საკუთარიც და ჩვენ ღრმად მადლობლები ვართ საქართველოს თავდაცვის ძალების იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გამოიჩინეთ... ძალიან ბევრი შემხვედრია ქართველი ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, რომელიც მომზადებული იყო შეერთებული შტატების მიერ, ბევრი პროფესორი, სტუდენტი, რომლებმაც მითხრეს, რომ პარტნიორობამ მათი ცხოვრება შეცვალა. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელი შეუწყო თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. 1600 ქართველი არის ბენეფიციარი, მათ აშშ-ში სამხედრო განათლებით ისარგებლეს. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. ამ 32 წელს მთლიანად რომ გადავხედოთ, შეერთებული შტატები არის საქართველოს თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი მყარი მხარდამჭერი”, - განაცხადა დანიგანმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება მჭიდროდ ითანამშრომლებს სამოქალაქო საზოგადოებასთან”, - დასძენს გამოცემა.

“ასევე, მოხარული ვარ იმის ხილვით, რომ საქართველოს პრემიერი შეხვდა ნატო-ს წარმომადგენლებს და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოსადმი მისწრაფება, რასაც ასევე ძალიან ძლიერად ვუჭერთ მხარს. გასულ პარასკევს მე მქონდა შესაძლებლობა განმეხილა კავშირი, რომელსაც ეყრდნობა ჩვენი ურთიერთობა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას. ეს იყო ძალიან პოზიტიური და პროდუქტიული შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პრემიერთან საუბარში მზაობა, რომ გავაღრმაოთ სტრატეგიული ურთიერთობა და ხაზი გავუსვი ჩემს, როგორც ელჩის, პრიორიტეტებს, რომელთა შორისაც არის საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ინვესტიციების, მათ შორის, შუა დერეფნის მხარდაჭერა, ჩვენი სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება, რომელიც არის ჩვენი ურთიერთობის ქვაკუთხედი და ჩვენი კულტურული ურთიერთობის მხარდაჭერა”, - განაცხადა ელჩმა და აღნიშნა, რომ გააგრძელებს მუშაობას, რათა შუა დერეფანში საქართველო ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძეს აზრით, ელჩის გამოსვლაში ორი მნიშვნელოვანი მთავარი გზავნილი იყო - არჩევნების მნიშვნელობა და რუსული საფრთხეები, რაც ნიშნავს, რომ 2024 წელი გარდამტეხი იქნება, როგორც ქვეყნის მოსახლეობისთვის, ისე პარტნიორების თვალსაზრისით”, - წერს სტატიის ავტორი.

“ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი პარტნიორებისთვის, ამიტომ, როცა საუბარი დაიწყო არჩევნების დამკვირვებლებზე, ძალიან ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ თქვა, რომ მხოლოდ არჩევნების დღეს კი არა, ჩვენ გრძელვადიანი დაკვირვება გვექნება საარჩევნო პროცესზეო. ეს იმის ხაზგასმა იყო, რომ ამ არჩევნებს ჩვენი პარტნიორები ძალიან სერიოზულად უყურებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული საზოგადოებაც ამ არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რადგან ვხედავთ რა საფრთხეები გვაქვს და არჩევნები კი უნდა გახდეს მომავალი პერიოდისთვის სტაბილურობის მომტანი და არა დაპირისპირების, რაც სიმართლე რომ გითხრათ, გამორიცხული არაა. ჩემთვის ის თემები, რაც აშშ-ის ელჩმა ილაპარაკა, მოულოდნელი არ იყო. არჩევნებისთვის რომ იქნებოდა ყურადღება მიპყრობილი და ამას განაცხადებდნენ უკვე დღეს და არა არჩევნების მოახლოვების დროს. ამით ჩვენი პარტნიორების ერთგულება კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და დემოკრატიული გარდაქმნების კუთხით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ელჩის გამოსვლა ძირითადად ორ მნიშვნელოვან თემას ეხებოდა, უპირველესი იყო არჩევნები - მოწოდება იმის, რომ არჩევნები სამართლიანად უნდა ჩატარდეს, შტატების წარმომადგენლებს ყველა მხარესთან ექნება შეხვედრა, ხელისუფლებასთანაც, ოპოზიციასთანაც, არასამთავრობო სექტირთანაც. 90-იანი წლებიდან რუსეთი რა თქმა უნდა საქართველოში მომდინარე პროცესში ყოველთვის ერეოდა, გამორიცხული არც დღეს არ არის და ამიტომ ელჩმა ამ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამას თუ პრეზიდენტის განცხადებებს დავუმატებთ დიდ ბრიტანეთში, რომელიც სწორედ რუსულ საფრთხეებს შეეხებოდა. ჩვენც ყველა დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რუსული საფრთხეები არსებობდა და არსებობს, ამიტომ ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ ამ პრობლემას იცნობს, გრძნობს და გვპირდებიან დახმარებას იმ საშუალებებით, რაც მათ შეუძლიათ მოგვცენ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და მიიღებს კიდეც”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ ავდიივკას შემდეგ სხვა ქალაქებიც აიღოს” - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე

“უკრაინა ავდიივკას დაკარგვის შემდეგ, "იბრძვის დაიკავოს თავდაცვითი პოზიციები" საკვანძო ქალაქთან ახლოს. დონეცკის აღმოსავლეთის სამ სოფელთან რუსული ძალები აძლიერებენ თავდასხმებს და უბიძგებენ უკრაინელებს დასავლეთისკენ გადაინაცვლონ. ოკუპანტები ზეწოლას ფრონტის სხვა ნაწილებზეც ახორეციელებენ, მათ შორის კრემინასა და კუპიანსკის მახლობლად, რომლებზეც კონტროლი უკრაინულმა ძალებმა 2022 წლის შემოდგომაზე აღადგინეს. უკრაინის სამხედრო სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ გაზარდეს თავდასხმის ჯგუფების რაოდენობა თავდასხმები ფოკუსირებულია ავდიივკას დასავლეთით, სადაც უკრაინულმა ძალებმა თავდაცვითი პოზიციები გაამაგრეს, რადგან არსებობს რუსული შეტევითი ოპერაციების ალბათობა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი სამხედრო პირები თავდაცვით ხაზებს სტაბილურად აძლიერებენ, სიტუაცია მაინც პრობლემურია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსეთს არა აქვს იმის რესურსი, რომ ავდიივკას შემდეგ სხვა ქალაქებიც აიღოს” - რა ვითარებაა ფრონტის ხაზზე.

“რუსული ძალები, სავარაუდოდ, განაგრძობენ წინსვლის მცდელობებს, რათა უკრაინულ ძალებს დასვენების საშუალება არ მისცენ. უკრაინა კი ცდილობს, რომ უფრო შეკრული და ძნელად შესაღწევი თავდაცვითი ხაზი ავდიივკას უშუალო სიახლოვეს შექმნას”,- წერს ომის შემსწავლელი ინსტიტუტი. ტავრიის ოპერატიული და სტრატეგიული ძალების ჯგუფის მეთაურმა გენერალმა ალექსანდრე ტარნავსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის ჯარები “მტკიცედ იკავებენ” თავდაცვით ხაზს, ხოლო რუსების ჯამურმა დანაკარგებმა დღის განმავლობაში 561 ადამიანი შეადგინა. მისი თქმით, ასევე განადგურდა შვიდი ტანკი, ცხრა საზენიტო იარაღი, ორი საარტილერიო სისტემა, ერთი საზენიტო მანქანა და 19 მანქანა. ვიცე პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ავდიივკას დაკავებით რუსეთი შეძლებს უკრაინას შეუქმნას პრობლემები დონეცკის მიმართულებით და ამ რეგიონის დაბრუნება დროში კიდევ უფორ გადავადდება. ბერიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ დონეცკი აღმოსავლეთ ფრონტის გრავიტაციის მიმართულების ცნეტრია, როგორც სამხრეთისთვის ყირიმი. ამიტომ ორივე მხარისთვის ავდიივკა მნიშვნელოვანი ქალაქია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მე არ ვფიქრობ, რომ რუსეთს ავდიივკას აღების შემდეგ აქვს კიდევ იმის რესურსი, რომ იმის იქით წავიდეს და სხვა ქალაქებიც აიღოს. ეს იქნება გრძელი და მომქანცველი ომი, რომელიც ნელი წინსვლით და მომქანცველი შეტევებით იქნება გაჯერებული. მე, მაგალითად უკრაინის კონტრშეტევასაც სერიოზულად ვერ განვიხილავდი, რადგან შეუძლებელია გადახვიდე მტერზე შეტევაზე, რომელიც რიცხობრივად სამჯერ მეტია შენზე. ახლა ამ ომში ორი მთავარი მიმართულებაა და ყველგან სრულიად სხვა სიტუაციაა. აღმოსავლეთ ფორნტზე სხვა და სამხრეთ ფრონტზე სრულიად სხვა. მთლიანობაში უკრაინა უნდა იყოს თავადცვაში. თუმცა, გარკვეულ მიმართულებებზე მოუწევს შეტევაზე გადასვლა. იგივეს აკეთებს რუსეთი. ამიტომ, სტრატეგიულად რომ ვთქვათ, რომელიმე მათგანი შეტევაში ან თავდაცვაში იმყოფება, სწორი არ გამოვა - მიმდინარეობს მაღალი ინტენსივობის ბრძოლები ყვალა მიმართულებაზე. მხოლოდ მაღალი ინტენსივობის ბრძოლით შეუძლია უკრაინას რუსეთის თავდაცვაში ბზარები შეიტანოს. ამით კი ისარგებლოს და რაღაცა ტერიტორიის ნაწილის დაკავება შეძლოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშამ ბერიძე.

“ასე რომ, კონტრშეტევის მოლოდინი, რომელიც დაიწყება და რუსებს გაყრიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან არასწორია“, - ამბობს ბერიძე. მისივე თქმით, სწორედ დიდი შეცდომა დაუშვა უკრაინამ, როდესაც ყველა მიმართულებაზე, ფრონტის ხაზზე შეტევა დაიწყო. პოლკოვნიკი ამბობს, რომ ამის რესურსი უკრაინას არ ჰქონდა. შექმნეს ფუჭი მოლოდინი, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. ამიტომ მოხდა ის რომ ეს კონტრშეტევა ჩავარდა და სიტუაცია კრიტიკული გახდა. “ახლა რუსები რასაც აკეთებენ, არის ასეთი ტაქტიკა, რომ სამხრეთის მიმართულებაზე ააფეთქეს ნოვოკახოვკას ხიდი, რის შემდეგაც არიან თავდაცვაში გადასულები. ხოლო აღმოსავლეთში, სადაც უფრო მეტი უპირატესობა აქვთ, ახორციელებენ შეტევას, მომქანცველ ბრძოლებს. საზარბაზნე ხორცის ფასად, რასაც ძალიან დიდი მსხვერპლი მოაქვს, ყოველ დღე სადღაც 50 მეტრს იკავებენ”, განმარტავს ბერიძე, რომლის თქმით, “ხან წინ მიდიან და ხან უკან, რაღაცა წარმატების ილუზიას ქმნიან”, - დასძენს გამოცემა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს