ვიქტორ დოლიძე ქალაქის ბიუჯეტის დეცენტრალიზებას ითხოვს

ვიქტორ დოლიძე ქალაქის ბიუჯეტის დეცენტრალიზებას ითხოვს

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი ვიქტორ დოლიძე ქალაქის ბიუჯეტის დეცენტრალიზებას ითხოვს, - ამის შესახებ მან დღეს საკრებულოში, საფინანსო კომისიის სხდომაზე, ქალაქის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის მოსმენისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალაქის ბიუჯეტის 75%-მდე მოდის გრანტებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თბილისის ბიუჯეტი დეფიციტურია. ამის გამო ვიქტორ დოლიძეს მიაჩნია, რომ აუცილებელია ქალაქის ბიუჯეტის დეცენტრალიზება. მისი შეფასებით, ბიუჯეტი იმდენად ცენტრალიზებულია, რომ საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ვიქტორ დოლიძე ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 6 თვეში ბიუჯეტი 68 %-მდე უკვე გახარჯულია. იგი ინტერესდება, თუ რა ბედი ელის დარჩენილ 6 თვეში ქალაქის პროგრამებს. ამ კითხვაზე სახელისუფლო გუნდისგან მან მიიღო პასუხი, რომ პროგრამების შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და 68 %-ის გახარჯვა მხოლოდ იმის გამო ხდება, რომ შეიცვალა საბიუჯეტო კანონმდებლობა და ქალაქის მუნიციპალიტეტს ტენდერების გამოცხადება ნოემბერ-ოქტომბერშიც შეუძლია.

ამას გარდა, ვიქტორ დოლიძე პრეზიდენტისა და მერის სარეზევრო ფონდების საკითხითაც ინტერესდება და აცხადებს, რომ სარეზერვო ფონდებიდან 5-5 მილიონი უკვე სრულად არის გახარჯული. ამაზე მან ასევე მიიღო პასუხი, რომ სარეზერვო ფონდების გაზრდის შესაძლებლობა კიდევ არსებობს და დარჩენილ 6 თვეში ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.