ოლეგ ბასილაშვილი იმედოვნებს, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა ისევ აღდგება

რუსეთში მოღვაწე, წარმოშობით ქართველი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი იმედოვნებს, რომ რუს და ქართველ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობა ისევ აღდგება.
ბასილაშვილმა ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ დღეს "რია ნოვოსტის" თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"პოლიტიკოსი არ ვარ და ჩემთვის რთულია იმაზე საუბარი, თუ რა პერსპექტივები აქვს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით, ერთად ვიქნებით არა ერთ სახელმწიფოში, არამედ ჩვენი განწყობით", - განაცხადა ოლეგ ბასილაშვილმა.
მსახიობმა ასევე გაიხსენა, რომ საბჭოთა კავშირის ერებიდან ყველაზე ახლო ურთიერთობა სწორედ ქართველებსა და რუსებს ჰქონდათ. "ამაზე ჩვენი პოეზიაც მეტყველებს. რუსი პოეტები, მათ შორის პასტერნაკი, ესენინი, მაიაკოვსკი სწორედ თბილისში ჩამოდიოდნენ", - განაცხადა მსახიობმა.
მან ასევე მიმართა ქართველ ჟურნალისტებს და განაცხადა, რომ მათზე ბევრად არის დამოკიდებული, თუ რამდენად შეიტყობენ ქართველები და რუსები ერთმანეთის შესახებ სიმართლეს.

























