ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩემი აზრით, მზადდება ნიადაგი “ოცნებაში” წამყვან პოზიციებზე სხვა ხალხის მოსვლისთვის”

შემობრუნება ცენტრალური აზიისკენ - რა დივიდენდებს მიიღებს საქართველო

მევლუდ მელაძე - “შავი წერტილები“ საქართველოს გზებზე ანუ როგორ ვუშველოთ სიკვდილიანობას?!

გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის პოზიციებს საქართველოზე

ვახტანგ კაპანაძე - “სად არის “უძლეველი” რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა?”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ჩემი აზრით, მზადდება ნიადაგი “ოცნებაში” წამყვან პოზიციებზე სხვა ხალხის მოსვლისთვის”

“შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება” - ცვლილებები “ნაციონალურ მოძრაობაში” ამის კლასიკური მაგალითია - ქართველი ხალხის დიდი ნაწილი “ნაციონალურ მოძრაობას” ხმას აღარ მისცემს. უმრავლესობისთვის ის მიუღებელია, ისევე როგორც “ქართული ოცნება” და ამას ნანუკა ჟორჟოლიანი თუ სხვა ვინმე ვერაფერს უშველის. ოპოზიციამ არჩევნები რომ მოიგოს აუცილებელია ახალი სახეები. აღარ შემიძლია ამათი ყურება! არაფერს ახალს არ ამბობენ, 15 წელია ერთსა და იმავეს ღეჭავენ. სირცხვილი არ არის, როცა ნუგზარ წიკლაური გვეუბნება, ჩვენ უნდა მოვიდეთ, რომ წამება მოისპოსო? თითქოს არ იყო გამოცხადებული ნულოვანი ტოლერანტობა... ამორალურია ეს, გადაიფურცლა ის ფურცელი, ახალი ფურცლით უნდა დავიწყოთ პოლიტიკური ცხოვრება. როცა აბსოლუტურად გაუსაძლისი გახდება ცხოვრება, ვფიქრობ, ახალი ადამიანები მაშინ გამოჩნდებიან. ეტყობა, ჯერ მოთმინების ფიალა არ არის ბოლომდე ავსებული”, - აცხადებს პოლიტოლოგი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით როდის შეძლებს ოპოზიცია არჩევნების მოგებას?!

“ხალხი ფიქრობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ხელისუფლებაში, მთავარია, მე ორი კაპიკი, ლუკმაპური ვიშოვო, ჩემს მეზობელთან ერთად თითო ჭიქა დავლიოო, ოღონდ ავიწყდებათ, რომ როცა თვრებიან, ერთმანეთს ხოცავენ. ეს არის ქართველი საზოგადოება. რა ვქნათ, ასეთები ვართ, ეს გვარგუნა წილად ბედმა და უფალმა. ძალიან წინააღმდეგობრივი ერი ვართ. არ გვინდა სამოქალაქო წესები დავიცვათ და კანონს ბოლომდე დავემორჩილოთ. აი, ეს არის ქართველი საზოგადოება - ერთმანეთს ვკლავთ და მოყვასის ნაცვლად, მტრები მოგვყავს ინვესტორებად... განსაკუთრებით მიკვირს იმ მოსამართლეების, რომლებსაც გამოაქვთ განაჩენები - არ ვიცი, არ უნდათ ამ საზოგადოებაში ცხოვრება? არ უნდათ მათმა შვილებმა საქართველოში იცხოვრონ? როგორ უნდა გამოიხედოს თვალებში იმ ადამიანმა, რომელმაც, მაგალითად, გოგი ჩახუნაშვილს ხუთი წელი მიუსაჯა? მისმა შვილებმა როგორ უნდა გამოყონ თავი საერთოდ საზოგადოებაში? თან რა ახალგაზრდები არიან, თუმცა უკვე კონფორმისტებად ჩამოყალიბებულები მხოლოდ დღევანდელი ცხოვრებით ცხოვრობენ და ხვალინდელ დღეზე არ ფიქრობენ. როგორ შეიძლება ასე ცხოვრობდე, არ მესმის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“გავიგე, რომ პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებენ, მაგრამ ნუთუ სულ არ შერჩათ სინდისის ძაფი? აქვე უნდა ვთქვა, რომ ასეთია რამდენიმე მოსამართლე, რომლებსაც სპეციალურად აძლევენ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს - დააკვირდით, სულ ერთი და იგივე გვარ-სახელები გვესმის... არადა, ბევრ იურისტს ვიცნობ, მათ შორის მოსამართლეებსაც, რომლებიც წესიერი ხალხია... ამგვარი გადაწყვეტილებებით მთავრობა საზოგადოების მეტ პოლარიზაციაზე მიდის იმიტომ, რომ “ქართული ოცნების” საარსებო სივრცე დანაწევრებული და გათიშული საზოგადოებაა. როგორც კი ცოტა მშვიდდება ვითარება და რაღაც ხდება, რაც საზოგადოებას აერთიანებს, მაშინვე იგონებენ რაღაცას, რომ ადამიანები გათიშონ და ერთმანეთს დააპირისპირონ. მხოლოდ ამაზე დგას “ქართული ოცნება”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი.

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩემთვის მოულოდნელი აბსოლუტურად არაფერი ყოფილა. ორი ხისტი პოზიცია ერთმანეთს ეჯახება. ევროკავშირიც საკმაოდ ბიუროკრატიული ორგანიზაციაა, მიმაჩნია, რომ იქ რომ დღეს უკეთესი დიპლომატები და პოლიტიკოსები იყვნენ, აქამდე აიძულებდნენ “ქართულ ოცნებას” წაეღო უკან ეს იდიოტური კანონები, რომლებიც ბოლო ხანს მიიღეს. შეძლებდნენ საერთო ენის გამონახვას... პოლიტიკაში ულტიმატუმებით ლაპარაკი არ შეიძლება. ნებისმიერი ულტიმატუმი, ძირითადად, კონფლიქტამდე მიდის. თუმცა, იმასაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი არ მიდის რადიკალურ ნაბიჯებზე და მთელ ქვეყანას არ უუქმებს უვიზო მიმოსვლას. საქმე ისაა, რომ მას სჭირდება საქართველო და მისი მოქალაქეები. არ შეიძლება ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაღვივება. თუ ნიჰილიზმი გაღვივდა, მორჩა, შეუქცევადი პროცესები დატრიალდება”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ჩვენი ხელისუფლების ორმაგი სტანდარტის რიტორიკაზეც მინდა გკითხოთ...” - პასუხობს:

“ჩემი აზრით, მზადდება ნიადაგი “ქართულ ოცნებაში” წამყვან პოზიციებზე სხვა ხალხის მოსვლისთვის, თან ამ წინააღმდეგობრივი განცხადებებით მაგალითს იღებენ ტრამპისგან. როგორც ის არაფერს ერიდება - დილით ერთს ამბობს და საღამოს მეორეს - ესენიც ასე არიან… და ჰგონიათ, ყველაფერი გაუვათ. შეიძლება ევროკავშირი ძალიან მოუქნელია, მაგრამ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფასეულობებზეა დაფუძნებული. სტრატეგიულად, იმისთვის, რომ ხარისხობრივად და თვისებრივად შეიცვალოს მიდგომა და განახლდეს დიალოგი ევროსტრუქტურებთან, საჭიროა საქართველოს ხელისუფლებაში სხვა ხალხის მოსვლა და ჩემი აზრით, ამაზე ფიქრი უკვე დაწყებული აქვს გურუს. ვფიქრობ, რაღაც მომენტში შეიძლება თვითონაც დაბრუნდეს ხელისუფლებაში”.

შემობრუნება ცენტრალური აზიისკენ - რა დივიდენდებს მიიღებს საქართველო

“საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიიდან ტვირთების დასავლეთში ტრანსპორტირების ერთგვარ ჰაბად იქცეს, რაც მას ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოუტანს - ასე აფასებს უცხოური მედია საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ აქტივობასა და მის გახშირებულ კონტაქტებს ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან. ბოლო პერიოდში შუა დერეფნის განვითარებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციები აქტიურად მართავენ შეხვედრებს ყაზახეთის, ყირგიზეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის ოფიციალურ პირებთან. 21 ივნისს, საქართველომ და ტაჯიკეთმა ხელი მოაწერეს დოკუმენტების პაკეტს, რომელიც მოიცავს ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს. მხარეები მხარს უჭერენ ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის რეგულარული პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სწრაფ დამყარებას და მზად არიან, ერთობლივად შეიმუშაონ და განახორციელონ პროექტები ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროებში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შემობრუნება ცენტრალური აზიისკენ - რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს საქართველო.

“როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო შავ ზღვასთან 7 ქვეყანას აკავშირებს და შესაბამისად, დასავლეთის სივრცესთან სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება მნიშვნელოვანია. “ცოტა ხნის წინ გვქონდა ვიზიტი ყირგიზეთში, მალე გვექნება ვიზიტი ყაზახეთში, ივლისის თვეში საქართველოში ჩამოდიან უზბეკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განვითარებას... საქართველო ბევრად უფრო წინ წავა საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის ათვისების თვალსაზრისით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი”, - თქვა კობახიძემ. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებით ცდილობს გარკვეული ბენეფიტები მიიღოს, ხოლო საქართველოს დაახლოებას შუა აზიის ქვეყნებთან გლობალური მოთამაშეების მხრიდან უარყოფითი რეაქცია არ უნდა მოჰყვეს. ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის აზრით კი ეს იმის დასტურია, რომ “ოცნებას” სხვა გზა აღარ აქვს, გარდა ავტორიტარულ ქვეყნებთან დაახლოებისა, თუმცა დიდ ქვეყნებს ამაზე მკვეთრი რეაქცია წესით არ უნდა ჰქონდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ეს არის მრავალვექტორული პოლიტიკის მატერიალიზაცია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვართ მიბმული მარტო ევროკავშირზე და ვცდილობთ კავშირები გავაფართოოთ და ის ურთიერთობები დავავამყაროთ, რაც ქვეყნისთვის კარგი იქნება. ეს ქვეყანას დაეხმარება ეკონომიკური უსაფართხოების სარტყლის შექმნაში იმ პირობებში, როცა ევროპასთან ფინანსურ-ეკონომიკურ ურთიერთობები მინიმუმადეა დასული და შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს. აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით გააქტიურება ამითაც არის გამოწვეული. მეორეც, მოდით მხედველობაში მივიღოთ ის, რომ საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი რგოლია, ამიტომ ეს ფაქტორიც ხელს უწყობს, რომ საქართველო ცდილობს შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას. ეს ცენტრალური აზიის ქვეყნები ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამერიკისა და ევროპისთვის, ასევე ჩინეთისთვის. როგორც ჩანს, საქართველოსაც სურს ამ პროცესში ჩაერთოს და ის ბენეფიტები მიიღოს, რაც შეიძლება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“არ მგონია რუსეთის პოზიცია უარყოფითი იყოს. არც იმას ვფიქრობ, რომ ამერიკის პოზიცია იქნება უარყოფითი, რადგან თვითონ ტრამპს ჰყავდა დაბარებული ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს ლიდერები და მათთან მთელ რიგ შეთანხმებებს მიაღწიეს როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. ბოლო პერიოდში ჩინეთში ჩავიდნენ მაკრონი, მერცი და სხვები, რომლებმაც სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეთანხმებები გააფორმეს. თუკი მათ შეუძლიათ ამის გაკეთება, ჩვენ რატომ გვეკრძალება?! ამაზე ჩვენს ევროპელ პარტნიორებს პასუხი არ აქვთ. არა მგონია რაღაც უარყოფითი რეაცქციები ჰქონდეთ დიდ სახელმწიფოებს”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“საქართველოს ასეთი გააქტიურებიდან მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება - საქართველოს ხელისუფლება ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს ავტორიტარულ ქვეყნებთან. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ საქართველოს ეაქტიურა იმ ფონზე, როცა დასავლეთთანაც საკმაოდ აქტიური ურთიერთობა გვექნებოდა, მაგრამ რადგან დასავლეთში აღარ ჩაგვესვლება, “ოცნება” ცდილობს საგარეო აქტიურობის ფონი შექმნას და ამისთვის შუა აზიის ქვეყნები გამოიყენა. თავისთავად ეკონომიკური და გნებავთ სხვა სახის ურთიერთობები ამ რესპუბლიკებთან ძალიან კარგია, მაგრამ რა ვითარებაცაა დღეს, აშკარაა, რომ ავტორიტარისკენ მიდრეკილებაა. შუა აზიის ნებისმიერი ქვეყანა “ოცნებას” არ ჰკითხავდა ირღვევა თუ არა ქვეყანაში ადამიანის უფლებები, როგორია არჩევნების საქმე...” - გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ამაზე რუსეთის პოზიცია ძალიან რბილი იქნება, რადგან თურქმენეთის გარდა, რუსეთს ყველასთან მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ჩინეთისთვის ძალიან კარგი იქნება, რადგან მისთვის შუა დერეფანი თუ საინტერესოა, ეს იმას ნიშნავს, რომ შუა აზიის ქვეყნები ამ დერეფნის ნაწილია და თუ ამ ქვეყნებთან საქართველო ურთიერთობებს ალაგებს, ჩინეთისთვის ცუდი ნამდვილად არაა. რაც შეეხება ამერიკას, არ მგონია მას რაღაც პრობლემები შეექმნას, რადგან როგორც დასავლეთის, ისე ამერიკის ურთიერთობები საქართველოსთან უკვე ჩამოყალიბებულია. შუა დერეფანი თუ ამუშავდება და ამაში საქართველო ჩაერთვება, ამერიკისთვის მაინც და მაინც პრობლემა არ უნდა იყოს. ტვირთები, რომელიც შუა აზიიდან წამოვა, შესაძლოა თავისუფლად გადამისამართდეს ზანგეზურის მიმართულებით, თუ ამერიკა მოონდომებს. ამიტომ არ მგონია ამერიკისთვის პრობლემური იყო, მით უმეტეს ამერიკას არა, მაგრამ თურქეთს შუა აზიის ქვეყნებთან კარგი ურთიერთობა აქვს, თურქეთი კი ნატოს წევრი ქვეყანაა”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

მევლუდ მელაძე - “შავი წერტილები“ საქართველოს გზებზე ანუ როგორ ვუშველოთ სიკვდილიანობას?!

“ტენდერი რომ გამოცხადდა, ეს ნიშნავს, რომ უკვე შესწავლილია ადგილები. უბრალოდ, მაინტერესებს, ვინ შეისწავლა, როგორ. ჩვენთან, სპეციალისტებთან, კონსულტაცია არ ყოფილა. ოფიციალურ ინფორმაციაში წერია, რომ 32 ლოკაციაა იდენტიფიცირებული. როცა რამე ინფრასტრუქტურა კეთდება, თუნდაც დამცავი რაღაცები ან ახალი შენობები, საგზაო უსაფრთხოება უნდა იყოს განხილული იმ კუთხით, რომ ამას რამე არ მოჰყვეს ისეთი, რაც მერე ამ ადგილს შავ წერტილად აქცევს. ეს ნიშნავს, რომ იმ ადგილას შეიძლება დაიღუპოს ადამიანი. ნებისმიერ ადგილზე, როცა საგზაო შემთხვევები ხდება, ის მყისიერად საჭიროებს რეაგირებას და არ უნდა ვაქციოთ ის ადგილი შავ წერტილად. ეს დეტალები წინასწარ უნდა განჭვრიტო, სპეციალისტების მოვალეობაა ეს გააანალიზონ”, - აცხადებს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “შავი წერტილები“ საქართველოში ანუ როგორ ვუშველოთ გზებზე სიკვდილიანობას?!

“რადგან საქმეში თავიდანვე არ იყვნენ სპეციალისტები ჩართული, ამიტომაც შეიქმნა შავი წერტილები. მაგალითად, ავჭალაში ველობილიკისთვის გზა გაკეთდა, სურათი ჩამიგდო ვიღაცამ და მაშინვე ვუთხარი, რომ პირველივე დაღამებულზე უამრავ მანქანას მოსძვრება საბურავი-მეთქი და ზუსტად ისე მოხდა. არ იყო რთული იმის განჭვრეტა, რომ იქ პრობლემა შეიქმნებოდა. ამ საკითხებზე მსჯელობა რომ არ მიდის, სწორედ ამიტომ ვიღებთ ასეთ შავ წერტილებს... იმედია, სპეციალისტები ამჯერად მაინც იყვნენ ჩართული საქმეში. თბილისში პრობლემა ორივე სანაპიროზეა. ფაქტობრივად, მთელი სანაპირო შავ წერტილად იქცა და უამრავი ადგილია, სადაც უმძიმესი ფატალური შემთხვევები ხდება. ბორდიურიც რომ იყოს, შემხვედრზე გადასვლა რომ არ მოხდეს, ესეც კარგი იქნება, რადგან ფატალური შემთხვევების უმეტესობა შემხვედრ ზოლზე გადასული და შეჯახებული ავტომობილების ბრალია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მევლუდ მელაძე.

“მე არა ვარ სიჩქარის კლების მომხრე, მაგრამ მიმაჩნია, რომ მტკვრის სანაპიროზე 70კმ/ს სიჩქარე მაღალია. რეალურად 85 კმ-ის დაშვებას ისედაც აკეთებს ეს დაწესებული სიჩქარე და კიდევ თუ ვიღაცა ცოტასაც მოიპარავს, უკვე სადღაც 100 კმ-ით წავა, ეს კი ძალიან მაღალი სიჩქარეა სანაპიროსთვის, ქალაქის ცენტრისთვის, დიდი ალბათობაა ავარიების. ვიღაც ნელა მოძრაობს, შემხვედრზე მალე გადადის, ან გაძრომის მანევრს ასრულებს, კარგავს მართვას და ხდება შეჯახებებიც. მტკვარში გადავარდნის არაერთი შემთხვევაც გვქონდა იმ დროს, როცა სანაპირო ჯებირები გაკეთდა, რადგან არ იყო გათვლილი იმაზე, რომ ის შეჯახებას გაუძლებდა და ავტომობილი არ აღმოჩნდებოდა მტკვარში. ხეებიც პრობლემაა. ხესთან შეჯახება ნიშნავს სასიკვდილო შეჯახებას, ხე ყველაზე რთული ობიექტია, რომელსაც შეიძლება შეეჯახო, ყველაზე მეტად აზიანებს სასიცოცხლო სივრცეს ავტომობილებში. ასეთი შავი წერტილი ბევრია ქალაქში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაგალითად, ბათუმისკენ მიმავალი გზაც თავიდან ბოლომდე შეიძლება შავად მოინიშნოს, რადგან იმ სისტემით, როგორითაც ის გაწყობილია - ერთი ზოლი იქით, ერთი ზოლი აქეთ - დიდი საფრთხის შემცველია. როცა ავტომობილით მოძრაობ და გზა ავტობანის სიმულაციას აკეთებს, ავტომაგისტრალს ჰგავს. სინამდვილეში კი მაგისტრალი არ არის. ავტომობილების მძღოლებს აქვთ იმისკენ მიდრეკილება, რომ ცოტა უფრო ტემპში იარონ, ამ დროს შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს ნელა, გამოდის, გადასწრების შემთხვევაში შემხვედრზე გადადიხარ. რთულია სიჩქარის გათვლა, იმიტომ, რომ გლუვი მოსახვევებია, რაც ხილულს არ ხდის შემხვედრ მანქანას და შეჯახება ხდება. ამიტომაც მოხდა არაერთი ფატალური შემთხვევა ბათუმის გზაზე. ამას როგორ უნდა უშველო ტენდერებით. თუ მეორე ზოლს არ გააკეთებ, ბათუმის მონაკვეთს როგორ უშველი, რომ ავტობანი ავტობანად იქცეს? ავტომაგისტრალი ნიშნავს, რომ შუაში უნდა იყოს გამიჯნული, შემხვედრი ერთმანეთს არ უნდა ეჯახებოდეს”, - განმარტავს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

“უნდა ამაღლდეს მოქალაქეთა ცნობიერება. იღებენ მართვის მოწმობებს, მაგრამ მათი ცოდნა არ არის საკმარისი, რადგან არ არსებობს დღემდე არც ინსტრუქტორების ლიცენზირება, არც გადამზადება. ნებისმიერს შეუძლია გახსნას სკოლა. სტატისტიკას თუ გადახედავთ, ბევრი ახალგაზრდა სწორედ გამოცდილების უქონლობის გამოც იღუპება. მართვის მოწმობის ასაღებ პროგრამაში არც ერთი პუნქტი არ არის, სადაც აქცენტი კეთდება მოტოციკლეტზე, მოპედზე. ბილეთებში არის ჩანახატი, სადაც მოტოციკლეტიც გამოჩნდება ხოლმე, სხვა მხრივ პრაქტიკულ ნაწილში არაფერია. მოტოციკლეტისა და მოპედის მომრავლება გზების გადატვირთულობამაც განაპირობა. მძღოლებს ძალიან აღიზიანებთ, როცა მანქანებს შორის ვიღაცა მოპედით ან მოტოციკლეტით გამოჩნდება და ამ ტრანსპორტის თავისებურებიდან გამომდინარე, წინსვლის პრივილეგიით სარგებლობს. მძღოლები, უბრალოდ, ვერ აღიქვამენ ამ ტრანსპორტს”, - დასძენს მელაძე და შეკითხვაზე - “32 ლოკაციაზე გამოცხადდა ტენდერი, ეს საკმარისია პრობლემის აღმოსაფხვრელად?” - პასუხობს:

“ცოტაა, თუმცა სულ არაფერს ჯობია. საინტერესოა, როგორია პროექტი და როგორ აპირებენ კონკრეტულ ადგილებზე პრობლემის მოგვარებას”.

გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის პოზიციებს საქართველოზე

“თუ აქამდე მმართველი პარტიისთვის ევროპარლამენტის რეზოლუციებს “ჩალის ფასი” არ ჰქონდა, ახლა “ოცნებისთვის” ერთი თეთრი და ევროცენტიც კი არ ღირს დოკუმენტი. უმრავლესობის დეპუტატების თქმით, ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული არაერთი განცხადება და რეზოლუცია რეალური გავლენისა და ქმედითი მექანიზმების გარეშეა დარჩენილი. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირი დგას ცივილიზაციური უფსკრულის წინაშე და აუცილებელია, რომ ევროკავშირის მასშტაბით რეალური ევროპა და ევროპულობა დაბრუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მიზანი, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა” - გაითვალისწინებს თუ არა ევროპული საბჭო ევროპარლამენტის პოზიციებს საქართველოზე.

“ევროპარლამენტის თუ ევროკავშირის მასშტაბით მიღებულ განცხადებებს და რეზოლუციებს ერთი თეთრის, ერთი ევროცენტის ფასიც კი აღარ აქვს უკვე. ამ გადაწყვეტილებების რაოდენობაც კი იმაზე მეტყველებს, რომ არავითარი ქმედითი მექანიზმი, საშუალება და ბუნება ამ ყველაფერს არ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენჯერ ასეთი განცხადებების გაკეთება მათ არ მოუწევდათ. მათი მიზანი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევაა - ამ ფონზე კი სცადონ შემდეგ სხვის დაკრულზე მოცეკვავე ადამიანებმა, გარე მმართველობა დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველაფერი არ გამოსდით, მიუხედავად ხუთჯერ რევოლუციური მოქმედებების, ხელისუფლების დამხობისა და გარე მმართველობის ჩამოყალიბების მცდელობისა - მიუხედავად ათჯერ დამარცხებისა, უბრალოდ იმ გამოუვალ მდგომარეობაში არიან, რასაც ვხედავთ”, - განაცხადა გორდულაძემ. ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები და განცხადებები მხოლოდ მოსახლეობის მღელვარებისთვისაა და ფასი არ აქვს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი თვლის, რომ ევროკავშირის საბჭო გადაწყვეტილებებს ძირითადად ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე იღებს, შესაბამისად, ევროპარლამენტის რეზოლუციები ამ მხრივ დიდი მნიშვნელობისაა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს მიმართ უკვე მერამდენე რეზოლუციაა? იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში დამანგრეველი ომი მიდის და უპირველეს ყოვლისა ევროპისთვის, ახლა იცლიან და თითქმის ყოველ კვირას იღებენ რეზოლუციას საქართველოზე. ეგ იმ ევრობიუროკრატიის მცდელობაა, რომ რამენაირად თავი გადაირჩინონ, ეს ომი დიდხანს გაწელონ, რადგან მისი დასრულების შემდეგ, ძალიან კარგად იციან, რომ მათი საქმე გადაწყვეტილია. სრულიად ვეთანხმები ბატონ არჩილს, როდესაც ლაპარაკობს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაში მღელვარების გამოსაწვევადაა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამდენი წლის განმავლობაში იმდენად დაბრძენდა, რომ იმ იაფფასიან რეზოლუციებს და განცხადებებს აინუნშიც არ აგდებს”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.

“ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო და არასავალდებულო ხასიათისაა და ამიტომაც ქედმაღლურად საუბრობენ, მაგრამ მეორეს მხრივ, ევროპარლამენტი წარუდგენს რეკომენდაციებს უკვე აღმასრულებელ სტრუქტურებს, მათ შორის უმაღლეს ორგანოს ევროპულ საბჭოს. ევროპული საბჭო ძირითადად გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტის რეზოლუციების საფუძველზე იღებს, მათ შორის თუნდაც ის, რომ ჩვენ 2023 წლის 14 დეკემბერს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა - ეს ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე იყო მიღებული ევროპული საბჭოს მიერ. ახლა, ამ რეზოლუციაში მოყვანილი საკითხები შეიძლება გაითვალისწინონ ევროკავშირის აღმასრულებელმა სტრუქტურებმა და საბოლოოდ ევროსაბჭომ დაამტკიცოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

ვახტანგ კაპანაძე - “სად არის “უძლეველი” რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა?”

“სად არის სახელგანთქმული უძლეველი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა? საუბარია ბირთვულ სახელმწიფოზე, რომელიც სცენარულ ვარიანტში მაინც დაცული უნდა იყოს მოწინააღმდეგის ასევე ბირთვული დარტყმებისაგან. დღეს კი რას ვხედავთ: მოსკოვის გარშემო, თუ არ ვცდები, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის 5 სარტყელია. პაროდიაა კრემლის ქონგურებზე ტყვიამფრქვევიანი ჯარისკაცები, აღარაფერს ვამბობ საზენიტო დანადგარებზე, რომლებიც მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე დადგეს, მანამდე კი სხვადასხვა ტიპის რაკეტების და ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების მთელი რგოლი მოსკოვის გარშემო. საოცარია, რომ ასე ადვილად იბომბება მოსკოვი, თორემ ის, რომ ამხელა ტერიტორიაზე რუსები ყველაფერს ვერ განათავსებენ, ფაქტია. დაზიანებული და განადგურებული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებების აღდგენა მარტივად არ ხდება, ვინაიდან რთული სისტემაა, რომელიც მაღალტექნოლოგიებს მოითხოვს”, - აცხადებს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “სად არის სახელგანთქმული უძლეველი რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა?”

“უკრაინელები მაქსიმალურად ცდილობენ დაარტყან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებს. 100 დრონიდან 90-95 თუ ჩამოაგდეს, 5 დრონი ხომ მაინც მოხვდება მიზანს და ამის შედეგია ის, რომ მოსკოვის ცენტრიდან 15 თუ 11 კმ-ში ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შავ კვამლშია გახვეული. ფაქტია, უკრაინელებს შეუძლიათ დღეში 300-400 დრონი გაუშვან, ისინი ამას ახერხებენ... რაც შეეხება დიდი შვიდეულის ქვეყნების გადაწყვეტილებას დაეხმარონ უკრაინას, საუბარია არა მარტო რაკეტსაწინააღმდეგო, არამედ შორი მოქმედების დარტმით საშუალებებსა და წარმოებაზეც. ეს არა მხოლოდ დრონებია, არამედ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები. ახლახან უკრაინამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შექმნა შორი მანძილის ბალისტიკური რაკეტა. ფრთოსან რაკეტასთან შედარებით, ბალისტიკური ძალიან რთული კონსტრუქციისაა, მაგრამ ეფექტიანი. მოსკოვზე დარტყმები არის უკრაინელების სისტემური მოქმედება, ე.წ. პროექტი თუ პროგრამა, ლოჯისტიკის ლოკდაუნის შემადგენელი ნაწილი. ამით უკრაინელები მაქსიმალურად შლიან რუსების ლოჯისტიკურ უზრუნველყოფას, მათ შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ნავთობსაცავებზე დარტყმა, რათა საწვავის მნიშვნელოვანი მარაგი შეუმციროს რუსეთს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“დარტყმების პროგრამაში ჩადებულია კასკადური ეფექტის კონცეფცია, ანუ ერთმა ზარალმა უნდა გამოიწვიოს მეორე, სტრატეგიული ობიექტის განადგურება, ლოჯისტიკური, საწვავით მომარაგების მოშლა, ასევე რუსეთის საწვავით ფულის მიღების შეზღუდვა, რაც მას ომის გასაგრძელებლად სჭირდება. ფსიქოლოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია რუსებმა იგრძნონ, რომ ომი მიუბრუნდათ სახლში. და ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პუტინი აიძულონ დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. უკრაინასთან დასავლეთია, რომელიც მარტო არ ტოვებს რუსეთთან. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, სანამ მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, ორივე მხარე ცდილობს “კოზირებით” მივიდნენ მაგიდასთან, ორივეს მყარი არგუმენტები ჰქონდეს. ამ შემთხვევაში გაცილებით მყარი არგუმენტები აქვს უკრაინას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ამავე დროს, ამ დაპირისპირებაში უკრაინას მხარში უდგას 500-მილიონიანი ევროპა თავისი პოტენცია­ლით (ამას დავუმატოთ 300-მილიონიანი ამერიკაც) და ვინ უდგას რუსეთს უკან? - ჩრდილოეთი კორეა, ირანს კი თავისი გასჭირვებია. ჩინეთი რუსეთის სიტუაციური მოკავშირეა და სულაც არ სჭირდება ძლიერი რუსეთი, დასუსტებული და მასზე ჩამოკიდებული აწყობს. ვერ გეტყვით, პუტინის თავში რა მოიხარშება. სლავების მთავარ სიწმინდეს, კიევ-პეჩორის ლავრას რომ დაარტყამ, რაზეა ლაპარაკი? მთელი რუსული სუბკულტურა თავისი შანსონით, ანეკდოტებით და ფილმებით დამთავრებული, აგებული იყო ოდესაზე და ახლა რუსეთი უმოწყალოდ ბომბავს ოდესას. ეს ბარბაროსობა რუსეთისთვის, პუტინის ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია - მე თუ არა, არც არავინ - ასეთი პრინციპია. ამავე დროს რუსეთი ყირიმს კარგავს, ის ბლოკადაშია, ყირიმში მოსახლეობა შავ დღეშია. ტურისტული სეზონის ჩავარდნას ვინ ჩივის, ჭირს საწვავის, პროდუქტის, საკვების მიწოდება, აბსოლუტურად ყოველღამ დრონების წუილია”, - ამბობს გენერალ-მაიორი და შეკითხვაზე - “როგორც კი რუსეთი ჩიხში შედის, პუტინი მაშინვე ბირთვულ მუქარაზე გადადის. მართლა არის სტრატეგიული ან ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამომყენებელი?” - “პასუხობს:

“ეჭვი მეპარება. მეორე საკითხია, რამდენად ქმედითია ეს იარაღი, ვინაიდან ბირთვულ იარაღს ბევრი პროცედურის ჩატარება, შენახვისა და ტექნოლოგიური მოვლის წესები სჭირდება. არ ვიცი, ამას რუსები რამდენად რეგულარულად აკეთებენ, იმიტომ, რომ ბევრ შემთხვევაში რუსების ცდები და ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული სწავლებები წარმატებული არ აღმოჩნდა”.

“პროგრამა “მიდლ სტრაიკი” ანუ საშუალო სიღრმეზე დარტყმები კი მტკივნეულად მიდის, რადგან მომარაგება, მთელი ლოჯისტიკა, როტაცია და ა.შ განთავსებულია ამ ე.წ. შუალედურ რგოლში. დივიზიის იქნება, კორპუსის თუ საარმიო ზურგი, ეს ის სიღრმეა, სადაც ეფექტიანია აქტიურად გამოყენებული ამერიკული “ჰორნეტები” (ამერიკული დრონები, რომელიც ამერიკამ უკრაინას მიაწოდა), ის არცთუ ისე ძვირია და ჩახშობის შემთხვევაში დამოუკიდებლად შეუძლია სატელიტური კავშირის გარეშე გააგრძელოს მოქმედება, თვითონ აღმოაჩინოს და დააზიანოს მიზანი. უპილოტო სისტემების სარდლის, მეტსახელად “მადიარის” განმარტებით, ყირიმი უახლოეს მომავალში მთლიანად იქნება ბლოკირებული და ამ გზებზე მიწოდების სისტემების თუ სატვირთოების განადგურება ისეთივე ადვილია, როგორც “მინდორში გნოლებზე ნადირობა", - დასძენს ვახტანგ კაპანაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
ერთდროულად ორი - ფრანგული და ქართული დიპლომი ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის
5-წლიანი გარანტია 100%-იანი ანაზღაურებით: Duracell-ის ექსკლუზიური პირობა
საქართველო, როგორც „მანჩესტერ სიტისა“ და ცენტრალური აზიის ფეხბურთს შორის პარტნიორობის დამაკავშირებელი ხიდი
„ჯი-თი მოტორსმა“ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი დანერგა
როგორ ეუფლებიან ქართველი სტუდენტები ყველაზე მოთხოვნად პროფესიას - გზა კოლეჯიდან დიდ წარმოებამდე
„თელავგაზი“ თელავის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლისთვის გაზის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს