ირაკლი კობახიძე - აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც უკრაინის საკითხის გარშემო წარიმართება - საქართველოს კანდიდატის სტატუსი ყველა შემთხვევაში უნდა მიენიჭოს

აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც უკრაინის საკითხის გარშემო წარიმართება. ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ევროკავშირსა და უნგრეთს შორის მოლაპარაკებებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ საქართველოს საკითხზე, მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გაიხსენა, რომ გასულ წელს საქართველოს სწორედ უკრაინის და მოლდოვისგან განსხვავებით არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.

„უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი. რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა გავლენა არ უნდა მოახდინონ საქართველოს საკითხზე, მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი. გახსოვთ, რომ შარშან უკრაინასა და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ეს არ გამხდარა საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოსაც მინიჭებოდა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო იყო ბევრად უფრო წინ ორივე ქვეყანასთან შედარებით შარშანაც, ისევე როგორც წელს. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც წარიმართება უკრაინის საკითხის გარშემო. ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი.

ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 14-15 დეკემბერს მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას. ის დისკუსიები, რომლებიც იმართება უნგრეთში ჩვენს პარტნიორებთან და კოლეგებთან, გვიმყარებს ამ რწმენას. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით“, - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ასევე უკრაინისა და მოლდოვის წარმატებაც, თუმცა, პირველ რიგში, ის საკუთარ წარმატებაზე ზრუნავს.

„რაც შეეხება ტრიოს საკითხს, ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მას მიენიჭება ეს სტატუსი. ჩვენ, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას მოლდოვას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ამასთან, უნგრეთში მიმდინარე ვიზიტის დეტალებზეც ისაუბრა.

„დღეს ვაგრძელებთ უნგრეთში ვიზიტს პარლამენტში შეხვედრებით, შევხვდით უკვე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, სადაც ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ბუნებრივია, საუბარი შეეხო ასევე კანდიდატის სტატუსის თემას. მივიღეთ ძალიან მყარი პირობა. რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ჩვენთვის ეს მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი უნგრეთის მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს