ზაზა პაპუაშვილი - მზად ვართ ნებისმიერ ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავის გაქრობის ხარჯზე - ნურავის მოუვა აზრად, ჩვენი ქვეყნის დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება

მზად ვართ, ნებისმიერ ქვეყანასთან, ერთან მეგობრობისა და თანამშრომლობისთვის, ოღონდ არა საკუთარი თავისა და იდენტობის გაქრობის ხარჯზე - ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას და არა ომს, - ამის შესახებ მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა მოძრაობა „აი უცნობის“ ორგანიზებით რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებამ უარი უნდა უთხრას დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს.

„ჩვენ ვაერთიანებთ და არ ვყოფთ საზოგადოებას - ეს გზავნილია შინ თუ გარეთ. მოვდივართ, რათა ყველამ გაიგოს, რომ ვერ ვიხედნებით და ვერავის უნაგირს ვერ ვგუობთ. გვინდა სუფთა ვიყოთ საკუთარ სინდისთან და უპირობო პატივისცემა გამოვხატოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. მოგვიწევს ამის შეხსენება, რათა საქართველო მიიღონ და აღიარონ ისეთი, როგორიც ღმერთმა დალოცა და გააჩინა. ნურც ნურავის მოუვა აზრად, მისი დაკოდვა, გამოშიგვნა და გადასხვაფერება. ჩვენი ხალხი, ჩვენი საზოგადოება ითხოვს მშვიდობას, არა ომს. მოვდივართ იმიტომ, რომ ვუთხრათ „არა“ ფაშისტურ, ბოლშევიკურ, სადისტურ მისწრაფებებს, ქვეყნის არევას და დაპირისპირებას, ქვეყნის საქმეებში ჩარევას, დაუსაბუთებელ რეზოლუციებს და სანქციებს, დამცირებას და შეურაცხყოფას, მუდმივ რყევას და სიმშვიდის დასამარებას“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საზოგადოება გარიყული არ უნდა იყოს და ხალხმა ერთიანობით ყველას უნდა დაანახოს, რომ საკუთარი აზრი აქვს და პროტესტის გამოთქმა შეუძლია.

„არ შეიძლება საზოგადოება გარიყული იყოს რაღაც თემებიდან და ის ანგარიშგაწეული არ იყოს. არ შეიძლება გათიშულები და გაყუჩებულები ვიყოთ, როდესაც ძალიან ბევრი განსაცდელია ჩვენ წინაშე. ეს იყო ჩანაფიქრი, ამ ერთიანობით დავანახოთ, რომ ერი ვართ, ქვეყანა ვართ, ჩვენ პოზიცია გვაქვს, ჩვენი აზრი გვაქვს და შეგვიძლია, რაღაც თემებზე პროტესტიც გამოვთქვათ. წარმოუდგენელია, რომ ყველა ლაპარაკობს ჩვენი სახელით და ჩვენი სახელით ანგრევენ ამ ქვეყანას. სხვა ქვეყნის დიპლომატები თუ პოლიტიკოსები, ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობენ. სად არის, ძმაო, ქართველი ხალხი? ჩვენ ვართ და ჩვენ ვილაპარაკოთ. ჩვენს საწუხარს ჩვენ მოვუაროთ, რანაირად უნდა დამიგეგმო ამდენი უბედურება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ? ეს ცოტა მოტივაციაა, რის გამოც შეგვიძლია გამოვიდეთ და ვილაპარაკოთ? რასაკვირველია, ბევრ ფუნდამენტურ საკითხს აქ ვერ გადავწყვეტთ, მაგრამ გაკეთდება ისეთი აქცენტები, რამაც უნდა განაპირობოს ხვალინდელი დღე. ცვლილება უნდა გამოვიწვიოთ ქვეყანაში“, - განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა