ირაკლი კობახიძე - გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო - სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს

გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურებაა.

„გილოცავთ კანდიდატის სტატუსს, გილოცავთ ჩვენს გამარჯვებას. გასული ორი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მრავალი სირთულე გამოიარა. გამოვიარეთ ურთულესი ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. თუმცა ქართულმა საზოგადოებამ გამოავლინა განსაკუთრებული გამოცდილება და სიბრძნე, რამაც ყველა სირთულის დაძლევის შესაძლებლობა მოგვცა. ტრადიციული ევროპული ღირებულებებია თავისუფლება, თანასწორობა და ღირსება. გასული ორი წლის მანძილზე საქართველო მოქმედებდა სწორედ როგორც თავისუფალი, თანასწორი და ღირსეული სახელმწიფო. სადაც აჩვენებ ღირსებას, მიიღებ ღირსეულ პასუხს.

ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველო ცალ ფეხზე დამდგარიყო, ჩვენ დავდექით მყარად ორ ფეხზე, და სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოს აქვს მშვიდობა, ქვეყანა მიიწევს წინ, და ახლა უკვე ქვეყანას მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

11 წლის წინ აქ, თავისუფლების მოედანზე, ბიძინა ივანიშვილმა საფუძველი ჩაუყარა ქართველი ხალხის ისტორიულ გამარჯვებას, რომელმაც საბჭოური ტიპის ავტორიტარიზმი ევროპული ტიპის დემოკრატიული და სამართლიანი მმართველობით ჩაანაცვლა. საქართველოს დღევანდელ ევროპულ წარმატებას სწორედ მაშინ ჩაეყარა მყარი საფუძველი.

ჩვენი დღევანდელი გამარჯვება პირველ რიგში არის ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება არის თითოეული თქვენგანის დამსახურება. დღევანდელ დღეს ვულოცავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველა თაობის წარმომადგენელს, ჩვენს საამაყო ახალგაზრდებს, ქართველ ემიგრანტებს, მადლობა თქვენ, ერთად დგომისთვის, ერთად ბრძოლისთვის და ჩვენი საერთო გამარჯვებისთვის.

მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტარებს, მინისტრებს, საჯარო მოხელეებს, რომელთაც უდიდესი შრომა გასწიეს ამ გამარჯვების მოსაპოვებლად. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, ევროპული საბჭოს და ევროკომისიის ლიდერებს, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს, რომლებიც გულშემატკივრობდნენ და მხარში ედგნენ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.

საქართველო არის ქრისტიანული კულტურის ქვეყანა და ჩვენ ვართ ევროპის განუყოფელი ნაწილი, საქართველო აუცილებლად დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს ევროპულ პოლიტიკურ ოჯახში, როგორც ძლიერი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო.

გილოცავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს