მაიკლ მაკფოლი - ჩვენი მიზანია, რუსეთი დავარწმუნოთ, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს

აშშ-ს მიზანია, დაარწმუნოს რუსეთი, რომ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჯარი გაიყვანოს .
ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, მაიკლ მაკფოლმა რუსეთის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
`ვაშინგტონმა უკვე სტუმარს არც ისე სასიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა. ხუთშაბათს დაგეგმილ შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები საქართველოს შესახებ იმსჯელებენ~, – იუწყება სააგენტო `იტარ-ტასი~.
`ობამას ადმინისტრაციას განზრახული აქვს, განიხილოს მოსკოვის მოქმედებები აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში. ჩვენი გრძელვადიანი მიზანია, დავარწმუნოთ რუსეთი, რომ ამ რეგიონებიდან თავისი ჯარი გაიყვანოს~, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ, თეთრ სახლში რუსეთის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს დირექტორმა, მაიკლ მაკფოლმა.
მისი თქმით, აშშ-მ არაერთხელ განაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთთან ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მისი ჯარის ყოფნის საკითხზე უთანხმოება აქვს. `ჩვენ დაინტერესებულნი ვართ აღნიშნულ რეგიონებში სტაბილურობით, დამკვირვებელთა მისიის გაფართოებით და გამჭვირვალობით იმისა, თუ რას აკეთებს იქ რუსეთი. ჩვენ შევეცდებით რუსეთს შევაგნებინოთ, რას ვაკეთებთ ქართულ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ჩარჩოებში~, - განაცხადა მაკფოლმა.
აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილე ნაციონალური უსაფრთხოების საკითხში ბენ როდსი კი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოებამ ვაშინგტონსა და მოსკოვს არსებითი პრობლემების გადაწყვეტაში ხელი არ უნდა შეუშალოს. `დიახ, ჩვენ გვაქვს რუსეთთან უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთის ყველა მეზობლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ ისეთ სფეროებში, რომლებიც მხარეების ინტერესებში თანაბრად შედის~.
როდსმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის იმ საკითხების ღია განხილვა, რომლებზეც მათ შორის უთანხომოებაა, `აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების გულწრფელ ურთიერთობებზე მიუთითებს~.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენ შევძლებთ რუსეთთან დიალოგი ვაწარმოოთ უსაფრთხოების საკითხებზე, ეს იქნება დიდი პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვანი საკითხი როგორც რუსეთისა და აშშ-ს, ასევე ჩვენი ევროპელი მოკავშირეების უსაფრთხოების გასაძლიერებლად~, - აღნიშნა მაკფოლმა.
დიმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გუშინ დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი გეგმავს, ამერიკელ პარტნიორებთან ინოვაციურ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილოს.

























