ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს

ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის, ბოტიჩელის, ტიციანის და სხვა დიდი იტალიელი მხატვრების ნამუშევრების შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი გამოფენას „ბერნინის სკოლა და რომაული ბაროკო“ მასპინძლობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოფენას სიტყვით გახსნიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი, ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.

„დამთვალიერებელი ბერნინისა და XVII საუკუნის სხვა იტალიელი ოსტატების შედევრებს იხილავს, რომლებიც დაცულია რომის მახლობლად მდებარე რომაული ბაროკოს მუზეუმში „პალაცო კიჯი ინ არიჩა“.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ნამუშევარი. მათ შორის: ფერწერული და გრაფიკული პორტრეტები, ავტოპორტრეტები, პეიზაჟები, სხვადასხვა ფრესკისთვის მოსამზადებელი ესკიზები, ბრინჯაოს მედლები, კედლის დეკორები - ტყავისა და აბრეშუმის საკიდები, დეკორატიული ლამპა და სხვა.

ნამუშევრები სრულყოფილად წარმოაჩენს სახვითი ხელოვნების იმ ჟანრებსა და სტილს, რომლებმაც ბაროკოს ესთეტიკა განსაზღვრა და, იმავდროულად, ჩამოაყალიბა კათოლიკური ეკლესიის, როგორც ზნეობრივი, ისე სულიერი საკომუნიკაციო სისტემა. ისტორიული, ალეგორიულ-რელიგიური და მითოლოგიური თემატიკის მომცველი ფერწერის გარდა, წარმოდგენილი იქნება სახასიათო ნიმუშები იმ ჟანრებისა, რომლებსაც აღნიშნული ეპოქის ქტიტორები ანიჭებდნენ უპირატესობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოფენას თან ახლავს სხვადასხვა ასაკისთვის განკუთვნილი საგანმანათლებლო პროგრამები და საჯარო ლექციები. გამოფენა 18:00 საათზე გაიხსნება.

ამასთან, დღეს 17:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში პირველ საჯარო ლექციას მუზეუმის „პალაცო კიჯი ინ არიჩა“ დირექტორი ფრანჩესკო პეტრუჩი გამართავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო