~ქრისტიან-დემოკრატები~ ბიუჯეტში ცვლილებებს აკრიტიკებენ

~ქრისტიან-დემოკრატები~ ბიუჯეტში ცვლილებებს აკრიტიკებენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა ლალიაშვილმა განუცხადა, წარმოდგენილი ცვლილებები არაადეკვატურია იმ მოთხოვნების, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. მისივე თქმით, არ ფინანსდება არც ერთი ჯანდაცვის პროექტი.

~იმის ნაცვლად, რომ ჩვენ დავაფინანსოთ საზღვარგარეთ ჩვენი სათვისტომოები, საკვირაო სკოლები და კერები, გაუგებარ მანიპულირებას ვახდენთ გერმანიაში ჩვენი ერთი საელჩოს გაყიდვით და მეორის შეძენით, რისთვისაც 2 მილიონი ლარია კიდევ დამატებით გამოყოფილი~, - განაცხადა ლალიაშვილმა.

დეპუტატის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, ძირითადი ფული ციხეების მშენებლობაზე იხარჯება. ~ორი ახალი ციხე შენდება, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლებამ, რომელმაც 30 მაისის არჩევნების შემდეგ თავისი პოზიციები გაიმყარა, შეცვალა სლოგანი, რომელიც დღეს ასე ჟღერს - ~დასაპატიმრებელი კიდევ ბევრია~, - აღნიშნა ლალიაშვილმა.

სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება, მათ შორის, 150 მილიონი შემოსავლების ზრდას უკავშირდება, დანარჩენი კი გრანტებს. ბიუჯეტში ცვლილებებს პარლამენტი, სავარაუდოდ, 18 ივნისს, პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.