საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ხვალ ბულგარეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ხვალ ბულგარეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის მატჩს ხვალ ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

ქართველი კალათბურთელები გამარჯვების შემთხვევაში ინარჩუნებენ თეორიულ შანსს, რომ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ, სამი ჯგუფიდან გამოვლენილ მეორეადგილოსნებიდან საუკეთესო ორ მეორეადგილოსანს შორის მოხვდნენ და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვონ.

თუ ასე არ მოხდა, საქართველოს ნაკრებს ჩემპიონატზე მოხვედრის ბოლო შანსი დამატებით ფლეიოფში, მომავალი წლის აგვისტოში ექნება.

დამატებით ფლეიოფში წლევანდელი შესარჩევი ციკლის ბოლო მეორეადგილოსანი, სამივე მესამეადგილოსანი და ორი საუკეთესო მეოთხეადგილოსანი (სულ 6 ნაკრები გუნდი) დაუპირისპირდება ერთმანეთს. გუნდები ორ სამეულად გაიყოფიან, მიმოსვლით მატჩებში ორ ფინალისტს გამოავლენენ, ფინალში გამარჯვეული კი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ხვალინდელი მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19.00 საათზე დაიწყება.