;“ქარვასლაში“ ხვალ მხატვარ ანა შალიკაშვილის ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება, რომელიც მხატვრის 90 წლისთავს ეძღვნება.
გამოფენის ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება როგორც ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები, ასევე მხატვრის პირადი ფოტოები, სიგელები და ქეთევან მაღალაშვილის მიერ შესრულებული ანა შალიკაშვილის პორტრეტი. ნაჩვენები იქნება რამდენიმე ნახატი ფილმი.
ანა შალიკაშვილი ერთ-ერთი პირველი ქალი-ანიმატორია. მისი მონაწილეობით შესრულდა ცნობილი ქართული მულტიპლიკაციური ფილმები: “ხელმარჯვე ოსტატი” (1957), “ჩხიკვთა ქორწილი” (1957), “უქნარა” (1958), “მტრობა” (1959), “წუნა და წრუწუნა” (1961), “ნახევარ-წიწილა” (1962) და ა.შ.
;მხატვარი წარმატებით მოღვაწეობდა ფერწერაში და იმ ცნობილი ქართველ მხატვართა ჯგუფის წევრი იყო, რომელშიც ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, უჩა ჯაფარიძე და სხვები შედიოდნენ.
ანა შალიკაშვილი 2004 წლის მარტში გარდაიცვალა. მისი ნამუშევრები დაცულია სხვადასხვა კერძო კოლექციებში.