თემურ იაკობაშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვისთვის ეფექტური მექანიზმები შეიქმნას
მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვისთვის ეფექტური მექანიზმები შეიქმნას.
ამის შესახებ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა ევროსაბჭოს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, არ არის საჭირო რომ ხორციელდებოდეს მონიტორინგი მხოლოდ მონიტორინგისთვის. "იმ ადამიანებმა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად აწვდიან ინფორმაციას მონიტორებს, უნდა იცოდნენ, რომ ამ ინფორმაციის მოწოდებას კონკრეტული შედეგი მოყვება და ეს არ იქნება მონიტორინგი მონიტორინგისთვის", – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.
მისივე თქმით, ადამიანის უფლებების დაცვა იყო დღევანდელ შეხვედრაზე ტორნბიორნ იაგლანდთან და ანტონიო მილოშლოვსკისთან შეხვედრის მთავარი თემა. მინისტრმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ის კონკრეტული პროექტები და მიმართულებები, რომელთა განხორციელებაშიც შეიძლება ევროსაბჭო ჩაერთოს. "ეს არის ხუთი ძირითადი მიმართულება, მათ შორის ჟურნალისტიკის, განათლების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების სფეროები და რაც მთავარია, ახლა უნდა შეიქმნას კონკრეტული პროექტები, იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს მათი უმოკლეს დროში შესრულება", – განაცხადა თემურ იაკობაშვილმა.

























