თემურ შაშიაშვილი ხელისუფლებას სპორტული ფედერაციის წარმატების იგნორირებაში ადანაშაულებს
პოლიტიკური მოძრაობა `თეთრების~ ლიდერი ხელისუფლებას სპორტული ფედერაციის წარმატების იგნორირებაში ადანაშაულებს.
როგორც `ინტერპრესნიუსს~ თემურ შაშიაშვილმა აცნობა, მოსკოვში საქართველოს მკლავჭიდელთა წარმატების ამსახველი ვიდეომასალა, რომელიც `თეთრებმა~ თავიანთ ვებ გვერდზე გამოაქვეყნეს, ქართულმა `სახელისუფლებო~ არხებმა არ გაავრცელეს.
`ხელისუფლებისათვის, რომელიც, ვედროებით ურიგებს ორდენებსა და მედლებს სპორტსმენებს ნებისმიერ შეჯიბრებაში საპრიზო ადგილის მოპოვებისათვის, მიუღებელი აღმოჩნდა იმ სპორტული ფედერაციის წარმატება, რომელსაც ოპოზიციონერი სოსო ჯაჭვლიანი ხელმძღვანელობს და რომელიც გოჩა ძასოხოვის ფინანსური დახმარებით გახდა შესაძლებელი~, - განაცხადა შაშიაშვილმა.
მისი თქმით, გოჩა ძასოხოვის გარეშე ქართველი სპორტსმენები ევროპის პირველობაზე წასვლას ვერ შეძლებდნენ, რომელშიც 30-მდე ქვეყნის მკლავჭიდელთა გუნდი მონაწილეობდა. ამასთან, შაშიაშვილის თქმით, პოლიტიკური მოძრაობა `თეთრები~ სოსო ჯაჭვლიანს შეჯიბრზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს და მადლობას უხდის "საქართველოს ხალხების ასამბლეის" პრეზიდენტს, გოჩა ძასოხოვს ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერისათვის.

























