სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თბილისის სარაგბო ბაზებს სტუმრობს

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი თბილისის სარაგბო ბაზებს სტუმრობს

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი თბილისში მშენებარე სარაგბო ბაზებსა და მოედნებს სტუმრობს.

ლადო ვარძელაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ამ დროისთვის ბოგდან ხმელნიცკის #40-ში მდებარე "შევარდენის" რაგბის აკადემიაში იმყოფება, შემდეგ კი სარაჯიშვილის გამზირ 25-ში გადაინაცვლებს, სადაც "სინათლის" სავარჯიშო-სათამაშო ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს დაათვალიერებს.

"შევარდენის" რაგბის აკადემიაში უკვე დასრულებულია აკადემიის ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, სადაც ახალგაზრდა მორაგბეებისათვის თეორიული მეცადინეობები ჩატარდება, მზადყოფნაშია ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ბუნებრივსაფარიან მოედანზე კი დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე დამამთავრებელ ფაზაშია ტრიბუნების, სატრენაჟორო დარბაზის, გასახდელებისა და მსაჯთა ოთახების მშენებლობა და სხვადასხვა სახის ტექნიკური სამუშაოები. სამომავლოდ, ბაზაზე 50 კაცზე გათვლილი სასტუმროც აიგება. "შევარდენის" ბაზა აგვისტოს ბოლოს გაიხსნება და საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს მოემსახურება.

"სინათლის" სტადიონი "შევარდენის" ბაზის ანალოგიური იქნება, იმ განსხვავებით, რომ აქ აკადემიისა და სასტუმროს მშენებლობა არაა გეგმაში. "სინათლეზე" ხელოვნურსაფარიანი და ბუნებრივსაფარიანი მოედნები გაკეთდება, სადაც ახალი სარაგბო სეზონიდან საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მატჩები გაიმართება.