მამუკა მდინარაძე - ვალდებული ვართ, ქვეყანა ომში არ შევიდეს, ქაოსი არ იყოს და საქართველო პატარა პაიკი არ გახდეს, რომელსაც ადვილად გაწირავენ - ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის გეგმაა, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს. აღნიშნულით მან ოპოზიციის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებებს უპასუხა, რომლის მიხედვითაც, თუკი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„ასეთი ჯაჭვია მათი გეგმის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს და ამას მოჰყვეს არეულობა, ქაოსი, ამის შემდეგ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ და შემდეგ, თუ მიუსწრებენ და ომი არ დამთავრდება მათი გათვლით, ომში ჩაერთონ და ეს ქვეყანა გაწირონ სხვისი ინტერესებისთვის, ეს არის მათი გეგმა. ხალხის ინტერესების დასაცავად, მათი ინტერესების გასატარებლად არის ხელისუფლება არჩეული, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ყველა ვალდებული ვართ, რომ ხალხის ინტერესი დავიცვათ - ქვეყანა ომში არ შევიდეს, ქაოსი არ იყოს და ეს ქვეყანა ერთ-ერთი მოთამაშე, პატარა პაიკი არ გახდეს, რომელსაც ადვილად გაწირავენ. ეს არც ერთ ვარიანტში არ უნდა დავუშვებთ. სამწუხაროდ, ეს არის ჩვენი მოცემულობა. ამ მოცემულობას და გამოწვევებს ვუმკლავდებით და მომავალშიც გავუმკლავდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან, ასევე, 12 რეკომენდაციის შესრულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ იყო დამოკიდებული, ზედმიწევნით სრულდება.

„პრაქტიკულად ყველა პუნქტი, რომელიც აქამდე თეორიულადაც შესაძლებელი იყო შესრულებულიყო, შესრულებულია. ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებოდით, არ ვაპირებთ ვინმეს საბაბი მივცეთ საიმისოდ, რომ არშესრულებაზე ვალაპარაკოთ. თუ დეპოლარიზაციაზეა საუბარი, სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ხელისუფლებაზე არ არის დამოკიდებული. მეორე მხრიდან მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ მაინც მოვუწოდებთ, დეპოლარიზაციის პროცესში ჩაერთონ, რამდენადაც მათ ეს შეუძლიათ და მიღებული დავალებები ამის საშუალებას აძლევთ. რჩება რამდენიმე რეკომენდაცია, მაგალითად, იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა, რასაც ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. ყველა რეკომენდაცია, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ იყო დამოკიდებული, ზედმიწევნით სრულდება. ხაზგასმით ვიმეორებ, „ქართული ოცნება“ და ქართული სახელმწიფო, არავის საშუალებას არ მისცემს, საბაბად ჩვენ მიერ შეუსრულებელი რეკომენდაციები გამოიყენონ და კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ამ მოტივით თქვან უარი. რაც ჩვენზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერი გაკეთდება. სამწუხაროა, რომ ქვეყნის შიდა მტრებით და ქვეყნის გარეთაც სერიოზული მუშაობა მიდის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, რადგან ამაზეა მთელი მათი გეგმები აწყობილი“, - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა