რატი ბრეგაძე - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია - სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდის მუშაობა აღდგენილია.

მისივე თქმით, სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე შეტევა და მისი გათიშვა დანაშაულია.

„დანაშაულით ტკბობა და მისი სიხარულით და სიამაყით გაზიარება კი მინიმუმ სრული ამორალურობა.

იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდით სარგებლობს ბევრი ადამიანი, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა და იღებს მისთვის საჭირო ინფორმაციას. შესაბამისად ზიანი ადგება ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ტიპის გადაუდებელი აუცილებლობა”, - წერს რატი ბრეგაძე FACEBOOK-ზე.

ინფორმაციისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი 2 საათის განმავლობაში გათიშული იყო.

ამასთან, ჰაკერული ჯგუფი Anonymous X-ზე წერს, რომ იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდი მათ გათიშეს.

პირველ მაისს Anonymous-მა განაცხადა, რომ საქართველოში აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ.

„საქართველოში აქციის მონაწილეებს: მოვისმინეთ თქვენი თხოვნა დახმარებასთან დაკავშირებით. გადით ქუჩებში, თქვენ მარტო არ ხართ. Anonymous-ის წევრები დგანან თქვენთან ერთად და დაგეხმარებიან დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლაში. საქართველოს პოლიციას: აქციის მონაწილეებზე თავდასხმა გამოიწვევს ინფორმაციის გავრცელებას თქვენი ხელისუფლების ყველა ოფიციალური პირის შესახებ. ხელში ჩავიგდებთ თქვენს მონაცემთა ბაზებს და ელექტრონულ ფოსტებს და ინტერნეტში გავავრცელებთ. ეს თქვენი პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა“, - აღნიშნულია Anonymous-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელშია გამოქვეყნებული.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება