გორის მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა შეიმუშავეს

გორის მუნიციპალიტეტში აგრორისკების შემცირებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,,სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა"" შეიმუშავეს.

მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროგრამის ერთი ნაწილი, რომელიც გულისხმობს მოსახლეობისთვის ინფორმაციის სისტემატურად მიწოდებას ხეხილის წამლობის სქემების, ხეხილის დაავადებების გავრცელების პროგნოზისა და აგროტექნიკური ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობის შესახებ, უკვე მოქმედებს და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ 4000 - მდე დაინტერესებულ მეურნეს ემსახურება.

მომსახურებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ დაქირავებული საკონსულტაციო ფირმა ,,ახალი მამული - 2008". ფირმის წარმომადგენლები მოსახლეობას საჭირო ინფორმაციას ყოველკვირეულად აწვდიან სატელეფონო შეტყობინებების სახით ან თითოეულ სოფელში დამონტაჟებული სპეციალური საინფორმაციო დაფების საშუალებით, რომლებიც საერთაშორისო ორგანიზაცია UNHჩღ - ის დაფინანსებით დამზადდა.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მეორე მიმართულება გულისხმობს მუნიციპალიტეტის მიერ უფასო ლაბორატორიის მოწყობას, სადაც მოსახლეობას შეეძლება შეძენილი შხამ-ქიმიკატების ვარგისიანობის განსაზღვრა.

მუნიციპალიტეტში განმარტავენ, რომ ლაბორატორია, რომლის თაობაზეც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები დონორ ორგანიზაციებთან, სულ მალე შეიქმნება და ხელს შეუშლის ხეხილის შესაწამლი ფალსიფიცირებული პრეპარატების გავრცელებას.

,,ვფიქრობთ, რომ პროგრამამ რეალური შედეგები უნდა გამოიღოს, რადგან მისი შემუშავება მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან აქტიური კონსულტაციებისა და მათი პრობლემების გათვალისწინების საფუძველზე მოხდა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პრობლემას წარმოადგენს არა მოწეული მოსავლის გასაღება, არამედ უხარისხო პროდუქცია, რამაც შარშანდელი მოსავლის 80% შეადგინა. ამის მიზეზი კი არის როგორც ფალსიფიცირებული წამლები, ასევე მოსახლეობის არაინფორმირებულობა აგროვადების დაცვის, ხეხილის დაავადებების გავრცელების პერიოდებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. თუ მოსახლეობამ რაციონალურად გამოიყენა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია, პროგრამის განხორციელებით მივიღებთ გაზრდილ, ხარისხიან, კონკურენტუნარიან პროდუქციას. შედეგად გაუმჯობესდება მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც საბოლოო ჯამში მთლიანად მუნიციპალიტეტისათვის იქნება დადებითი ფისკალური ეფექტის მომტანი", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ.

სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 40 000 ლარი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული 40-45 ათასი საოჯახო მეურნეობის განვითარებას მოხმარდება.

პროგრამის ბენეფიციართა საერთო რაოდენობა 85 ათასს აღწევს, რაც მთელი მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 63%-ის ტოლია.