სკრაში ახალი საჭიდაო მოედანი გაიხსნება
სოფელ სკრაში დღეს ქართულ ჭიდაობაში სახელოვანი გორელი ფალავნების კობა კურტანიძისა და შოთა ჩოჩიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართება.
ტურნირს, რომლის ორგანიზატორი გორის მუნიციპალიტეტია, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი უშანგი ყურაშვილი, ვიცე-პრეზიდენტი იური იმერლიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი თემურ ხუბულური, დამსახურებული მწვრთნელი გურამ პაპიტაშვილი და ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტურნირზე იასპარეზებენ როგორც შიდა ქართლის, ასევე სხვა რეგიონების მოჭიდავეები. გამარჯვებულ ფალავნებს გუბერნატორი ფულად პრემიებს და სახელობით თასებს გადასცემს.
ქართული ჭიდაობის ტურნირი პირველი სპორტული ღონისძიებაა, რომლითაც სკრის ახლად აშენებული საჭიდაო მოედანი გაიხსნება. სოფელში, სადაც სახელოვანი ქართველი ფალავნები კობა კურტანიძე და შოთა ჩოჩიშვილი გაიზარდნენ, საჭიდაო მოედანი ბოლო 10 წლის განმავლობაში მოშლილი იყო და არ ფუნქციონირებდა.
ახალი მოედანი, რომელიც მუნიციპალიტეტის არქიტექტურის განყოფილებამ დააპროექტა, 14 მეტრი დიამეტრის 200 ადგილიანი წრიული გადახურული ნაგებობაა. ,,სკრისა და მიმდებარე სოფლების ახალგაზრდობას ახალი საჭიდაო მოედანი დამატებით სტიმულს მისცემს, დაკავდნენ ქართული ტრადიციული სპორტით და ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ. იმედია, ამ სოფელში კიდევ ბევრი სახელოვანი სპორტსმენი გაიზრდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტში.

























