შალვა პაპუაშვილი სამუშაო პროცესში ჩართვაზე არასამთავრობოების მიმართვაზე - ნაკლებად მაქვს სალაპარაკო ამ ორგანიზაციებთან - ეს არის პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ „ენჯეოების“ მხრიდან

ნაკლებად მაქვს სალაპარაკო ამ ორგანიზაციებთან - ეს არის პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ „ენჯეოების“ მხრიდან, ამიტომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ ეს რადიკალიზმი და იმოქმედონ ახლა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც ისინი 9 რეკომენდაციის შესრულების ფარგლებში სამუშაო შეხვედრებში ჩართვას ითხოვენ.

პაპუაშვილის თქმით, თუ დონორები არ იმოქმედებენ, პროცესის დისკრედიტაციაში მათი წილი პასუხისმგებლობაც იქნება.

ამასთან, პაპუაშვილმა განცხადების ავტორი ორგანიზაციები ეროვნული პლატფორმის დატოვებასთან დაკავშირებითაც გააკრიტიკა და „რადიკალიზმი“ უწოდა მათ გადაწყვეტილებებს.

„ეს ორგანიზაციები წლებია ეროვნულ პლატფორმაში არიან, სადაც დეკემბერში იყო არჩევნები თავმჯდომარის. ამ ორგანიზაციების კანდიდატებმა არჩევნებში ვერ მოიპოვეს უმრავლესობის მხარდაჭერა ყრილობაზე თუ მსგავსი სახის ღონისძიებაზე, ამაზე გაბრაზდნენ და დატოვეს პლატფორმა. ეს გვაგონებს 2020 წლის არჩევნებს, როცა პარტიები გაბრაზდნენ, რომ მხარდაჭერა, რაც სურდათ, ვერ მოიპოვეს და პარლამენტში არ შემოდიოდნენ, გვაგონებს ასევე „ენჯეოების“ ქცევას, როცა ომბუდსმენის პოსტზე მათი კანდიდატი არ გავიდა და გაბრაზდნენ და ეწოდნენ პარლამენტის და ახლადარჩეული ომბუდსმენის დისკრედიტაციას. ეს არის ტიპური მაგალითი რადიკალიზაციის. როცა შედიხარ პლატფორმაში, პროცედურებს ეთანხმები, რადგან შედიხარ, არჩევნებში იღებ მონაწილეობას, აგებ, ბრაზდები, შენს სათამაშოებს ალაგებ, გადიხარ და ამბობ, რომ თუ მე არ ვიქნები აქ უფროსი, მაშინ არ გეთამაშები - ეს არის რადიკალიზმი.

ამ მომართვას რაც შეეხება, ვფიქრობ, ნაკლებად მაქვს სალაპარაკო ამ ორგანიზაციებთან. ახლა მნიშვნელოვანია ამ „ენჯეოების“ დონორები დაფიქრდნენ. ერთადერთი, ვისაც ანგარიშს უწევენ ეს „ენჯეოები“, არიან მათი დონორები. საინტერესო ფაქტორია, რომ არც საზოგადოებამ, არც პარლამენტმა არ იცოდა, მათ მიერ პლატფორმის დატოვების შესახებ მეც შემთხვევით გავიგე - შეხვედრამდე ერთი ორი დღით ადრე მომმართეს წერილით, სადაც თქვეს, რომ არ არიან პლატფორმის წევრები. აღმოჩნდა, რომ დონორებმა იცოდნენ პლატფორმის დატოვების თაობაზე. ესეც აჩვენებს, რომ თავს ანგარიშვალდებულად თვლიან არა საზოგადოების, არამედ დამფინანსებლების, დონორების წინაშე, ამიტომ ახლა მათი დონორების პასუხისმგებლობაა და აქვე უნდა მოხდეს ამაზე რეაგირება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის პროცესის დისკრედიტირების მცდელობა ამ ენჯეოების მხრიდან, ამიტომ მათი დონორების პასუხისმგებლობაა, შეაჩერონ ეს რადიკალიზმი და იმოქმედონ ახლა, სხვა შემთხვევაში, ამაში მათი წილი პასუხისმგებლობაც იქნება,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში ჩართვას კვლავ ითხოვს. „მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“; „საფარი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „ღია სივრცე კავკასია“; „უფლებები საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს