თინა ბოკუჩავა მდინარაძეს - ე.წ. „ფარას“ მიზანი, რომელიც აშშ-ში მიიღეს, იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლა, თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ე.წ. „ფარას“ მიზანი, რომელიც აშშ-ში ოცდაათიან წლებში მიიღეს, იყო რუსულ გავლენებთან ბრძოლა და ებრძოდნენ ავტოკრატიული ქვეყნების გავლენებს - თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, აშშ-ის ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არცერთი ორგანიზაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო მიზანში, კანონდარღვევასთან არ ასოცირდება.

„ე.წ. „ფარა“, რომელსაც თქვენ ციტირებთ და ძალიან არასწორად ციტირებთ, იქნა მიღებული იმიტომ, რომ რუსულ გავლენებს ებრძოდნენ და ავტოკრატიული ქვეყნების გავლენებს ებრძოდნენ, თქვენ კი ებრძვით ამერიკას, ევროპას და ებრძვით ქართველი ხალხის არჩევანს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ქართულმა ოცნებამ“ იერიში მიიტანა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც კანონიერად მუშაობენ და დაფინანსებას აშშ-დან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან იღებენ, რათა მოსახლეობის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობის, სოციალური უზრუნველყოფის, სამოქალაქო უფლებების, განათლების და სხვა სფეროებში სხვადასხვა აქტივობა განახორციელონ. ახლა განსხვავებას ხედავთ ფარასა და რუსულ კანონს შორის? ოცდაათიან წლებში მიღებული კანონი ებრძოდა ავტოკრატიული რეჟიმების გავლენას და არა ევროპულ გავლენას და ამერიკულს მითუმეტეს. „ფარას“ არანაირი საერთო არ აქვს იმ რუსულ კანონთან, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ და ეს არაერთხელ განმარტეს მათ შორის ამერიკის ელჩმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ისევე როგორც ერთმა ამერიკელმა იურისტმა, რომელიც 30 წელია საქართველოში ცხოვრობს. აშშ-ის ან ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არცერთი ორგანიზაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამოიღო მიზანში, კანონდარღვევასთან არ ასოცირდება. რაც შეეხება „ფარას“ და იმ პირებს და ორგანიზაციებს, რომელთა მიმართაც აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო „ფარას“ ფარგლებში სამართლებრივ დევნას იწყებს, ყველა მათგანი სერიოზული სისხლის სამართლის დანაშაულშია მხილებული. გასაგებია, რომ არ მისმენთ, რადგან არ გაინტერესებთ არც იურიდიული ანალიზი, არც არგუმენტი, არც აშშ-ს ელჩის მოსაზრება, არც სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრება, არც ამერიკელი იურისტების მოსაზრება და რაც მთავარია არ გაინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი, რომელმაც შარშანაც გითხრათ - არა რუსულ კანონს, კი ევროპას! და სწორედ ამან მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი და არა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ეს კობახიძემ თქვა მოსმენაზე.

ბატონო მამუკა, ადასტურებთ თუ არა, რომ პარალელი „ფარასთან“ არის სრულიად მცდარი და ეს არ არის ამერიკული კანონი, ეს არის რუსული კანონი, როგორც თავად ამერიკელებმა განგიმარტეს - კანონის მიხედვით, რომელსაც თქვენ დღეს წარადგენთ უცხოური გავლენების წყაროდ ასახელებთ ამერიკულ და ევროპულ ფულს, მილიარდობით დოლარს თუ ევროს, რაც დახმარების სახით შემოდის ჩვენს ქვეყანაში, რაც გრანტების სახით შემოდის ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებმა განახორციელონ პროექტები, რომელიც ჩვენს ქვეყანას და საქართველოს მოსახლეობას ძალიან ჭირდება. მაგალითად, ადასტურებთ თუ არა ბატონო მამუკა, რომ საერთაშორისო გრანტის სახით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ 2021 წელს შემოსულია 360 მილიონამდე ლარი? 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მსხვილ ორგანიზაციას, რომელსაც ციტირებთ თქვენ და ირაკლი კობახიძეც, 85 მილიონი ლარის პროექტები აქვთ განხორციელებულიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, იგივე პერიოდში 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფო ყოველ წელს 300-დან 400 მილიონამდე ლარის ოდენობის გრანტებს იღებს საერთაშორისო პარტნიორებისგან ანუ თითქმის 60-ჯერ მეტს, ვიდრე ყველზე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები ჯამურად, რატომ არ ითხოვთ სახელმწიფო უწყებების გამჭვირვალობას? და თუ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც 300-დან 400 მილიონამდე ლარს იღებენ საერთაშორისო პარტნიორებისგან ყოველწლიურად უცხოური გავლენის გამტარ აგენტებად არ ნათლავთ, რატომ ნათლავთ უცხოური გავლენის აგენტებად არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ამის 0.0025 პროცენტის ოდენობის დაფინანსებასაც კი არ იღებენ. მხოლოდ ეს ფაქტიც კი საკმარისია იმის დასანახად, რომ ამ კანონის მიზანი არ არის გამჭვირვალობა, რომ ამ კანონის მიზანი არის ერთის მხრივ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი, რომელიც ემსახურება ქართველ ხალხს, რომელიც ემსახურება მოწყვლად ჯგუფებს, როგორიც არის ძალადობის მსხვერპლი ქალები, სოციალურად დაუცველი ადამიანები,სიღარიბის მიღმა მცხოვრები ადამიანები. ამ ორგანიზაციებს შეუზღუდოთ საქმიანობა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ საბოტაჟირებით ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ბატონო მამუკა, ადასტურებთ თუ არა, რომ ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, თქვენ ბატონო ანრი, ნიკოლოზ სამხარაძე, გივი მიქანაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ბერაია, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ზარქუა, ხატია წილოსანი, ბექა დავითულიანი, მაია ბითაძე, რატიო იონათამაშვილი, სოზარ სუბარი და სხვები ერთ დროს ენჯეო სექტორში მუშაობდნენ და შესაბამისად, ამ კანონის განმარტებით, ყველა თქვენი თანაგუნდელი, მოქმედი პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე იმ დროს უცხოური ძალის ინტერესების გამტარი აგენტები იყვნენ. ადასტურებთ თუ არ ადასტურებთ,რომ მოქმედი მოქმედი პრემიერ მინისტრი, მოქმედი თავდაცვის მინისტრი, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე თქვენი რუსული კანონის განმარტებით იმ დროს უცხოური ძალის ინტერესების გამტარი აგენტები იყვნენ?

შეგიძლიათ საზოგადოებას გააცნოთ, რა კონკრეტული პროექტები ფინანსდება ამ უცხოური ფულით, რომელსაც თქვენ ებრძვით? ამ საერთაშორისო გრანტებით, დახმარებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, საქართველოს მეგობრებისგან, რომლებიც გადასახადების გადამხდელების ფულს იღებენ, აგზავნიან საქართველოში გრანტის სახით, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარონ და ამ დროს თქვენ გსურთ, რომ ჩაკეტოთ ეს დაფინანსება. შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ, რომ სწორედ ჩვენი საერთაშორისო მეგობრების მხარდაჭერით ფინანსდება მაგალითად - ამერიკის შეერთებული შტატების კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის დახმარებით, ნახევი მილიონი ლარი გამოიყო ჯვრის მონასტრის კონსერვაციისთვის? ასევე, შეგიძლიათ თუ არა დაადასტუროთ, რომ ევროპის განვითარების ბანკმა ერთი პროექტით დააფინანსა 25 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რაზეც ჯამში 20 მილიონ ევროზე მეტი გამოიყო. ამ კონკრეტული პროექტის მთავარი ამოცანა არის, რომ გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და პედაგოგთა სამუშო პირობები გაუმჯობესდეს და ალბათ, დამეთანხმებით, რომ ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საჭიროებები განსაკუთრებით იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც არის საჯარო სკოლებში, სადაც 10-დან 7 ბავშვი განიცდის ნაწილობრივ ან სრულ შიმშილს.

დაადასტურებთ თუ არა, რომ ევროკავშირმა მხოლოდ 2019 წელს საქართველოში 36 000-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი დააფინანსა? რის შემდეგაც 30 000 ახალი სამუშო ადგილი შეიქმნა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც სწორედ სამუშო ადგილების არ არსებობის და კატასტროფულად გაზრდილი ფასების გამო, ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ მიდის იძულებით ემიგრაციაში.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი შეხვდა ირაკლი კობახიძეს. თარჯიმანს ადანაშაულებდით [არასწორ თარგმანში] და მან ძალიან ცხადად განმარტა, რომ კრიტიკა ამ კანონის მიმართ ისეთივეა გერმანიის მხრიდან, როგორც იყო შარშან და შარშან გახსოვთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიციებიც და ქართველი ხალხის პოზიციაც, რომელმაც არაერთხელ გითხრათ - არა რუსულ კანონს, კი ევროპას! ამან მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი და 30 ევროპარლამენტარი ერთობლივ წერილს აქვეყნებს და ამბობს, რომ შესაძლებელია კანდიდატის სტატუსი დავკარგოთ, თუ თქვენ მიიღებთ ამ კანონს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ